რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინამ ოკუპირებულ ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდზე 50 რუსულ სამხედრო მანქანას დაარტყა

Telegram

უკრაინამ 11 ივნისს დაადასტურა, რომ იერიშის შედეგად რუსეთის მიერ ოკუპირებულ არმიანსკის ხიდზე, რომელიც ყირიმს დანარჩენ უკრაინასთან აკავშირებს, 50 სამხედრო მანქანას დაარტყეს. ამის შესახებ ინფორმაცია 1-ელმა ცალკეულმა მოიერიშე პოლკმა "და ვინჩიმ" გაავრცელა. 

"და ვინჩის" პოლკის მიხედვით, დარტყმის შედეგად ხიდი აღარ ფუნქციონირებს: "მტრის მნიშვნელოვანი ლოჯისტიკური მარშრუტი სრულად პარალიზებულია".

გამოცემა Suspilne-სთან საუბრისას პოლკის მეთაურმა, დმიტრი "პერუნ" ფილატოვმა განაცხადა, რომ მანამდე, 9 ივნისს, უკრაინამ ჩონჰარის ხიდს დაარტყა და სერიოზულად დააზიანა, რის გამოც მასზე სატვირთოები და მსუბუქი მანქანები ვეღარ გადაადგილდებოდნენ. 

ამის შემდეგ რუსეთმა ლოჯისტიკური მარშრუტი შეცვალა და სატვირთოები არმიანსკისკენ გადაამისამართა, თუმცა, უკრაინამ ამ მიმართულებაზე ხიდებს იმ ღამესვე დაარტყა. 

"იმის გამო, რომ ჩონჰარის ხიდი დაზიანებული იყო, მტერმა სამხედრო ტვირთის მქონე დიდი ოდენობის სატვირთოებს მოუყარა თავი, რომლებიც არმიანსკის გავლით გადაადგილდებოდნენ. შესაბამისად, იერიშის დროს ჩვენ დავარტყით სატვირთოებს, რომლებსაც საწვავი და საბრძოლო მასალები გადაჰქონდათ. იქ დაახლოებით 50 მანქანა იყო და ზოგიერთ მათგანი გავანადგურეთ." – აღნიშნა ფილატოვმა. 

ცნობისთვის, უკრაინამ ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ ლოჯისტიკურ ხაზებსა და საწვავის მოსამარაგებელ მარშრუტებზე იერიშები გააძლიერა, რის გამოც მაისიდან მოყოლებული ყირიმში საწვავის რაციონებით გაცემა დაიწყო. 

ამ ფონზე პარალელურად, უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ "მადიარ" ბროვდიმ განაცხადა, რომ მისი მიზანი ოკუპირებული ყირიმის რუსეთისგან იზოლაციაში მოქცევაა, რაც ბროვდის თქმით, "ახლო მომავალში" მოხდება.

ივნისის დასაწყისში უკრაინის არმიამ ასევე განაცხადა, რომ უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალების მე-3 პოლკის დრონების პილოტებმა საჰაერო კონტროლი დაამყარეს რუსული ძალების მომარაგებისთვის განკუთვნილ სახმელეთო მარშრუტზე, რომელიც ოკუპირებულ ყირიმს უკავშირდება. უკრაინის სამხრეთში მდებარე ჩონჰარის მარშრუტი, რომელიც ყირიმს უკავშირდება, რუსეთის მიერ ოკუპირებული 2014 შემდეგ იმყოფება.

ამას გარდა, 10 ივნისს უკრაინის ეროვნული გვარდიის 1-ელმა კორპუსმა "აზოვი" განაცხადა, რომ უკრაინულმა ძალებმა მწყობრიდან გამოიყვანეს რუსეთის მიერ ოკუპირებული მარიუპოლის პორტი, რის გამოც ობიექტი სამხედრო ლოჯისტიკური მიზნებისთვის გამოუსადეგარი გახდა.

კომენტარები