რუსეთი-სომხეთი

ლავროვი: ОДКБ-ში 2-წლიანი დავალიანების გამო სომხეთის მიმართ შემზღუდავ ზომებს განვიხილავთ

სერგეი ლავროვი
AP

კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) წევრი სახელმწიფოები შეთანხმდნენ, რომ სომხეთის მიერ საწევრო შენატანის არ გადახდის გამო ქვეყნის მიმართ ორგანიზაციაში შემზღუდავი ზომების მიღების შესაძლებლობას განიხილავენ. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ОДКБ-ს საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"7 ივნისს, სწორედ სომხეთში არჩევნების დღეს, ჩემმა კოლეგამ, არარატ მირზოიანმა, ОДКБ-ს საკითხზე დასმულ კითხვას ასე უპასუხა: 'ჩვენ საწევრო შენატანებს არ ვიხდით, რადგან ფაქტობრივად ორგანიზაციის საქმიანობაში არ ვმონაწილეობთ'. [...] რა უნდა გაკეთდეს ამ ვითარებაში, დღეს სწორედ ეს განვიხილეთ.

სომხეთს უკვე ორ წელზე მეტია ОДКБ-ს ბიუჯეტის წინაშე დავალიანება აქვს. ეს არის სიტუაცია, რომელიც კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წესდებით არის გათვალისწინებული. დღეს შევთანხმდით, რომ განვიხილავთ ОДКБ-ს წესდების შესაბამისი მუხლის ამოქმედებას" - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, ОДКБ-ს წესდების 25-ე მუხლის თანახმად, თუ წევრი სახელმწიფო ორი წლის განმავლობაში არ გადაიხდის ორგანიზაციის ბიუჯეტის წინაშე არსებული დავალიანებას, ორგანიზაციის საბჭოს შეუძლია ამ სახელმწიფოს მოქალაქეებს ორგანიზაციაში კვოტირებულ თანამდებობებზე კანდიდატების წარდგენის უფლება შეუჩეროს და ასევე ქვეყანას ორგანიზაციის შიგნით ხმის მიცემის უფლება ჩამოართვას მანამ, სანამ დავალიანება სრულად არ იქნება დაფარული.

კომენტარები