დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

დონბასის მარიონეტულმა რეჟიმებმა პუტინს უკრაინის წინააღმდეგ სამხედრო დახმარება სთხოვეს

დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების ხელმძღვანელებმა, დენის პუშილინმა და ლეონიდ პასეჩნიკმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს მიმართეს თხოვნით, დაეხმარონ "უკრაინის შეიარაღებული ძალების აგრესიის მოგერიებაში", რათა თავიდან აიცილონ "მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი და დონბასში ჰუმანიტარული კატასტროფის საფრთხე". 

ამის შესახებ ჟურნალისტებს პუტინის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა განუცხადა. 

"რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის სახელზე მოვიდა თხოვნის წერილი ლუგანსკის სამხედრო რესპუბლიკის ხელმძღვანელის, ლეონიდ პასეჩნიკისა და დონეცკის სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის, დენის პუშილინის მხრიდან. ხსენებული რესპუბლიკების ხელმძღვანელები პირადად თავისი და მათი ხალხის სახელით კიდევ ერთხელ გამოხატავენ თავიანთი მადლიერებას რუსეთის პრეზიდენტის მიმართ მათი სახელმწიფოების აღიარების გამო". – თქვა პესკოვმა. 

რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის ცნობით, უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების მარიონეტმა ხელმძღვანელებმა კრემლს დასახმარებლად რესპუბლიკებსა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ორმხრივი დახმარების შესახებ შეთანხმების მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე მიმართეს. 

"ორი რესპუბლიკის ხელმძღვანელი არსებული სიტუაციიდან გამომდინარე და იმ მიზნით, რომ არ დაუშვან მშვიდობიან მოქალაქეებში მსხვერპლი და ჰუმანიტარული კატასტროფა, მეგობრობის, თანამშრომლობისა და ორმხრივი დახმარების შესახებ შეთანხმების მე-3 და მე-4 მუხლების საფუძველზე სთხოვენ რუსეთის პრეზიდენტს, გაუწიონ დახმარება უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და ფორმირებების მოსაგერიებლად". – ამბობს პესკოვი. 


21 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა აღიარა უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობა. მოგვიანებით პუტინმა რუსეთის შეიარაღებულ ძალებს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მშვიდობის უზრუნველყოფის ბრძანება მისცა. ბრძანება გამომდინარეობს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გაფორმებული ხელშეკრულებებიდან, რომელთა მიხედვით, რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დონბასში მშვიდობა უნდა უზრუნველყონ. 

რუსეთის მიერ უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების, დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ სახალხო რესპუბლიკების აღიარების შემდეგ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა რუსეთს ახალი სანქციები დაუწესა. პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, სანქციები დაუწესეს ორ ყველაზე დიდ ფინანსურ ინსტიტუციას – VEB-ს და სამხედრო ბანკს. ასევე, "ყოვლისმომცველი სანქციები" დაწესდა რუსეთის სუვერენულ ვალზე. 

22 თებერვალს აშშ-ს გარდა რუსეთს სანქციები დაუწესა დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმაც. ევროკავშირის სანქციები რუსეთის დუმის 351 დეპუტატს, 27 ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, დიდი ბრიტანეთის კი 5 ბანკს და სამ მილიარდერს. გერმანია კი ჩრდილოეთის ნაკადი 2-ის მილსადენის ამოქმედებას აჩერებს. რუსეთს სანქციებს უწესებს იაპონია და კანადაც. 

უკრაინის საზღვრებთან 100 000-ზე მეტი რუსი სამხედროს განლაგებისა და თავდასხმის საფრთხის ფონზე, დონბასში სიტუაცია 17 თებერვლიდან დაიძაბა. პრორუსი სეპარატისტული ძალები პროვოკაციებს განაგრძობენ. მათი მხრიდან სროლები გრძელდება, რასაც ამ დრომდე 2 უკრაინელის სიცოცხლე ემსხვერპლა. პარალელურად გააქტიურებულია რუსული სამთავრობო მედიების პროპაგანდა და მოვლენებთან დაკავშირებით დეზინფორმაციას ავრცელებენ. მარიონეტულმა სეპარატისტულმა დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. რესპუბლიკებმა მასობრივი ევაკუაცია გამოაცხადეს.

18 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა თქვა, რომ რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინაში მომდევნო დღეებში შეიჭრებიან და სამიზნე ქვეყნის დედაქალაქი, კიევი იქნება. დონბასში არსებული დაძაბულობის ფონზე, ბელარუსი-რუსეთის ერთობლივი წვრთნები, რომლებიც 20 თებერვალს უნდა დაწყებულიყო, უვადოდ გახანგრძლივდა.

კომენტარები