10 ივნისს ტაივანის არმიამ ჩინეთის მიმართულებით ამერიკული HIMARS-ის სარაკეტო სისტემები გამოცადა, რისი მიზანიც, ერთი მხრივ, ძალისა და სიმტკიცის დემონსტრირება, ხოლო, მეორე მხრივ, ჩინეთის მხრიდან შესაძლო თავდასხმის მოგერიების უნარების ჩვენება იყო.
ტაივანს HIMARS-ები წარსულშიც ჰქონდა გამოცდილი, თუმცა, წლევანდელი წვრთნები პირველი შემთხვევა იყო, როცა რაკეტები ტაივანის სრუტის მიმართულებით გაუშვეს, რომელიც ტაივანს ჩინეთისგან აცალკევებს.
"მტრის სახით არსებული საფრთხიდან გამომდინარე, ჩვენ ურყევი სიმტკიცით გავაგრძელებთ HIMARS-ებით წვრთნებს, რათა, როგორც ქვეყნის ყველაზე ძლიერმა ძალებმა, ტაივანი დავიცვათ." – განაცხადა ტაივანის არმიის სერჟანტმა, ვანგ მინგ ხუეიმ.
მოგვიანებით ტაივანის ეროვნული თავდაცვის სამინისტრომ HIMARS-ების გამოცდის ვიდეოც გაავრცელა:
გამოცდის ფარგლებში ტაივანის არმიამ HIMARS-ის სისტემის მეშვეობით 32 რაკეტა გაუშვა დასავლეთ სანაპიროს მიმართულებით, რომელიც, თავდასხმის შემთხვევაში, ჩინური ძალების პოტენციურ სადესანტო წერტილად ითვლება.



