რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რა არის SWIFT და რა გავლენა ექნება რუსეთის გარიცხვას საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკაზე 

რუსეთ-უკრაინის 2022 წლის ომი

რა არის SWIFT და რა გავლენა ექნება რუსეთის გარიცხვას საქართველოსა და რუსეთის ეკონომიკაზე 

რუსული სამხედრო ძალების უკრაინაში შეჭრას და პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის მიერ 24 თებერვალს ომის დაწყებას დასავლეთის მხრიდან მწვავე რეაქცია მოჰყვა, "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" დაწყებიდან რამდენიმე საათში აშშ-მ და მოკავშირეებმა რუსეთს რიგი სანქციები დაუწესეს, თუმცა ჯერაც გრძელდება მსჯელობა იმის შესახებ, გამოიყენებს თუ არა დასავლეთი "ბირთვულ იარაღად" წოდებულ სანქციას - რუსეთის მსოფლიო ბანკთაშორისი ფინანსური სისტემიდან, SWIFT-დან გარიცხვას.

რა არის SWIFT ?

Society for Worldwide Interbank Financial Telecommunication (SWIFT) ბელგიაში 1973 წელს დაარსდა და ის მსოფლიოს მასშტაბით 11 000-მდე საფინანსო ინსტიტუტს, ბანკს, საბროკეროს და ორგანიზაციას აერთიანებს. SWIFT-ის ძირითადი დანიშნულება ბანკთაშორისი კომუნიკაციის უზრუნველყოფაა, მას მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფო იყენებს და მისი საშუალებით ყოველდღიურად 40 მილიონზე მეტი ტრანზაქცია ხორციელდება. 

ამჟამად SWIFT-ის პირდაპირი ალტერნატივა არ არსებობს, მისი წინამორბედი - TELEX კი აწ უკვე მოძველებულ ტელეგრაფულ ტექნოლოგიაზე იყო დაფუძნებული, რომელიც დაბალი სიჩქარით, შეზღუდული შესაძლებლობებით და უსაფრთხოების სისტემების არქონით გამოირჩეოდა, თანამედროვე სამყაროში საერთაშორისო ტრანზაქციების TELEX-ის საშუალებით განხორციელება პრაქტიკულად შეუძლებელია. 

SWIFT ყოველდღიურად აქტიურად გამოიყენება საერთაშორისო ვაჭრობასა და გადარიცხვებში, რაც მას გლობალური ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილად აქცევს. სახელმწიფოს SWIFT-ის სისტემიდან გაძევება, ფაქტობრივად, მის გლობალური ეკონომიკიდან მოკვეთას გულისხმობს, თუმცა აუცილებლად გასათვალისწინებელია, თუ რამდენად მჭიდროდაა ინტეგრირებული აღნიშნული სახელმწიფო საერთაშორისო ვაჭრობაში, რამდენად დიდია მისი ეკონომიკური შესაძლებლობები და რამდენადაა მსოფლიო თავად მასზე დამოკიდებული.

რა გავლენა ექნება SWIFT-დან გარიცხვას რუსეთის ეკონომიკაზე 

მოკლევადიან პერსპექტივაში, SWIFT-დან რუსეთის გარიცხვას მის ეკონომიკასა და საფინანსო ბაზარზე უაღრესად ნეგატიური გავლენა ექნება. სავარაუდოდ, ეროვნული ვალუტა, რუბლი რეკორდულად გაუფასურდება, რუსეთის საფონდო ბირჟაზე კომპანიების აქციების ფასები მკვეთრად დაეცემა, რუსი მილიარდერების, ოლიგარქების, პოლიტიკოსებისა და გავლენიანი პირების ქონება კი მოკლე პერიოდში არნახული ტემპით შემცირდება. 

რაც შეეხება გავლენას რუსეთის ეკონომიკაზე, საერთაშორისო საფინანსო სისტემიდან მოწყვეტა პრაქტიკულად შეუძლებელს გახდის ფულადი გზავნილების განხორციელებას, მნიშვნელოვნად გართულება საგარეო ვაჭრობა, რადგან რუსეთი ექსპორტ-იმპორტის განხორციელებისათვის საჭირო სისტემის მიღმა აღმოჩნდება. 

რუსეთის ყოფილი ფინანსთა მინისტრის, ალექსეი კუდრინის ვარაუდით, რუსეთის SWIFT-დან გაძევება ქვეყნის ეკონომიკის 5%-ით შემცირებას გამოიწვევს, რაც მნიშვნელოვნად აჭარბებს პანდემიურ პერიოდში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) შემცირების მაჩვენებელსაც კი. 

აღსანიშნავია, რომ 2012 წელს აშშ-მ და ევროკავშირმა SWIFT-ის სისტემიდან გააძევეს ირანული ბანკები, თუმცა ამ ქმედებას არ მოჰყოლია ისეთი დამანგრეველი შედეგები, როგორსაც ექსპერტები რუსეთთან მიმართებით ვარაუდობენ, რაც ირანსა და რუსეთს შორის არსებული განსხვავებებით აიხსნება. პირველ რიგში, ირანი იმდენად არ არის ინტეგრირებული საერთაშორისო ეკონომიკასა და გლობალურ ვაჭრობაში, რამდენადაც რუსეთი, შესაბამისად, მასზე SWIFT-დან მოწყვეტით მიყენებული ზარალი გაცილებით ნაკლებია, რაც რუსეთის შემთხვევაში შეიძლება ვიხილოთ. გარდა ამისა, 2012 წელს ირანის საბანკო სექტორზე უკვე იყო დაწესებული სანქციების უდიდესი ნაწილი. ამ მოცემულობების გათვალისწინებით, ირანის შემთხვევაში SWIFT-დან გარიცხვამ ვერ მოგვცა ის შედეგი, რომელსაც შეიძლება "ბირთვული იარაღი" ვუწოდოთ. 

გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთს და მის სავაჭრო პარტნიორ ქვეყნებს მოუწევთ SWIFT-ის ალტერნატივის შექმნა, რადგან საგადასახადო სისტემის გარეშე მათი ეკონომიკური ურთიერთობის გაგრძელება შეუძლებელი იქნება, რუსეთის საერთაშორისო ვაჭრობიდან სრული მოწყვეტა კი არარეალისტურია, ამას ევროკავშირის რუსეთზე ენერგოდამოკიდებულების მაჩვენებელიც ცხადყოფს.

საგულისხმოა, რომ 2014 წლიდან რუსეთი აქტიურად მუშაობს SWIFT-ის ალტერნატივის, SPFS-ის შექმნასა და განვითარებაზე. ამჟამად SPFS-ს გარკვეული ტექნიკური შეზღუდვები აქვს და შესაძლებლობებით საგრძნობლად ჩამოუვარდება SWIFT-ის სისტემას, თუმცა არსებული ხარვეზების გამოსწორება და SPFS-ის დახვეწა ნამდვილად არ არის შეუძლებელია და, სავარაუდოა, რომ SWIFT-დან გარიცხვის შემთხვევაში, რუსეთი სწორედ ამ სისტემაზე გადაერთოს, რომელიც ამჟამად, ძირითადად, შიდა ტრანზაქციებისთვის გამოიყენება და მასში მონაწილეობას მხოლოდ 400 ბანკი იღებს. 

SWIFT-ის ალტერნატივის შექმნაზე მუშაობს ჩინეთიც, რომელმაც 2015 წელს ქსელში გაუშვა საკუთარი საერთაშორისო საბანკო სისტემა - CIPS. რუსული SPFS-ის და ჩინური CIPS-ს შექმნა იმაზე მიუთითებს, რომ რუსეთისა თუ ჩინეთისათვის SWIFT-დან გარიცხვის შესაძლებლობა არ არის წარმოუდგენელი და ისინი, გარკვეულწილად, ემზადებიან კიდეც ამ მოვლენისთვის.

ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, SWIFT-დან გარიცხვა გადაჭარბებულადაა შეფასებული და ის სულაც არ წარმოადგენს "ბირთვულ იარაღს", რადგან მისი ჩანაცვლება შესაძლებელია.

გრძელვადიან პერსპექტივაში, რუსეთის ეკონომიკა ადაპტირდება დაწესებულ სანქციებთან და შეიქმნება ისეთი მეთოდები, რომელთა საშუალებითაც შესაძლებელი იქნება შეზღუდვების მაქსიმალურად გვერდის ავლა, SWIFT-ის ალტერნატივის შექმნაც სწორედ ამ მეთოდთაგანია. 


გავლენა საქართველოს ეკონომიკაზე 

რუსეთი საქართველოს რიგით მეორე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანაა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წელს რუსეთთან სავაჭრო ბრუნვამ 1.63 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც საერთო ბრუნვის 11.4%-ს შეადგენს. ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების საერთო მოცულობით რუსეთი პირველ ადგილზეა, გასულ წელს რუსეთიდან საქართველოში 411 მილიონი დოლარი შემოვიდა

რუსეთზე SWIFT-დან გაძევებით მიყენებული დარტყმა და ზიანი აუცილებლად აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, რაც რუსეთზე დამოკიდებულების მაღალი მაჩვენებლითაა განპირობებული. სავარაუდოდ, მსგავსი მასშტაბის მოვლენა რეგიონში ეკონომიკურ არასტაბილურობას გამოიწვევს, რასაც მოჰყვება სავალუტო შოკებიც. მოკლევადიან პერსპექტივაში მოსალოდნელია - რუსეთიდან ფულადი გზავნილების შემოსვლის გართულება, ეროვნული ვალუტის დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურება და რუსეთიდან იმპორტირებულ საქონელზე ფასების ზრდა, რაც, თავის მხრივ, აისახება ქვეყანაში ინფლაციის დონეზე.   

დასკვნა 


ქვეყნის SWIFT-დან გაძევება სანქციების ერთ-ერთი უმწვავესი ფორმაა, რომელსაც მარტივად შეუძლია მოკლე პერიოდში ქვეყანაზე დიდი ეკონომიკური დარტყმის მიყენება, თუმცა მისი შესაძლებლობები შეზღუდულია, რადგან დროსთან ერთად შესაძლებელია ამ სანქციაზე მორგება და მისი ალტერნატიული სისტემის შექმნა. 

რუსეთის მსგავსი სახელმწიფოს გასატეხად მხოლოდ SWIFT-დან გაძევება არ არის საკმარისი, ამისათვის გაცილებით მეტია საჭირო. რუსეთის წინააღმდეგ სანქციებით ბრძოლის ყველაზე ეფექტურ სტრატეგიად შერეული მეთოდი რჩება, რაც მასშტაბურ შეზღუდვებთან ერთად, ისეთი როგორიცაა SWIFT-დან გაძევება, წერტილოვან, მიზანმიმართულ სანქციებსაც ითვალისწინებს, რომელიც ზოგად და კონკრეტულ დონეზეც ზღუდავს რუსეთს.  
 

კომენტარები