რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

რა შეიძლება გამოიწვიოს რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვამ

უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს. ამის პარალელურად, მსოფლიო ბანკთაშორისი სისტემიდან, SWIFT-იდან გაირიცხება რამდენიმე რუსული ბანკი. 

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეფასებით, აქტივების პარალიზება გამოიწვევს ცენტრალური ბანკის ტრანზაქციების შეფერხებას, რადგან აქტივების ლიკვიდურად ქცევის, ანუ განაღდების პროცესი ევროკავშირის და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ იქნება შეზღუდული. 

ცენტრალური ბანკი ქვეყნის მთავარი საფინანსო ინსტიტუტია, რომლის მოვალეობა ეროვნული ვალუტის მიწოდების, გაცვლითი კურსის და ინფლაციის დონის კონტროლია. გარდა ამისა, ცენტრალური ბანკი ადგენს ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს, ანუ იმ საპროცენტო მაჩვენებელს, რომლითაც კომერციული ბანკები შეძლებენ თანხის მიღებას. ცენტრალური ბანკის გამართულად და შეუფერხებლად ფუნქციონირება ქვეყნის ეკონომიკისა და საფინანსო სექტორისთვის აუცილებელია. 

ცენტრალური ბანკის თავის დაზღვევის უმთავრესი მექანიზმი რეზერვია, რომელიც, ძირითადად, ნაღდი ფულის, უცხოური ვალუტების, ფასიანი ქაღალდების, სახაზინო ობლიგაციებისა და ოქროსაგან შედგება. რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვის მოცულობა, დაახლოებით, 645 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. 

The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, უკანასკნელ პერიოდში რუსეთი აქტიურად ცდილობს რეზერვში დოლარის წილის შემცირებას. 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვის 16.4% ამერიკულ დოლარში იყო მოქცეული, 32.3% - ევროში, ხოლო ოქროს წილი 21%-ს აჭარბებდა. 

Credit Suisse-ის ანალიტიკოსის, ზოლტან პოზსარის შეფასებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის 300 მილიარდი დოლარის ღირებულების აქტივები უცხოურ ვალუტაშია მოქცეული და ეს რეზერვის სწორედ ის ნაწილია, რომელიც, სანქციების ამოქმედების შემთხვევაში, შეიძლება პარალიზებული იქნეს.
      
მოსალოდნელია, რომ რუსეთის მსხვილი ბანკების SWIFT-იდან გარიცხვამ და საფინანსო სექტორზე რიგი სანქციების დაწესებამ ქვეყნის მასშტაბით ერთგვარი პანიკა გამოიწვიოს და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა ერთდროულად მოისურვოს საბანკო ანგარიშებიდან თანხის გატანა ან ეროვული ვალუტის ევროსა თუ დოლარში გადაცვლა. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკების რეზერვები ვერ შეძლებენ მომხმარებლების მომსახურებას და თანხის გაცემას, საქმეში ქვეყნის ცენტრალური ბანკი უნდა ჩაერიოს და თანხა საკუთარი რეზერვებიდან უნდა გამოყოს.
 
საგულისხმოა, რომ ცენტრალური ბანკის რეზერვი მხოლოდ მოქალაქეთა საბანკო ანგარიშების მომსახურებაზე არ არის გათვლილი და ის ითვალისწინებს სამთავრობო ხარჯებს, სავალუტო ინტერვენციებს, ინფლაციის დონის მართვას და სახელმწიფო რეზერვებს. პანიკის ფონზე კომერციული ბანკების რეზერვების ამოწურვამ, შესაძლოა, დიდი ზეწოლა იქონიოს ეროვნული ბანკის რეზერვზე, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი პარალიზებული იქნება დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების გამო.

ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, რუსეთის საფინანსო სექტორი და ეკონომიკა დიდი გამოწვევის წინაშე აღმოჩნდება, შემცირებული რეზერვის პირობებში შეიზღუდება ეროვნული ბანკის შესაძლებლობები და სავალუტო ინტერვენციის მასშტაბები, რის შედეგად ვიხილავთ რუსული რუბლის რეკორდულ გაუფასურებას და ქვეყანაში ინფლაციის დონის, ანუ ფასების მკვეთრ ზრდას. 

ეკონომისტთა ნაწილის შეფასებით, მსგავსი სცენარის განვითარების შემთხვევაში, ცენტრალური ბანკი სხვადასხვა ზომებს მიმართავს ვითარების გასანეიტრალებლად და საბანკო სექტორის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. რეზერვების სწრაფად ამოწურვის შემთხვევაში კი რუსეთი შეეცდება სახაზინო ვალდებულებების მეშვეობით უცხოეთიდან კაპიტალის მოზიდვას, მთავარი სამიზნე კი, სავარაუდოდ, ჩინეთი იქნება, რომლის გავლენაც რუსეთის ეკონომიკაში ბოლო პერიოდში განსაკუთრებით იზრდება.      

კომენტარები