ომი ახლო აღმოსავლეთში

პირობებს, რომლებიც ირანმა გაჟონა, სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს, უსინდისო ხალხია – ტრამპი

დონალდ ტრამპი, 2026 წლის 15 მარტი.
Nathan Howard/Getty Images

აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, ირანის სახელმწიფო მედიაში გავრცელებული ცნობებს აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო შეთანხმებაზე "სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს", ხოლო ირანული მხარე "ძალიან უსინდისოა" და "ჯობია, თავი ხელში აიყვანონ".

ამის შესახებ ტრამპი Truth Social-ზე წერს.

"პირობებს, რომლებიც ირანმა ცრუ ახალ ამბებში გაჟონა, საერთო არაფერი აქვს იმ პირობებთან, რომლებზეც წერილობით შევთანხმდით. რაც მათ თქვეს, მათ შორის, მათი სუსტი და საცოდავი განცხადება შეთანხმების ქონასთან დაკავშირებით, სიმართლესთან სართო არაფერი აქვს. მოსალაპარაკებლად ძალიან უსინდისო ხალხია. მათთან კეთილსინდისიერად მოლაპარაკება  შეუძლებელია. გასაოცარია! ამასთან, გუშინ ღამით მათი მხრიდან ჰორმუზის სრუტიდან გამავალი ინდური გემების წინააღმდეგ დრონებით იერიში, რომელიც სრულად მოგერიებული იყო, სრულად მიუღებელია. ჯობია, თავი ხელში აიყვანონ სწრაფად!" - წერს ტრამპი.

პარალელურად, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნია და ირანის ბირთვული პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით შეთანხმების შესახებ "მრავალ მცდარ ინფორმაციას ხედავს". ვენსმა დააზუსტა, რომ ირანული მხარე მხოლოდ ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად ფულს არ მიიღებს, არამედ ისინი და მთლიანი რეგიონი "ეკონომიკურ სარგებელს" მხოლოდ ვალდებულებების შესრულების შემდეგ იხილავენ.

ცნობისთვის, მანამდე ირანულ სახელმწიფო მედიამ გაავრცელა შეთანხმების შესაძლო ვერსია, რომლის ფარგლებშიც ჰორმუზის სრუტეს ირანი გააკონტროლებდა, გაყინული ირანული აქტივები გათავისუფლდებოდა, ხოლო აშშ იღებდა ვალდებულებას, რომ რეგიონში ჯარისკაცებს არ განათავსებდა.

შეგახსენებთ, რომ აქამდე ტრამპმა განცხადა, რომ ირანთან მიღწეულ "დიდებულ შეთანხმებას“, შესაძლოა, "უკვე ამ შაბათ-კვირას" მოეწეროს ხელი.

ტრამპი ასევე ამტკიცებს, რომ შეთანხმების ხელმოწერისთანავე ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნება. მისი თქმით, ხელმოწერის ცერემონია ევროპაში გაიმართება და მას აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დაესწრება.

კომენტარები