ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის, აბას არაღჩის თქმით, აშშ-სთან ურთიერთგაგების მემორანდუმი "ასე ახლოს არასდროს ყოფილა". მანვე მოუწოდა მედიას, რომ მემორანდუმის შიგთავსის შესახებ სპეკულაციისგან თავი შეიკავოს.
"ისლამაბადის ურთიერთგაგების მემორანდუმი ასე ახლოს არასდროს ყოფილა. მისი დასრულების მოლოდინის ფონზე, მედიამ მისი შიგთავსის შესახებ სპეკულაციისგან თავი უნდა შეიკავოს.
ჩვენი პასუხისმგებლიანი და გამჭვირვალე მიდგომის შესაბამისად, ყველა დეტალს შესაბამის დროს გავასაჯაროებთ". - წერს არაღჩი.
მანამდე, ტრამპმა დაწერა, რომ ირანის სახელმწიფო მედიაში გავრცელებული ცნობებს აშშ-სა და ირანს შორის შესაძლო შეთანხმებაზე "სიმართლესთან საერთო არაფერი აქვს", ხოლო ირანული მხარე "ძალიან უსინდისოა" და "ჯობია, თავი ხელში აიყვანონ".
პარალელურად, აშშ-ს ვიცეპრეზიდენტმა, ჯეი დი ვენსმა დაწერა, რომ ჰორმუზის სრუტის გახსნია და ირანის ბირთვული პროგრამის დასრულებასთან დაკავშირებით შეთანხმების შესახებ "მრავალ მცდარ ინფორმაციას ხედავს". ვენსმა დააზუსტა, რომ ირანული მხარე მხოლოდ ხელშეკრულების ხელმოწერის შედეგად ფულს არ მიიღებს, არამედ ისინი და მთლიანი რეგიონი "ეკონომიკურ სარგებელს" მხოლოდ ვალდებულებების შესრულების შემდეგ იხილავენ.
ცნობისთვის, ირანულ სახელმწიფო მედიამ გაავრცელა შეთანხმების შესაძლო ვერსია, რომლის ფარგლებშიც ჰორმუზის სრუტეს ირანი გააკონტროლებდა, გაყინული ირანული აქტივები გათავისუფლდებოდა, ხოლო აშშ იღებდა ვალდებულებას, რომ რეგიონში ჯარისკაცებს არ განათავსებდა.
შეგახსენებთ, რომ აქამდე ტრამპმა განცხადა, რომ ირანთან მიღწეულ "დიდებულ შეთანხმებას“, შესაძლოა, "უკვე ამ შაბათ-კვირას" მოეწეროს ხელი.
ტრამპი ასევე ამტკიცებს, რომ შეთანხმების ხელმოწერისთანავე ჰორმუზის სრუტე დაუყოვნებლივ გაიხსნება. მისი თქმით, ხელმოწერის ცერემონია ევროპაში გაიმართება და მას აშშ-ს ვიცეპრეზიდენტი ჯეი დი ვენსი დაესწრება.




