ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს აფართოებს. ამერიკელებს შეეზღუდებათ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება და ამასთანავე, გაიყინება აშშ-ში რუსული ცენტრალური ბანკის აქტივები. სანქციები ასევე შეეხება რუსეთის ეროვნულ სარეზერვო ფონდსა და რუსეთის ფინანსთა სამინისტროს.
"ჩვენ გვსურდა სანქციები ორშაბათამდე, ბაზრის გახსნამდე გაგვეფართოვებინა, რადგან, როგორც მოკავშირეებთან ერთად შაბათ-კვირას დაკვირვებით აღმოვაჩინეთ, რუსეთის ცენტრალური ბანკი აქტივების გადატანას გეგმავდა". - აღნიშნა თეთრი სახლის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
28 თებერვალს დიდი ბრიტანეთმაც რუსეთს დამატებითი სანქციები დაუწესა, კერძოდ ბრიტანელ ფიზიკურ და ინდივიდუალურ პირებს ეზღუდებათ რუსეთის ცენტრალურ ბანკთან, ეროვნულ სარეზერვო ფონდთან და ფინანსთა სამინისტროსთან ფინანსური ოპერაციების განხორციელება.
27 თებერვალს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ, ევროკავშირმა, აშშ-მ და კანადამ რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვის გადაწყვეტილება მიიღეს.
ამის პარალელურად, მსოფლიო ბანკთაშორისი სისტემიდან, SWIFT-იდან გაირიცხება რამდენიმე რუსული ბანკი.
ამასთანავე, 27 თებერვალს ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა - სანქციებში შედის ევროკავშირის ქვეყნებში სამთავრობო მედიის დაბლოკვა, საჰაერო სივრცის დაკეტვა რუსეთისთვის და რუსეთის ცენტრალური ბანკის აქტივების გაყინვა.
რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა.
პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.
რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.