უკრაინის შეიარაღებული ძალების უპილოტო სისტემების ძალების მეთაურმა რობერტ "მადიარ" ბროვდიმ გამოცემა Reuters-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ მისი მიზანი ოკუპირებული ყირიმის რუსეთისგან იზოლაციაში მოქცევაა, რაც ბროვდის თქმით, "ახლო მომავალში" მოხდება.
ცნობისთვის, უკრაინამ ბოლო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსულ ლოჯისტიკურ ხაზებსა და საწვავის მოსამარაგებელ მარშრუტებზე იერიშები გააძლიერა, რის გამოც მაისიდან მოყოლებული ყირიმში საწვავის რაციონებით გაცემა დაიწყო.
ბროვდის ცნობით, კამპანიის შედეგად ბოლო ერთი თვის განმავლობაში ნოვოროსიის გზატკეცილზე, რომელიც ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინაში რუსული ძალებისთვის კრიტიკულ ლოჯისტიკურ მარშრუტს წარმოადგენს, მიმოსვლა ორ მესამედზე მეტით შემცირდა.
მანვე აღნიშნა, რომ დამატებით ერთი თვის განმავლობაში უკრაინა გზაზე სრულ კონტროლს დაამყარებს: "ახლო მომავალში ყირიმს იზოლაციაში მოვაქცევთ," განუცხადა ბროვდიმ Reuters-ს.
მისი თქმით, კამპანიის სტრატეგიული მიზანია, რომ რუს ოკუპანტებს წინსვლის ნაცვლად უკან დახევა მოუწიოთ.
"ჩვენ შევქმნით პირობებს, რომელიც უკიდურესად გაართულებს ნებისმიერი სამხედროსთვის, ან მათთვის, ვინც თავდაცვის ინდუსტრიაში მუშაობს, ყირიმსა და დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენას, ან მათკენ მიმავალი მარშრუტების გამოყენებას." – დაამატა ბროვდიმ.
პარალელურად, უკრაინულმა მხარემ იერიშები მიიტანა რუსული ძალების მომარაგებისთვის განკუთვნილ და ოკუპირებული ყირიმისკენ მიმავალ სახმელეთო მარშრუტებზე. უკრაინული მედიის ინფორმაციით, 11 ივნისის ღამის საათებში ოკუპირებულ ყირიმში აფეთქებების ხმა ისმოდა, რის ფონზეც ტელეგრამ-არხები წერდნენ, რომ უკრაინის იერიშების შედეგად დაზიანდა ნახევარკუნძულისკენ მიმავალ სახმელეთო მარშრუტებზე მდებარე ხიდებიც.




