პოლიტიკური კრიზისი

ზალკალიანი: ვისწავლოთ პარტნიორების განცხადების კითხვა – არ წარმოვაჩინოთ, რომ კურსი შეიცვალა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცოა

"ვისწავლოთ პარტნიორების განცხადების კითხვა - არ წარმოვაჩინოთ, რომ კურსი შევიცვალეთ". - ასე ეხმაურება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ევროკავშირის მიერ გაკეთებულ განცხადებას საქართველოს მიერ 75-მილიონიანი დახმარების მისაღებად აუცილებელი პირობების არშესრულებასთან დაკავშირებით. 

ზალკალიანმა ჟურნალისტებს ევროკავშირის განცხადებიდან ნაწილი წაუკითხა, რომ საქართველომ "ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა" და ამტკიცებს, რომ აქ "საკმარისად" საკვანძო სიტყვაა. 

"ევროკავშირი აღნიშნავს, რაღაც ნაწილში ის იღებს იმ რეფორმებს, რაც მართლმსაჯულების მიმართულებით საქართველოს ხელისუფლებამ განახორციელა, რაღაც ნაწილში ამბობს, რომ ეს არის არასაკმარისი. გვესმის, რომ ეს პირობითობა იყო, არავინ უარყოფს ამას. ვენეციის კომისიის რეკომენდაციები მნიშვნელოვანწილად არის შესრულებული. აქ არის განსხვავებული აღქმები ჩვენსა და ევროკავშირს შორის". - ამბობს საგარეო საქმეთა მინისტრი. 

ზალკალიანი ასევე ამტკიცებს, რომ საქართველოს ეკონომიკას პოზიტიური დინამიკა აქვს და დახმარების მიღება ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა.

"ეკონომიკას აქვს ძალიან პოზიტიური დინამიკა - ბოლო 6-7 თვის განმავლობაში 12%-იანი ზრდა, ბოლო თვის მონაცემებით, 9.9%-იანი ზრდა არის. ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ეკონომიკურად გაუმართლებელი იქნებოდა ახალი სესხის აღება, რომელიც საგარეო ვალს კიდევ ერთ მძიმე ტვირთად [დააწვებოდა] მინდა, ძალიან კარგად ვისწავლოთ კითხვა იმ განცხადებისა, რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ და არ წარმოვაჩინოთ ეს ისეთ მდგომარეობად, თითქოს საქართველომ ამით შეიცვალა კურსი და გადაუხვია დასავლურ კურსს, ევროკავშირში ინტეგრაციულ პროცესებს". - ამბობს ის.  

გუშინ, 31 აგვისტოს ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა, რომ საქართველო ევროკავშირის 75-მილიონიანი დახმარების მეორე ნაწილს არ მიიღებს. მისივე სიტყვებით, ევროკავშირის დახმარების საკითხმა ძალიან დიდი პოლიტიკური დატვირთვა შეიძინა, ამიტომ, გადაწყვეტილება "ნებისმიერი ინსინუაციების თავიდან აცილების მიზნით" ახსნა. მისივე მტკიცებით, საქართველოს ძალიან კარგი, ორნიშნა ეკონომიკური ზრდა აქვს, რაც დამატებით შემოსავალს გააჩენს. 

თუმცა, ამავე დღეს გამართულ ბრიფინგზე ცნობილი გახდა, რომ ევროკავშირი დახმარების გაცემას ისედაც არ აპირებდა - მიზეზი კი საქართველოს მიერ დახმარების მიღებისთვის აუცილებელი პირობების შეუსრულებლობაა

ევროპარლამენტარი, ვიოლა ფონ კრამონი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა რეფორმების დღის წესრიგს დაემშვიდობა და "შეუძლებელია, უარი თქვა იმაზე, რაც არ გეკუთვნოდა". ანდიუს კუბილიუსის შეფასებით კი ქართველ ხალხს ევროკავშირის დახმარება სჭირდება, თუმცა ქართულმა ოცნებამ მასზე უარი თქვა, რადგან ესმის, რომ დახმარებას ნათლად გაწერილი პირობები მოჰყვება. საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი, იან კელი კი წერს, რომ უარის თქმა საქართველოს დასავლეთისგან ჩამოშორების სტრატეგიის ნაწილია. 


2020 წლის აპრილში ევროკომისიამ პანდემიით გამოწვეული სოციალური-ეკონომიკურ პრობლემებთან გასამკლავებლად პარტნიორებისთვის €3 მილიარდიანი მაკროფინანსური დახმარების პაკეტი მიიღო. პროგრამის ფარგლებში ევროკავშირმა საქართველოსთვის 150 მილიონი ევრო გამოყო კრედიტის სახით 15 წლის ვადით, რომლის განაკვეთიც 2% დამატებული Euribor-ია (ევრო ბანკთაშორისი განაკვეთი). დახმარების პირველი ნაწილი, 75 მილიონი ევრო საქართველომ 2020 წლის ნოემბერში მიიღო.

ევროკავშირის პირობების თანახმად, თუკი საქართველოს მთავრობა გაატარებდა საჭირო რეფორმებს სასამართლო სისტემის, მმართველობის, ფინანსური და ენერგეტიკული სფეროების მიმართულებით, მაშინ მაკროფინანსური პაკეტის სახით საქართველო ევროკავშირისგან დახმარების მეორე ნაწილს, 75 მილიონი ევროს 2021 წლის დასაწყისში მიიღებდა. 

ქართული ოცნების მიერ შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადების შემდეგ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა და დაწერა, რომ შეხვედრაზე რეფორმების საჭიროება ხაზგასმით აღნიშნა - "მაკროფინანსური დახმარების გაცემის თარიღი ახლოვდება და დროა, საქართველოს მთავრობამ აჩვენოს, რომ შეთანხმებების და რეფორმების დღის წესრიგის ერთგულია".

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისი ფონზე ევროკავშირის დახმარების შეჩერების შესაძლებლობის შესახებ ევროპარლამენტარები წარსულში საუბრობდნენ. ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა თქვა, რომ მიშელის დოკუმენტის დარღვევის შემდეგ სერიოზულად განიხილება საქართველოსთვის მაკროფინანსური დახმარების შეჩერების საკითხი

ქართულმა ოცნებამ 28 ივლისს შარლ მიშელის შეთანხმება ანულირებულად გამოაცხადა და შეეცადა, რომ ამაში ოპოზიცია დაედანაშაულებინა. როგორც ხელისუფლების წარმომადგენლებმა თქვეს, ვალდებულებების შესრულება მათ "კეთილ ნებაზე" იქნება დამოკიდებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უარს ამბობს, 43%-ის ვერაღების შემთხვევაში დათანხმდეს ვადამდელი არჩევნების ჩატარებას, რაც შეთანხმებაზე ხელმომწერი ოპოზიციური პარტიებისთვის მთავარი მოტივაცია იყო.   

ოცნების მიერ შეთანხმების ანულირებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა. სენატის ოპერატიული ჯგუფის შეფასებით, საქართველოში განვითარებული მოვლენები რეფორმების ძალისხმევას ძირს უთხრის, ქვეყნის დემოკრატიის მარცხით კი მხოლოდ კრემლი ისარგებლებს. სენატორი რიშის შეფასებით, შეთანხმების დატოვება ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე უარის თქმაა. მისივე სიტყვებით, ოცნებას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს, არა – ქვეყნის. დევიდ კრამერი წერს, რომ ევროკავშირი თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდეს, "რომ მოლაპარაკებებზე დრო დაკარგა". სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის შეფასებით კი შეთანხმებიდან ოცნების გასვლა რეფორმებით წინსვლას ძირს უთხრის. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ქართული ოცნების მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებასთან დაკავშირებით განცხადება 29 ივლისს გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ ქართველ პოლიტიკოსებთან კონსულტაციებს იწყებს.  ევროპული საბჭოს პრეზიდენტი წერს, რომ 19 აპრილის შეთანხმება საუკეთესო გზაა რეფორმების გატარებისთვის და პარტიებს მოუწოდებს, წინ დააყენონ მოქალაქეთა ინტერესები.

კომენტარები