4 ოქტომბრის აქციის საქმეზე მსჯავრდებულმა, ია დარახველიძემ TV პირველის ეთერში განაცხადა, რომ მის მიერ ქვეყნის დატოვების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა როგორც პროკურატურას, ასევე სასამართლოს.
დარახველიძის თქმით, მას პასპორტი ჩამორთმეული არ ჰქონია და ქვეყანა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების მიზეზით დატოვა.
"მე მომიწია საზღვარგარეთ დაკვრა, დამპატიჟეს 1 მაისს, როდესაც აუცილებლად უნდა წავსულიყავი სხვა ქვეყანაში დასაკრავად. ეს რომ არა, არც კი ვგეგმავდი, რომ სადმე წავსულიყავი, ასეთ რაღაცებზე არ მიფიქრია. რაღაცნაირად ასე დაემთხვა, რომ დამიძახეს და ამის გასაფრთხილებლად ყველაფერი გავაკეთე. ეს არ იყო ჩუმად გაპარვა. წერილი გამოვაგზავნინე კლუბს, სადაც ვუკრავდი, რომ უნდა წავსულიყავი. ხელმოწერილი, ბეჭედდარტყმული წერილი შევიტანე პროკურატურაში, მივუტანე მოსამართლეს. ყველაფერი გავაკეთე ოფიციალურად, რომ მათაც სცოდნოდათ რომ მივდიოდი. მე პასპორტი ჩამორთმეული არ მქონდა. თავისუფლად შემეძლო გადაადგილება, ამის შანსი რომ გაჩნდა, ეს შანსი გამოვიყენე. შეიძლება, მანდ ვმჯდარიყავი, მაგ სკამზე, ბატონ გიორგი ჩახუნაშვილთან ერთად და ბორკილები დაედოთ ჩემთვის.
[...] არც კარგს ველოდებოდით, არც ცუდს. მეფიქრებოდა, რომ იქნებ, ამათაც შეეშინდეთ და არ გამოიტანონ ამხელა განაჩენი ამ ადამიანებზე. ისინიც, ვინც გამოვიდნენ, აქედან მოვიკითხავ, ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ გამოვიდნენ. აღიარეს, არ აღიარეს, არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია, რომ გამოვიდნენ, რადგან მინდა, რომ კარგად იყვნენ. მე ვხედავდი მათ 9-თვიან საშინელ მდგომარეობას". - თქვა ია დარახველიძემ TV პირველთან.
ცნობისთვის, 19 ივნისს 4 ოქტომბრის აქციის საქმეზე ბრალდებული 7 პირის განაჩენი გამოცხადდა. შვიდივე მათგანს 5 წლით პატიმრობა მიესაჯათ. მოსამართლე გიორგი გელაშვილს განაჩენის გამოცხადება შეეშალა, თავდაპირველად მან თქვა რომ ია დარახველიძეს 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა როგორც აღმოჩნდა, მასაც 5 წლით მიუსაჯა თავისუფლების აღკვეთა.
ია დარახველიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული და თავისუფლებაში იმყოფებოდა.
დარახველიძე სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა. პროკურორმა განაცხადა, რომ არ ჰქონდა ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ.




