ირანული გავლენა საქართველოში

ფონიჭალაში გამართულ მასშტაბურ კონფერენციას პროირანული ძალების წარმომადგენლებიც დაესწრნენ

Haci Faig Nabiev / Facebook

ივნისის დასაწყისში თბილისში, ირანთან დაკავშირებული არასამთავრობო ორგანიზაცია "აჰლ ულ-ბეითის" ოფისში, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს ორგანიზებით მასშტაბური კონფერენცია გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა, მათ შორის, საქართველოში მოქმედმა პროირანულმა ძალებმაც მიიღეს.

კონფერენციის დამსწრეთა შორის იყვნენ აშშ-ს მიერ სანქცირებული და IRGC-ის ყუდსის ძალების რეკრუტირების პლატფორმად მიჩნეული "ალ-მუსტაფას უნივერსიტეტის" წარმომადგენელი და ასევე ფონიჭალის მეჩეთ "აჰლი ბეითის" ახუნდი, რახიდ ქერიმოვი, რომელმაც მარტის დასაწყისში აიათოლა ალი ხამენეის "მოწამეობა დალოცა" და "ისლამის მტრების წინაშე ვალდებულებებზე" ისაუბრა. ღონისძიებას დაესწრო საქართველოში ირანის საელჩოს კულტურული ცენტრის თავმჯდომარეც.

ცნობისთვის, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციის სტატუსით თეირანთან დაკავშირებული რამდენიმე პროირანული ორგანიზაცია მოქმედებს, რომელთა მხარდაჭერითა და ორგანიზებით ქვეყანაში ანტიდასავლური და ანტიისრაელური ღონისძიებები ტარდება.

აღსანიშნავია, რომ ირანული არასამთავრობო ორგანიზაცია "აჰლ ულ-ბეითის" დირექტორი აზიზ ნაბიევია, რომლის ძმაც, შეიხი ფაიგ ნაბიევი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს თავმჯდომარეობს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ აზიზამდე "აჰლ ულ-ბეითის" დირექტორი ფაიგ ნაბიევი იყო, რომელიც 5 ივნისს ფონიჭალაში გამართულ კონფერენციის დამსწრეთა შორისაც იყო.

კომენტარები