საქართველოს პარლამენტი

2023 წელს მიღებული და ძალაში შესული კანონები

საქართველოს პარლამენტი

2023 წელს მიღებული და ძალაში შესული კანონები

2023 წელი, სხვა წლების მსგავსად, ქართული ოცნების დეპუტატებისთვის "დატვირთული" წელი იყო, ამაზე მოწმობს ისიც, რომ ხელისუფლებამ წელი კანონმდებლებისთვის ხელფასების გაზრდის ინიციატივით და კანონპროექტის პირველი მოსმენით მიღებით დაასრულა. გარდა ამისა, წლის განმავლობაში პარლამენტში კენჭი ეყარა და ძალაში შევიდა არაერთი კანონი, რომელმაც საზოგადოების, არასამთავრობო სექტორისა და საერთაშორისო პარტნიორობის კრიტიკა გამოიწვია.

გაზრდილი ხელფასები დეპუტატებს

ქართული ოცნების კანონპროექტი, რომელიც დეპუტატების ხელფასების ზრდას გულისხმობს, პარლამენტმა პირველი მოსმენით 15 ნოემბერს მიიღო. მეორე და მესამე მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში, კანონი 2025 წლიდან შევა ძალაში. შესაბამისად, ხელფასის ზრდა მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებს შეეხებათ.

როგორც მოქმედი რეგლამენტით, ასევე მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით პარლამენტის წევრების ხელფასები კონკრეტული რიცხვებით იყო წარმოდგენილი, თუმცა პროექტი დაკორექტირდა და ანაზღაურების ამსახველი რიცხვები შესაბამისი კოეფიციენტებით ჩანაცვლდა. ამასთან, 2024 წლიდან პარლამენტის ყოფილი წევრის პენსია 560-ის ნაცვლად, 1 000 ლარი იქნება.

თავდაცვის კოდექსი

წლის განმავლობაში ფართო კრიტიკა დაიმსახურა თავდაცვის ახალმა კოდექსმა. ცვლილება შეეხო "ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების" შესაძლებლობას, დაეხმარონ ცალკეულ პირებს, თავი აარიდონ სავალდებულო გაწვევას. საუბარია პარტია გირჩის მიერ შექმნილ ბიბლიურ თავისუფლებაზე, რომლის სასულიერო პირის სერტიფიკატის დახმარებითაც ათასობით ახალგაზრდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებდა. 

ასევე შეიცვალა სტუდენტის სტატუსის არსებობის პირობებში სამხედრო სამსახურის გავლის პროცედურაც - სრულიად დისტანციურ რეჟიმში მოსწავლე სტუდენტების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობის წესი და მათ ეს შესაძლებლობა ჩამოერთმევათ. შეზღუდვა ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც უცხოური უნივერსიტეტების სტუდენტები გახდებიან, თუმცა სასწავლო პროცესში ჩართული იქნებიან სრულად დისტანციურად, საქართველოდან.

კანონპროექტის მიხედვით, გაწვეულ სტუდენტებს, რომლებზეც ეს შეზღუდვა ვრცელდება, შეეძლებათ აირჩიონ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხელსაყრელი ფორმა: გაიარონ რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა, სტუდენტებისთვის განკუთვნილი 4-წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სამხედრო სამსახურისთვის გამოყოფილი იქნება კვირაში რამდენიმე დღე, ან აირჩიონ სამხედრო სამსახურის რომელიმე ფორმა, რომლებიც 6, 8 და 11-თვიანია.

საარჩევნო კოდექსი

2023 წელს ქართულმა ოცნებამ ასევე შეცვალა საარჩევნო კოდექსიც. ცვლილებების თანახმად, თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. ძველი კანონმდებლობით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა. ამასთან, გაუქმდა თავმჯდომარის არჩევისთვის საჭირო 100 მხარდამჭერის წესი და მის არჩევას 76 დეპუტატი შეძლებს.

რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, ცვლილებებით, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში კი პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი იქნება.

მოქმედი რეგულაციით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ით (100 ხმა). ასეთი უმრავლესობით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ პარლამენტის 3/5 ამტკიცებს (90 ხმა), ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა იყოს. ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის 2/3-ით არჩევის შემთხვევაში ის 5 წლით იკავებს თანამდებობას, სხვა შემთხვევაში კი მხოლოდ 6 თვით - სწორედ ეს ხდებოდა გასული წლების განმავლობაში, რის შედეგადაც ქართულმა ოცნებამ არასაკმარისი ხმების რაოდენობის გამო თავმჯდომარის სრული ვადით დანიშვნა ვერ შეძლო და მოქმედი თავმჯდომარე, გიორგი კალანდარაშვილი 3-ჯერ 6 თვით აირჩიეს.

კანონპროექტის სამი მოსმენით მიღების შემდეგ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მას ვეტო დაადო, თუმცა პარლამენტმა ის დაძლია. პრეზიდენტს მიაჩნდა, რომ 100 ხმის ნაცვლად თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს.

მაუწყებლობის შესახებ კანონი

ქართული ოცნების დეპუტატების მიერ მხარდაჭერილი კიდევ ერთი ცვლილება ითვალისწინებს ახალ ჩანაწერს მაუწყებლობის შესახებ კანონში, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი გახდება ამავე კანონით აკრძალული "სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის" გავრცელების დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. დარღვევის შემთხვევაში კომუნიკაციების  კომისია უფლებამოსილი იქნება, მაუწყებლობას დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ანუ ჯარიმა. ახალი კანონპროექტით კომუნიკაციების კომისიამ მედიებზე გავლენის მოხდენის კიდევ ერთი ბერკეტი შეიძინა და დამატებითი ბუნდოვანი ჩანაწერები გაჩნდა.

იდენტური ჩანაწერი ასევე იდენტურად ბუნდოვნად განმარტებული "უხამსობის" ტერმინით უკვე არსებობდა მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლში. საქმე ის არის, რომ მაუწყებლობის მიერ ამ მუხლის შესაძლო დარღვევაზე რეაგირება მხოლოდ მედიის თვითრეგულირების ორგანოს შეეძლო, ანუ მედიას საკუთარ სტრუქტურაში არსებული დამოუკიდებელი ორგანოს საშუალებით უნდა ემსჯელა მისი თავისუფალი გამოხატვის ფორმა იყო თუ არა სტანდარტებთან შეუსაბამო. ახალი რედაქციის კანონში ქართული ოცნების დეპუტატებმა ეს პუნქტი 56-ე მუხლიდან ამოიღეს და უცვლელად გადაიტანეს 561-ე მუხლში (მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვა), რომელიც კომუნიკაციების კომისიის განსჯას პირდაპირ ექვემდებარება.

ამრიგად, ამჟამად ინიცირებული კანონპროექტის მიღების შემდეგ კომუნიკაციების კომისია შეძლებს დამატებითი საკანონმდებლო კრიტიკის გარეშე უფრო მარტივად განსაჯოს მაუწყებლობების პროგრამებისა და რეკლამების შინაარსი. მის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, მედია არღვევს თუ არა სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის/რეკლამის გავრცელების აკრძალვას, ან პორნოგრაფიის, ადამიანის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსების აკრძალვას, რომელიც შეიცავს უხამსობას.

კარვების კანონი

პარლამენტმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში 4-5 ოქტომბერს ცვლილებები სამი მოსმენით მიიღო.  პრეზიდენტმა აღნიშნული ცვლილებებს "კიდევ ერთი ანტიევროპული კანონი" უწოდა და 17 ოქტომბერს ვეტო დაადო. 

კანონპროექტის თანახმად, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ეკრძალებათ, მოაწყონ დროებითი კონსტრუქცია, "თუ მისი მოწყობა საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს, ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას, იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას ან შეკრების  და  მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება".

კანონს საფუძვლად დაედო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს.

კანონპროექტის თანახმად, თუ გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორმა არ მოუწოდა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისკენ, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენისკენ ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟისკენ, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრემ არ განახორციელა დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, კანონდარღვევისთვის დაეკისრებათ სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

ეუთო/ოდირმა (OSCE/ODIHR) შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები უარყოფითად შეაფასა.

პარტიებისათვის შემოწირულობის შეზღუდვა

დეკემბერში პარლამენტმა დაჩქარებული წესით განხილვა დაიწყო ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონის, რომელიც პარტიებისთვის იურიდიული პირებისგან შემოწირულობების მიღების შეზღუდვას ეხება. მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემა აეკრძალებათ. ასევე, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება.

მმართველი პარტიის მტკიცებით, ინიციატივა დეოლიგარქიზაციის გეგმის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს და ოპოზიციური პარტიების მიერ არალეგალური გზებით ე.წ შავი ფულის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული.

ჯანდაცვის კანონი

ივლისში პარლამენტმა მიიღო კანონი, რომლის მიხედვითაც სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები ეზრდება. კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვისა და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება. ცვლილება გააკრიტიკეს და მას მთავრობის ხელში ჯანდაცვის სექტორის რეპრესიული მექანიზმი უწოდეს.

2023 წელს გაფართოვდა DRG სისტემა და მშობიარობა და საკეისრო კვეთა ყველასთვის უფასო გახდა. DRG სისტემის საქართველოში დანერგვა, რომელიც მიზნად დამფინანსებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობის მოგვარებას ისახავს, სინამდვილეში, ყველაზე დიდ ცვლილებას პაციენტებისთვის წარმოადგენს. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების ახალი მოდელის თეორიული მიზანი ხარჯების შემცირება და კლინიკების ოპორტუნისტული ქცევების შეცვლაა, თუმცა მის "გვერდითი ეფექტად" რჩება პაციენტისთვის ფინანსური ტვირთის გაზრდა და მომსახურების ხარისხის მკვეთრი შემცირება. მას "დამღუპველს" უწოდებდა ექიმების ნაწილიც.  წელს ცვლილებები შევიდა აბორტის შესახებ ბრძანებაშიც.

ჟურნალისტების შეზღუდვა პარლამენტში

2023 წელს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ გამოსცა ბრძანება, რომლითაც განისაზღვრა საქართველოს პარლამენტში მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლების აკრედიტაციის წესი. ახალი წესების თანახმად, პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის შეჩერება შესაძლებელია იმ შემთხვევაში, როდესაც აკრედიტირებული ჟურნალისტი საქართველოს პარლამენტის წევრის, აპარატის თანამშრომლის ან პარლამენტში სტუმრად მყოფი პირის მიერ ინტერვიუს ჩაწერაზე უარის თქმის შემთხვევაში არ შეწყვეტს ინტერვიუს.

ჟურნალისტებისთვის აკრედიტაციის შეჩერების ლეგიტიმურ ინტერესად სახელდება პარლამენტის წევრების, აპარატის თანამშრომლებისა და პარლამენტში სტუმრად მყოფი პირების დაცვა ჟურნალისტთა კითხვებისგან, რომელზე პასუხიც მითითებული პირებისთვის შესაძლოა არ იყოს სასურველი, რის გამოც უარს იტყვიან ჟურნალისტისთვის ინტერვიუს მიცემაზე. მიღებული წესის გამოყენებით, პარლამენტმა აკრედიტაცია შეუჩერა არაერთი კრიტიკული მედიის წარმომადგენელს. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივამ (GDI) პარლამენტში ჟურნალისტთა აკრედიტაციის წესს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა.

კომენტარები