ცესკო

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსის ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტო დაძლია

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია. 

დეპუტატებმა კანონპროექტს კენჭი თავიდან უყარეს, მას მხარი 78-მა პარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო 14-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

სალომე ზურაბიშვილმა "კონსესუსის შენარჩუნების მიზნით" საარჩევნო კოდექსში მიღებულ ცვლილებებს ვეტო 26 ივნისს დაადო.

"100 ხმის ნაცვლად, თავმჯდომარისა და წევრების 76 ხმით არჩევა აუქმებს კონსენსუსზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღების საჭიროებას და ზრდის პოლარიზაციის რისკს". – აცხადებდა პრეზიდენტი.

ქართული ოცნების დეპუტატების მიერ ინიცირებული ცვლილებების თანახმად, თავმჯდომარისა და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება. არსებული კანონმდებლობით, ეს უფლებამოსილება მხოლოდ პრეზიდენტს ჰქონდა.

ინიცირებული კანონპროექტის მიხედვით, იცვლება მათ არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა და კვორუმიც. კერძოდ, თუ პარლამენტი ცესკოს თავმჯდომარესა და წევრებს სრული შემადგენლობის უმრავლესობით (76 ხმით) მხარს დაუჭერს, თანამდებობას ხუთი წლის ვადით დაიკავებენ.

რაც შეეხება შერჩევის პროცედურას, ცვლილებებით, ცესკო-ს თავმჯდომარისა და წევრების შესარჩევ კონკურს გამოაცხადებს და საკონკურსო კომისიას შექმნის პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს საკანონმდებლო ორგანოს კანდიდატურებს. საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში პრეზიდენტის ერთი წარმომადგენელი იქნება.

ამჟამად ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი 6 თვით მესამედაა არჩეული. საქართველოს პარლამენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი და ორი წევრი 2021 წლის აგვისტოში 19 აპრილის შეთანხმების საფუძველზე მიღებული ახალი კანონით პირველად 6 თვით აირჩია.

მოქმედი რეგულაციით, ცესკოს თავმჯდომარე და პროფესიული წევრები აირჩევიან პარლამენტის სრული შემადგენლობის 2/3-ით (100 ხმა). ასეთი უმრავლესობით არჩევის შეუძლებლობის შემთხვევაში, მათ პარლამენტის 3/5 ამტკიცებს (90 ხმა), ხოლო თუ ეს კვორუმიც ვერ შეგროვდა, ცესკოს წევრს პარლამენტის უბრალო უმრავლესობა ირჩევს. თითოეულ კენჭისყრას შორის პერიოდი არანაკლებ 4 კვირა უნდა იყოს. ცესკოს თავმჯდომარის ან წევრის 2/3-ით არჩევის შემთხვევაში ის 5 წლით იკავებს თანამდებობას, სხვა შემთხვევაში კი მხოლოდ 6 თვით.

კომენტარები