საქართველოს პარლამენტი

დეპუტატებს ხელფასი ეზრდებათ - კანონპროექტი I მოსმენით მიიღეს

85 მომხრე და არცერთი წინააღმდეგი - ქართული ოცნების კანონპროექტი, რომელიც დეპუტატების ხელფასების ზრდას გულისხმობს, პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო. მეორე და მესამე მოსმენით დამტკიცების შემთხვევაში, კანონი 2025 წლიდან შევა ძალაში. შესაბამისად, ხელფასის ზრდა მომდევნო მოწვევის პარლამენტის წევრებს შეეხებათ.

კანონპროექტი, რომელიც 2025 წლის 1 იანვრიდან პარლამენტის წევრის შრომის ანაზღაურების ოდენობის შეცვლას ითვალისწინებს, პარლამენტის თავმჯდომარემ წარადგინა. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 2017-2018 წლებში გატარებული საჯარო სამსახურის რეფორმის ფარგლებში, საჯარო სამსახურში დასაქმებული თანამშრომლებისთვის ანაზღაურების სხვადასხვა კოეფიციენტი დაწესდა. საჯარო სამსახურის შესახებ კანონით ასევე დადგინდა ანაზღაურების კოეფიციენტები პარლამენტის წევრებისთვის, სადაც კოეფიციენტები 8-დან 10-მდე განისაზღვრა.

"მიუხედავად იმისა, რომ შრომის ანაზღაურება პარლამენტის აპარატის თანამშრომლებისთვის აღნიშნული წესით გაიცა, 2017 წელს პარლამენტის წევრების ანაზღაურებას ეს მიდგომა არ შეხებია და შედეგად, ბოლო 10 წელია, 2013 წლიდან პარლამენტის წევრების ანაზღაურება არ შეცვლილა. რამაც გამოიწვია დისბალანსი პარლამენტის წევრების ანაზღაურებასა და არა მხოლოდ სხვა საჯარო დაწესებულების სხვადასხვა თანამდებობის პირების ანაზღაურებას შორის, არამედ თავად პარლამენტის შიგნითაც - დღეს აპარატში დაახლოებით 50 თანამშრომელს უფრო მაღალი ხელფასი აქვს, ვიდრე პარლამენტის წევრებს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ როგორც მოქმედი რეგლამენტით, ასევე მასში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის თავდაპირველი ვარიანტით პარლამენტის წევრების ხელფასები კონკრეტული რიცხვებით იყო წარმოდგენილი, თუმცა პროექტი დაკორექტირდა და ანაზღაურების ამსახველი რიცხვები შესაბამისი კოეფიციენტებით ჩანაცვლდა.

კერძოდ, დეპუტატების ხელფასებთან დაკავშირებით დადგენილი იქნება 7-დან 8.5-მდე კოეფიციენტი. როგორც ცვლილებების ინიციატორმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა თქვა, კანონით დადგენილი კოეფიციენტების ათვისება ბოლომდე არ ხდება. პაპუაშვილის განცხადებით, კანონით დადგენილი კოეფიციენტის მაქსიმალური ზღვარი 8-დან 10-მდეა, ხოლო პარლამენტის წევრების ხელფასებთან დაკავშირებით 7-დან 8.5-მდე წესდება, რითაც კოეფიციენტების ზღვარს 85%-ით მიუახლოვდება.

კომენტარები