კარვების კანონი

ეუთო/ოდირმა ე.წ. კარვების კანონი უარყოფითად შეაფასა

ტაბულა

ეუთო/ოდირმა (OSCE/ODIHR) შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებები უარყოფითად შეაფასა.

"სახელმწიფოებს გააჩნიათ პოზიტიური ვალდბეულება პატივი სცენ, დაიცვან და ხელი შეუწყონ მშვიდობიანი შეკრების უფლების განხორციელებას დისკრიმინაციის გარეშე. მშვიდობიანი შეკრების უფლება შეკრების ფართო სპექტრს მოიცავს – მათ შორის გრძელვადიან დემონსტრაციებს, მჯდომარე აქციებს, მანიფესტანტების მიერ დემონსტრაციის ადგილის დაკავებასა და მათთვის მშვიდობიანი შეკრების ფორმის არჩევის თავისუფლებას. მანიფესტანტები თავისუფლები უნდა იყვნენ საკუთარი გზავნილის გამოხატვის ფორმაში, მათ შორის მოიაზრება დროებითი კონსტრუქციების აღმართვაც. ზოგიერთ შემთხვევაში, პროტესტის კონკრეტულმა სახემ და ფორმამ, მაგალითად, კარვების დროებითმა ბანაკებმა, შესაძლოა მისი გზავნილისაგან განუყოფელი სიმბოლური მნიშვნელობაც კი შეიძინოს" - წერს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი. 

OSCE/ODIHR-ის შეფასებით, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართელოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით გათვალისწინებული შემთხვევები ნათლად განსაზღვრული არ არის და შეზღუდვის დაწესების საფუძვლები ფართოა. ეუთო/ოდირი-ს თქმით, არსებობს ხელისუფლების მხრიდან კანონის თვითნებული ან დისკრიმინაციული გამოყენების რისკები. 

პარლამენტმა შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში 4-5 ოქტომბერს ცვლილებები სამი მოსმენით მიიღო.  პრეზიდენტმა აღნიშნული ცვლილებებს "კიდევ ერთი ანტიევროპული კანონი" უწოდა და 17 ოქტომბერს ვეტო დაადო. 

საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე OSCE/ODIHR-ს წერილობით 18 ოქტომბერს მიმართა და სამართლებრივი შეფასების წარმოდგენა სთხოვა


 

  • რას ითვალისწინებს "კარვების კანონი" ?

კანონპროექტის მიხედვით, იზღუდება შეკრებისა ან მანიფესტაციის დროს, დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შესაძლებლობა.

კონსტრუქციის მოწყობა იკრძალება, თუ:

  1. საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; 
  2. ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; 
  3. იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  4. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ასევე, თუ შეკრებისა ან მანიფესტაციის ჩატარებისთვის დროებითი კონსტრუქცია აუცილებელი არაა, მაშინ იკრძალება მისი მოწყობა საჯარო სივრცის დამახინჯების თავიდან ასარიდებლად.

  • რა მოხდება კანონდარღვევის შემთხვევაში?

კანონპროექტის თანახმად, თუ გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორმა არ მოუწოდა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისკენ, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენისკენ ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟისკენ, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრემ არ განახორციელა დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, კანონდარღვევისთვის დაეკისრებათ სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

 

 

კომენტარები