კარვების კანონი

პრეზიდენტმა ე.წ კარვების კანონს ვეტო დაადო

სალომე ზურაბიშვილმა შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს ვეტო დაადო და მას "კიდევ ერთი ანტიევროპული კანონი" უწოდა. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ადასტურებს.

"პრეზიდენტმა პარლამენტში იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებამდე ხელი მოაწერა ოთარ ფარცხალაძისათვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ბრძანებულებას და ვეტო დაადო შეკრებებისა და მენიფესტაციების შესახებ კანონში შეტანილ ცვლილებებს, როგორც კიდევ ერთ ანტიევროპულ კანონს" - ნათქვამია ადმინისტრაციის გავრცელებულ ინფორმაციაში.

საკანონმდებლო ორგანომ ე.წ კარვების კანონი დაჩქარებული წესით განიხილა და 4-5 სექტემბერს სამივე მოსმენით მიიღო.


18 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ გარკვეული ჯგუფი ხელისუფლების გადაყენების მიზნით ქვეყანაში არეულობის მოწყობას გეგმავს. სუს-ის განცხადების მიხედვით, განიხილება მოვლენათა განვითარების რამდენიმე სცენარი, რომელიც მოიცავს "კარვების ქალაქის" მოწყობას, ცენტრალურ გამზირებთან, სტრატეგიულ ობიექტებსა და მთავრობის შენობებთან ბარიკადების აღმართვას. 

ამასთანავე, სუს-ის ინფორმაციით, იგეგმება "კარვების ქალაქის" ტერიტორიაზე ასაფეთქებელი მოწყობილობის შეტანა და გააქტიურება.

სწორედ ამ განცხადებაზე დაყრდნობით, 27 სექტემბერს პარლამენტის წევრებმა, ანრი ოხანაშვილმა, ირაკლი ბერაიამ, გივი მიქანაძემ, რატი იონათამიშვილმა, ირაკლი შატაკიშვილმა, თენგიზ შარმანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ შეიმუშავეს კანონპროექტი, რომელიც შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში ცვლილებებს ითვალისწინებს. კანონპროექტის ავტორების მტკიცებით, მიზანი ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში დაგეგმილი არეულობის მოსალოდნელი საფრთხის თავიდან აცილებაა. 

  • რას ითვალისწინებს "კარვების კანონი" ?

კანონპროექტის მიხედვით, იზღუდება შეკრებისა ან მანიფესტაციის დროს, დროებითი კონსტრუქციების მოწყობის შესაძლებლობა. კერძოდ, კონსტრუქციის მოწყობა იკრძალება, თუ:

  1. საფრთხეს უქმნის შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ან სხვა პირებს; 
  2. ხელს უშლის პოლიციის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვას; 
  3. იწვევს საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის ნორმალური ფუნქციონირების შეფერხებას;
  4. შეკრების ან მანიფესტაციის ჩატარებას არ უკავშირდება.

ასევე, თუ შეკრებისა ან მანიფესტაციის ჩატარებისთვის დროებითი კონსტრუქცია აუცილებელი არაა, მაშინ იკრძალება მისი მოწყობა საჯარო სივრცის დამახინჯების თავიდან ასარიდებლად.

  • რა მოხდება კანონდარღვევის შემთხვევაში?

კანონპროექტის თანახმად, თუ გაფრთხილებიდან უახლოესი 15 წუთის განმავლობაში ორგანიზატორმა არ მოუწოდა შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს ტრანსპორტის სავალი ნაწილის გახსნისკენ, ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენისკენ ან/და დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟისკენ, აგრეთვე შესაბამისი გაფრთხილების მიღების შემდეგ დროებითი კონსტრუქციის მესაკუთრემ არ განახორციელა დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟი, კანონდარღვევისთვის დაეკისრებათ სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 500 ლარის ოდენობით ან სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით, ხოლო თუ დამრღვევი ორგანიზატორია, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია და ჯარიმა 5 000 ლარის ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 15 დღემდე ვადით.

კომენტარები