გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის თქმით, 2024 შესაძლოა და უნდა იყოს სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის მშვიდობის წელი, "ეს არის შესაძლებლობა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა". ამის შესახებ შოლცმა ბერლინში, აზერბაიჯანის პრეზიდენტთან, ილჰამ ალიევთან შეხვედრის დროს ისაუბრა.
"რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ სომხეთისა და აზერბაიჯანის კონფლიქტი და ჩვენ ვთანხმდებით, რომ ეს კონფლიქტი უნდა გადაწყდეს მშვიდობიანად, ამის შანსები იმაზე მაღალია, ვიდრე დიდი ხნის განმავლობაში ყოფილა. სწორედ ამიტომ, სწორია, რომ ახლა პირდაპირი პირადი კონტაქტი გაქვთ პრემიერმინისტრ ფაშინიანთან. მიუნხენში ჩვენს ბოლო შეხვედრაზე ორივემ დამარწმუნეთ, რომ გადაუწყვეტელი საკითხები მხოლოდ მშვიდობიანად მოგვარდება. 2024 შესაძლოა და უნდა იყოს რეგიონისთვის მშვიდობის წელი. ეს არის შესაძლებლობა და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. ბოლო ცნობები დემარკაციის ხაზთან დაკავშირებით წინასწარი შეთანხმების შესახებ იმედის მომცემია. ახლა დროა, ეს იმპულსი შენარჩუნდეს და მომდევნო გამბედავი ნაბიჯები გადაიდგას". - თქვა შოლცმა.
გერმანიის კანცლერის თქმით, მან ალიევთან ასევე განიხილა რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ და ამ ომის გავლენა აზერბაიჯანსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონზე.
თავის მხრივ, ილჰამ ალიევის თქმით, ბაქო დადებითად აფასებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებს.
"დღეს სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიმდინარე პროცესის შედეგად საზღვრების დელიმიტაცია და დემარკაცია დაიწყო. ჩვენ დაგვიბრუნდა ოთხი აზერბაიჯანული სოფელი, რომლებიც 1990 და 1992 წლებში იყო ოკუპირებული. ასევე, უნდა ვთქვა, რომ დღეს, დილით მუშაობა შეაჩერა აზერბაიჯანში მდებარე რუსეთ-თურქეთის ერთობლივმა მონიტორინგის ცენტრმა. ამის საჭიროება უკვე აღარ არსებობს. შესაბამისად მშვიდობის მისაღწევად ძალიან კარგი შესაძლებლობებია. მზად ვართ, ვითანამშრომლოთ ქვეყნებთან, რომლებსაც სურთ, ამ საკითხში დახმარება. ვიმედოვნებთ, რომ უახლოეს პერიოდში პოზიტიური ნაბიჯები ამ მიმართულებითაც გადაიდგმება. განსაკუთრებულად ვაფასებთ გერმანიის მხარდაჭერას ამ სფეროში და ამისთვის მადლობელი ვართ". - თქვა ალიევმა.
გარდა ამისა, ალიევმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი, რომელიც მდიდარია როგორც ენერგიის ტრადიციული, ისე განახლებადი წყაროებით, მომავალშიც ევროპის მნიშვნელოვანი პარტნიორი იქნება.