თავდაცვის კოდექსი

პარლამენტმა თავდაცვის კოდექსში ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა

საქართველოს პარლამენტი

პარლამენტმა "თავდაცვის კოდექსში" შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით დაამტკიცა. კანონპროექტს მხარი 81-მა დეპუტატმა დაუჭირა. 

ამასთან, კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობა იყო და მას დაჩქარებული წესით განიხილავდნენ. 

ცვლილებების ფარგლებში იცვლება სრულიად დისტანციურ რეჟიმში მოსწავლე სტუდენტების მიერ სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადების შესაძლებლობის წესი და მათ ეს შესაძლებლობა ჩამოერთმევათ. შეზღუდვა ვრცელდება იმ პირებზეც, რომლებიც უცხოური უნივერსიტეტების სტუდენტები გახდებიან, თუმცა სასწავლო პროცესში ჩართული იქნებიან სრულად დისტანციურად, საქართველოდან.

გადავადებაზე არსებული შეზღუდვა არ ეხება მათ, ვინც ნაწილობრივ დისტანციურ რეჟიმში ისწავლის.

ამას გარდა, ეს შეზღუდვა არ იმოქმედებს მათზე, ვინც სტუდენტის სტატუსი ამ კანონპროექტის დამტკიცებამდე მიიღეს.

კანონპროექტის მიხედვით, გაწვეულ სტუდენტებს, რომლებზეც ეს შეზღუდვა ვრცელდება, შეეძლებათ აირჩიონ სავალდებულო სამხედრო სამსახურის ხელსაყრელი ფორმა: გაიარონ რეზერვის უმცროსი ოფიცრის ნებაყოფლობითი სამხედრო მომზადების პროგრამა, სტუდენტებისთვის განკუთვნილი 4-წლიანი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სამხედრო სამსახურისთვის გამოყოფილი იქნება კვირაში რამდენიმე დღე, ან აირჩიონ სამხედრო სამსახურის რომელიმე ფორმა, რომლებიც 6, 8 და 11-თვიანია.

ასევე ნათქვამია, რომ სრულად დისტანციურ სასწავლო პროცესში ჩართულ სტუდენტებს ხელს შეუწყობენ სავალდებულო სამხედრო სამსახურის პარალელურად სწავლაში: "სამხედრო მოსამსახურეს უფლება აქვს, სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ისწავლოს ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მეთაური სამხედრო სამსახურის პირობების გათვალისწინებით ხელს უწყობს სამხედრო მოსამსახურეს განათლების უფლების განხორციელებაში, სამხედრო მოსამსახურე ქვედანაყოფის დისლოკაციის ადგილებში სარგებლობს ბიბლიოთეკებით, სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო დაწესებულებებით, სპორტული ნაგებობებითა და ინვენტარით".

ტექსტიდან გარკვევით არ ჩანს, შეეძლებათ თუ არა სავალდებულო სამხედრო სამსახურის გადავადება იმ სტუდენტებს, რომლებიც ხელმეორედ ჩააბარებენ იგივე აკადემიურ საფეხურზე, რომელზეც აქამდე სწავლობდნენ. როგორც გირჩის დეპუტატი, ალექსანდრე რაქვიაშვილი წერს, "აუქმებენ გადავადებას, თუ ერთი და იგივე საფეხურზე მეორეჯერ სწავლობ".

ამას გარდა, ცვლილება შედის არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის მიმართულებითაც. დამტკიცებული კანონპროექტის თანახმად, მოქალაქეს უფლება აქვს ალტერნატიულ შრომით სამსახურში გაწვევის ბრძანების მიღებიდან 15 დღეში გადაწყვეტილება გაასაჩივროს, თუმცა ეს გადაწყვეტილების მოქმედებას არ აჩერებს.

კომენტარები