პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება

პრეზიდენტმა თავდაცვის ახალ კოდექსს ხელი მოაწერა

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

საქართველოს პრეზიდენტმა თავდაცვის ახალ კოდექსს ხელი მოაწერა. მიზეზებზე პრეზიდენტის მთავარმა მრჩეველმა სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში, დავით თევზაძემ საგანგებო ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, ხარვეზების მიუხედავად, კანონი აწესრიგებს ერთ-ერთ საზოგადოებისთვის ცნობილ და მნიშვნელოვან პრობლემას. კერძოდ, ამიერიდან  სავალდებულო სამხედრო სამსახურს წვევამდელები მხოლოდ თავდაცვის ძალებში გაივლიან, რაც პრეზიდენტის მრჩევლის შეფასებით, “შეესაბამება სამხედრო სამსახურის არსს და ქვეყნის ინტერესს”. დავით თევზაძის თქმითვე, დასრულდება ის მავნე პრაქტიკა, რომელიც წლების მანძილზე იყო დამკვიდრებული, როდესაც სავალდებულო სამსახურის გავლა ახალგაზრდებს სხვადასხვა უწყებაში, ძირითადად, საყარაულო ჯიხურებში უწევდათ.

“ამავე ტექსტში, გარკვეულწილად მოწესრიგდა სასულიერო პირების მიერ ალტერნატიული სამხედრო სამსახურის გავლის საკითხი, თუმცა, სამხედრო ვალდებულების მოხდასთან დაკავშირებით, საჭიროა მუშაობის გაგრძელება, რათა მეტად გათვალისწინებული იყოს კონფესიებს შორის სასურველი თანასწორობის  პრინციპი.

სამწუხაროა, რომ მიუხედავად ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევებისა, ჯერ კიდევ ყოველწლიურად გასაწვევი მცირე რიცხობრივი კონტინგენტი არ ესატყვისება არც რეალურ დემოგრაფიულ მონაცემებს, არც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს” - თქვა თევზაძემ.

როგორც პრეზიდენტის მთავარი მრჩეველი სტრატეგიული დაგეგმვის საკითხებში ამბობს, ასევე დამაფიქრებელია, რომ თავდაცვის კოდექსში ადგილი არ აღმოჩნდა საზღვაო თავდაცვის ძალებისთვის.

“ საზღვაო სივრცეზე სტრატეგიული და ოპერატიული ამოცანების გადაწყვეტა საზღვაო პოლიციის იმედადაა დარჩენილი. და ბოლოს, ეროვნული თავდაცვის საბჭოს, თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული, უფლებამოსილება და საქმიანობის წესი არ ესატყვისება იმ მოცემულობას, რომელიც დადგენილია კონსტიტუციით, რის გამოც გაურკვეველია კოორდინაცია დღეს მოქმედ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და თავდაცვის საბჭოს შორის, რამაც საომარი მდგომარეობის მართვისას შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნას" - განაცხადა დავით თევზაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

თავდაცვის კოდექსში შესატანი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით 21 სექტემბერს მიიღო. განმარტებითი ბარათის მიხედვით, ცვლილება მიზნად ისახავს თავდაცვის ძალების მართვის ეფექტიანობის ამაღლებას, სამხედრო სამსახურის გავლასთან დაკავშირებულ ნორმებში გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებასა და თავდაცვის სფეროში ერთიანი კოდიფიცირებული სამართლებრივი აქტის შექმნას.

მთავრობაში ამბობენ, რომ კანონპროექტი ფინურ-ესტონურ მოდელს ეფუძნება, რაც ერთი შეხედვით მართალიც არის, თუმცა რამდენად ანალოგიურად მოხდება დასახული მიზნების რეალიზაცია და რა დამატებითი კრიტერიუმებია საჭირო იმისთვის, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა ფინურ მოდელს გაუტოლდეს, ეს ცალკე საკითხად რჩება.

მმართველი გუნდი ირწმუნება, რომ კანონის მიზანი წვევამდელებისა და სამხედრო მოსამსახურეებისთვის უკეთესი პირობების და სარგებლების შეთავაზებაა, პარალელურად კი, ამბობენ, რომ მათი ერთ-ერთი მიზანი სამართლებრივი ხვრელების გაქრობაა. კერძოდ, ცვლილება შეეხო “ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების" შესაძლებლობას, დაეხმარონ ცალკეულ პირებს, თავი აარიდონ სავალდებულო გაწვევას. საუბარია პარტია გირჩის მიერ შექმნილ ბიბლიურ თავისუფლებაზე, რომლის სასულიერო პირის სერტიფიკატის დახმარებითაც ზოგიერთი ახალგაზრდა სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს არიდებდა. პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავად თქვა, რომ კანონმდებლობის შეცვლის “მთავარი მოტივაცია იყო სწორედ ამ გირჩის გამოწვევის დაძლევა”.

მნიშვნელოვანი ცვლილებაა ისიც, რომ კანონის მიღების შემდეგ, წვევამდელებს ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს სისტემაში შეეძლებათ. შესაბამისად, გაწვეულებს აღარ მოუწევთ ვალდებულების მოხდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბაზებზე. ეს სიახლე 2025 წელს ამოქმედდება.

კომენტარები