პარტიების დაფინანსების შეზღუდვა

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს პარტიებისათვის შემოწირულობის შეზღუდვის ინიციატივას

პარლამენტი ქართული ოცნების საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც პოლიტიკური პარტიების მიერ იურიდიული პირებისგან ფინანსური და მატერიალური შემოწირულობების მიღების შეზღუდვას ეხება, დაჩქარებული წესით განიხილავს. გადაწყვეტილება დღეს გამართულ ბიუროს სხდომაზე მიიღეს.

მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილების თანახმად, იურიდიულ პირებს პარტიებისთვის შემოწირულობების გაცემა აეკრძალებათ. ასევე, პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.05%-დან 0.04%-მდე მცირდება.

მმართველი პარტიის მითითებით, აღნიშნული ინიციატივა დეოლიგარქიზაციის გეგმის ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს და ოპოზიციური პარტიების მიერ არალეგალური გზებით ე.წ შავი ფულის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული.

"შავი ფული ისეთი უნდა ოპოზიციაში რომ არის და ხან კვიპროსიდან მოაქვთ და ხან ლონდონიდან და სულ ახლახან რომ იყვნენ ერთ და მეორე ქვეყანაში ჩასულები, კეზერაშვილისგან რომ იღებენ ევროპელი პენსიონერებისგან წართმეულ ფულს. აი, შავი ფული ეს არის და ამ შავი ფულის საქართველოში ტრანსპორტირებაში რომ არიან ჩართულები და მათ შორის, თავშესაფარი რომ აქვს მიღებული ზოგიერთ ასეთ ოლიგარქს, ეს არის პრობლემა [...] კიდევ უნდა ველოდოთ დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმის დარჩენილი 59 გვერდის შესრულებას, ეს მხოლოდ ერთი ფურცელი და ერთი წინადადებაა თითქმის 60-გვერდიან სამოქმედო გეგმაში. ეს არის დასაწყისი". - თქვა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები