ჯანდაცვა

"DRG-ის ეს ფორმა დამღუპველია, ვწყვეტ პრაქტიკას" – თსსუ-ს საუნივერსიტეტოს ტრავმატოლოგიის უფროსი

ahtbilisi.com

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ტრავამტოლოგია-ორთოპედიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ლევან ჩიკვატია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დანერგილ DRG სისტემას დამღუპველს უწოდებს და წერს, რომ პრაქტიკას წყვეტს. ექიმის ცნობით, არსებულ პირობებში ოპერაციების გაკეთება უხარისხო იმპლანტებით მოუწევთ, რაც პროცედურის ხარისხზე აისახება.

"DRG-ის ფასების გათანაბრებამ გამოიწვია უხარისხო, საერთოდ რეგისტრში არმყოფი იმპლანტების ამოტივტივება, რაც შემდგომში პირდაპირპროპორციულია ჩატარებული ოპერაციის ხარისხსა და შედეგის! 4-თვიანი ლოდინის, საუბრების და პეტიციების მიუხედავად, არაფერი იცვლება. ჩატარებული ოპერაციიდან მიღებულ ხელფასზე ხომ საერთოდ ზედმეტია ლაპარაკი – ძირითადად 80-120 ლარის დიაპაზონში მერყეობს. ვინაიდან მე გახლავართ სახელმწიფო კლინიკის თანამშრომელი, ჩვენთან (გამომდინარე გარემოებებიდან) საერთოდ შეუძლებელია ვარირება იმპლანტებთან მიმართებით. ანუ, მე მაქვს უფლება ჩაგიყენოთ "ნაგავი" 80-120 ლარად!!! და მორჩა.

შესაბამისად, მე, ლევან ჩიკვატია, იძულებული ვარ შევწყვიტო (იმედია დროებით) ჩემი პრაქტიკული მოღვაწეობა თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. სხვა სიტყვებით, რომ ავხსნა 80-120 ლარად ვიხმარო ნაგავი. მე მიყვარს ჩემი უნივერსიტეტი და, რა თქმა უნდა, ვაგრძელებ პედაგოგიურ მოღვაწეობას აქვე, იმ იმედით, რომ რაღაცა შეიცვლება, რისიც აღარ მჯერა". – წერს ჩიკვატია სოციალურ ქსელში.

DRG სისტემის საქართველოში დანერგვა, რომელიც მიზნად დამფინანსებელსა და მიმწოდებელს შორის ურთიერთობის მოგვარებას ისახავს, სინამდვილეში, ყველაზე დიდ ცვლილებას პაციენტებისთვის წარმოადგენს. დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების ახალი მოდელის თეორიული მიზანი ხარჯების შემცირება და კლინიკების ოპორტუნისტური ქცევების შეცვლაა, თუმცა, ძალიან მალე აღმოჩნდება, რომ მისი "გვერდითი ეფექტი" პაციენტისთვის ფინანსური ტვირთის გაზრდა და მომსახურეობის ხარისხის მკვეთრი შემცირება იქნება. 

კომენტარები