ჯანდაცვა

წერეთელი: ჯანდაცვის კანონში ცვლილება ქმნის არასაჭირო, რეპრესიულ მექანიზმებს

გიგი წერეთელი
ევროპული საქართველო

ევროპული საქართველოს პოლიტსაბჭოს თავჯდომარე, გიგი წერეთელი პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე გამოეხმაურა პარლამენტში მიმდინარე განხილვას ჯანდაცვის კანონმდებლობაში შესატან ცვლილებებზე რეგულირებისა და კონტროლის კუთხით. 

წერეთლის თქმით, აღნიშნული ცვლილება ხელს შეუშლის სამედიცინო სფეროს მუშაობას და იმ პირობებში, როდესაც უკვე არსებობს კონტროლის ბერკეტები, აღნიშნული ცვლილება მხოლოდ დამატებითი რეპრესიული მექანიზმი იქნება მთავრობის ხელში.

"მიგვაჩნია, რომ ეს ცვლილებები და მათი დაჩქარებულად მიღება არის არასწორი. ყველა ეს შემოთავაზება ქმნის აბსოლუტურად არასაჭირო და დამატებით, პრაქტიკულად რეპრესიულ მექანიზმებს. მაშინ, როდესაც ჯანდაცვის სამინისტროსა და შესაბამისი მარეგულირებელ საბჭოს აქვთ თავისუფლება, რომ შეამოწმონ საჭიროების მიხედვით სანებართვო და სალიცენზიო უფლება და რამე დარღვევაზე ირეაგირონ. ოღონდ, აქ არის გარკვეული რეგლამენტირება, რომელიც უნდა იყოს ნებისმიერი ნორმალური ქვეყნის კანონმდებლობაში, რადგან ეს ძალიან სენსიტიური სფეროა". – ამბობს წერეთელი.

ევროპული საქართველოს წევრის მიხედვით, პრობლემას ასევე ქმნის აღნიშნული ციკლიდან სასამართლოს როლის ამოღება. 

"სასამართლო მაინც არის გარკვეული ფილტრი, რათა ყოველთვის არ ხდებოდეს შესვლა. ამის უფლებაც აქვთ წელიწადში ერთხელ და ჩვენ მოვიძიეთ ინფორმაცია, რომ სასამართლოს არასდროს უთქვამს უარი სამინისტროს და შესაბამისი უწყების მოთხოვნაზე, შესულიყვნენ შემოწმებაზე დაწესებულებაში". – თქვა წერეთელმა. 

წერეთლის თქმით, კანონში ცვლილებების ამ სახით შეტანის მიზანი სამედიცინო სექტორზე წნეხის გაზრდა და საჭიროების შემთხვევაში პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორებისთვის გამოყენებაა.

"მიგვაჩნია, რომ ეს კანონი თუ იქნება ამ სახით მიღებული, იქნება მხოლოდ და მხოლოდ იმისთვის, რომ გაზარდონ წნეხი სექტორზე, იყოს კონტროლი ამ სფეროსი, რისი სურვილიც არის ყველა სფეროში და ეს გახდება პოლიტიკური და პირადი ანგარიშსწორების საფუძველი და რაც მთავარია, გაზრდის სისტემაში კორუფციის საფრთხეს". – ამბობს წერეთელი. 

საქართველოს პარლამენტში განიხილება კანონმდებლობა, რომლის მიხედვით სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს უფლებამოსილებები ეზრდება. კერძოდ, ჯანმრთელობის დაცვის შესახებ კანონში დაგეგმილი ცვლილებების მიხედვით, მაკონტროლებელ ორგანოს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ ობიექტებზე თავისუფლად, წინასწარი შეტყობინების გარეშე, ნებისმიერ დროს შესვლის, მასალის, ნივთის და ა.შ. გამოთხოვის შესაძლებლობა, ასევე საზედამხედველო ობიექტის (ან მისი ნებისმიერი ნაწილის) დათვალიერების, ხელშეუხებლობის მოთხოვნის, დალუქვის და ამოღების უფლებამოსილებები ენიჭება.

კომენტარები