მაუწყებლობის შესახებ კანონი

ვინ გადაწყვეტს, რა ხამს და რა უხამს მაუწყებლებს

მაუწყებლობის შესახებ კანონი

ვინ გადაწყვეტს, რა ხამს და რა უხამს მაუწყებლებს

პარლამენტმა მაუწყებლობის შესახებ კანონში შესატანი მორიგი ცვლილებები 18 ოქტომბერს დაჩქარებული წესით პირველი მოსმენით მიიღო [განახლება: პარლამენტმა კანონპროექტი მასალის გამოქვეყნების დღესვე მესამე მოსმენით დაამტკიცა]. ქართული ოცნების დეპუტატების მიერ მხარდაჭერილი ცვლილებები ითვალისწინებს ახალ ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი გახდება ამავე კანონით აკრძალული "სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამისა და რეკლამის" გავრცელების დარღვევასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრება. დარღვევის შემთხვევაში კომუნიკაციების  კომისია უფლებამოსილი იქნება, მაუწყებლობას დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ანუ ჯარიმა.

არსებული კანონმდებლობით, სიძულვილის ენისა და ტერორიზმის შესახებ მუხლი ერთ-ერთი იყო იმ კატეგორიის მუხლებიდან, რომელთა დარღვევასთან დაკავშირებით რეაგირება შესაძლოა მოხდეს მხოლოდ მაუწყებლის თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში, ხოლო მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია. ინიცირებულ ცვლილებებამდე კომუნიკაციების კომისია მაუწყებლობის პროგრამების შინაარსის შეზღუდვას მხოლოდ "მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნების დაცვის" ჭრილში და მუხლის ქვეშ ახერხებდა.

ახალი კანონპროექტით კომუნიკაციების კომისია მედიებზე გავლენის მოხდენის კიდევ ერთ ბერკეტს შეიძენს, თუმცა ინიცირებული ტექსტის პრობლემა მხოლოდ ეს არ არის.

"იკრძალება პორნოგრაფიის, აგრეთვე ადამიანისა და მოქალაქის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსება, რომელიც შეიცავს უხამსობას" - წერია პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტში.

იდენტური ჩანაწერი ასევე იდენტურად ბუნდოვნად განმარტებული "უხამსობის" ტერმინით უკვე არსებობდა მაუწყებლობის შესახებ კანონის 56-ე მუხლში. საქმე ის არის, რომ მაუწყებლობის მიერ ამ მუხლის შესაძლო დარღვევაზე რეაგირება მხოლოდ მედიის თვითრეგულირების ორგანოს შეეძლო, ანუ მედიას საკუთარ სტრუქტურაში არსებული დამოუკიდებელი ორგანოს საშუალებით უნდა ემსჯელა მისი თავისუფალი გამოხატვის ფორმა იყო თუ არა სტანდარტებთან შეუსაბამო. ახალი რედაქციის კანონში ქართული ოცნების დეპუტატებმა ეს პუნქტი 56-ე მუხლიდან ამოიღეს და უცვლელად გადაიტანეს 561-ე მუხლში (მავნე ზეგავლენისგან არასრულწლოვნის დაცვა), რომელიც კომუნიკაციების კომისიის განსჯას პირდაპირ ექვემდებარება.

მიუხედავად იმისა, რომ აქამდე კანონის თანახმად უხამსობის შესახებ ჩანაწერი კომუნიკაციების კომისიის განსჯის სფერო არ იყო, წლების განმავლობაში კომისია რიგ შემთხვევებში აღნიშნულ მუხლს მედიების შესახებ საჩივრების განხილვაში იყენებდა და გამამტყუნებელ განაჩენსაც ადგენდა, თუმცა არა ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობასთან ერთად. კომუნიკაციების კომისიას ამ მუხლის გამოყენების არგუმენტად მოჰყავდა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც სასამართლომ არაკონსტიტუციურად მიიჩნია 56-ე მუხლის მე-4 პუნქტის (უხამსობა) დარღვევაზე სასამართლოსთვის მიმართვის აკრძალვა და განხილვის ერთადერთ ინსტრუმენტად თვითრეგულირების ორგანოს დატოვება. საქმე ისაა, რომ რეალურად გადაწყვეტილებაში საუბარი, როგორც მხარეების, ისე სასამართლოს მხრიდან სწორედ სასამართლოში გასაჩივრების უფლებაზე მიმდინარეობდა (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველ პუნქტის გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც: "ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს"), ხოლო კომისიის მანდატი  ამ საქმეში არც პირდაპირ და არც ირიბად არ განხილულა. კომისია არასწორი ინტერპრეტაციით მიიჩნევდა, რომ ვინაიდან მაუწყებლობის შესახებ კანონში ნათქვამი იყო - "თვითრეგულირების მექანიზმის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების სასამართლოში, კომისიაში ან სხვა ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრება დაუშვებელია", სასამართლოს შესახებ გადაწყვეტილება ავტომატურად მასზეც ვრცელდებოდა.

საკონსტიტუციოს გადაწყვეტილების შედეგად 56-ე მუხლის მეოთხე პუნქტის დარღვევის შემთხვევაში თვითრეგულირების ორგანოს არსებობის პარალელურად გაჩნდა მისი მხოლოდ სასამართლოში გასაჩივრების შესაძლებლობა და ისიც მხოლოდ იმ მიზნით, რომ კონკრეტულ ინდივიდს ჰქონდეს შელახული კონსტიტუციური უფლების აღდგენის - ამ შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვის საშუალება.

ამრიგად, ამჟამად ინიცირებული კანონპროექტის მიღების შემდეგ კომუნიკაციების კომისია შეძლებს დამატებითი საკანონმდებლო კრიტიკის გარეშე უფრო მარტივად განსაჯოს მაუწყებლობების პროგრამებისა და რეკლამების შინაარსი. მის გადაწყვეტილებაზე იქნება დამოკიდებული, მედია არღვევს თუ არა სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის/რეკლამის გავრცელების აკრძალვას, ან პორნოგრაფიის, ადამიანის ღირსებისა და ძირითად უფლებათა შემლახავი ისეთი პროგრამის ან რეკლამის განთავსების აკრძალვას, რომელიც შეიცავს უხამსობას.

პირველი მოსმენით მიღებულ კანონპროექტის შინაარსს გამოეხმაურა მედიის ადვოკატირების კოალიციაც. ორგანიზაციების გაერთიანება მიიჩნევს, რომ კომუნიკაციების კომისიის ხელში დამატებითი ძალაუფლების  კონცენტრაცია ზრდის მისი ბოროტად გამოყენების რისკს. 

"წარსული პრაქტიკის გათვალისწინებით, მედიის ადვოკატირების კოალიციისა და მედია ორგანიზაციებს შეშფოთების სრულიად  ლეგიტიმური საფუძველი აქვს" - ამბობენ კოალიციაში.

მაგალითად, 2020 წელს მთავარი არხის ჟურნალისტმა ერთ-ერთ სიუჟეტში, რომელიც "ერთპიროვნულ პარლამენტსა და პოლიტიკურ პარტიას" შეეხებოდა, მოიყვანა ციტატა ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებიდან. მთავარი არხი ამტკიცებდა, რომ კომპონენტის უხამსად განმარტების პირობებში "უხამსობად ჩაითვლება პროგრამები, რომლებიც   შეიცავს   ქართულ   ხალხურ   შაირებს,   სადაც   ასევე   არის ეროტიკული კომპონენტები, ან ფერწერულ ტილოებს, რომლებზეც მკაფიოდ ჩანს ადამიანის გენიტალიები". 2021 წლის თებერვალში კომუნიკაციების კომისიამ მთავარი არხი სწორედ უხამსობის გამოყენების მოტივით სამართალდამრღვევად ცნო.

რა თქმა უნდა, ცვლილებების ძალაში შესვლის შემდეგ კომუნიკაციების კომისიას უფრო გაუმარტივდება უწოდოს უხამსობა იმას, რასაც ხელისუფლება ჩათვლის საჭიროდ.

ამჟამად მაუწყებლობის შესახებ კანონში უხამსობა განმარტებულია როგორც "ქმედება, რომელიც ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ეთიკურ ნორმებს და არა აქვს საზოგადოებრივ-პოლიტიკური, კულტურული, საგანმანათლებლო ან მეცნიერული ღირებულება".

მაშინ, როცა მმართველი პარტიის ლიდერები აქტიურად იყენებენ რიტორიკას, რომ მაგალითად, "დემოგრაფიული პერსპექტივა არ გვაძლევს ფუფუნებას, რომ არატრადიციული ქორწინების მიმართ ლიბერალურები ვიყოთ", რომ "დედა - ქალია, მამა კი კაცი" ან რომ ქართული "საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა ტრადიციულ, კონსერვატიულ ოჯახურ ღირებულებებს იზიარებს", შეგვიძლია შიშით ვივარაუდოთ, რა შეიძლება ჩათვალოს ხელისუფლების დაქვემდებარებაში მყოფმა კომუნიკაციების კომისიამ "საზოგადოებაში დამკვიდრებული ეთიკური ნორმების" დამრღვევ უხამსობად.

ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ უხამსობის ჩანაწერის გადანაცვლებას და კომისიას დაქვემდებარებას არ ითვალისწინებდა პარლამენტში კანონპროექტის ინიცირებული ვარიანტი, თუმცა ის გაჩნდა პირველი მოსმენით მიღებულ ჩანაწერში.

ქართული ოცნების დეპუტატები ამტკიცებენ, რომ ახალი რეაგირების მექანიზმის შექმნა და "კანონმდებლობის დახვეწა" გამოწვეულია ევროკავშირთან "შემოქმედებითი ევროპის" შეთანხმების ფარგლებში, რომელიც 2021 წლიდან დაიწყო და 2027 წლამდე გაგრძელდება. პროექტის განმავლობაში საქართველო 2.44 მილიარდ ევროს მიიღებს და გაფორმებულ შეთანხმებაში ნამდვილადაა ხაზგასმული, რომ მათ შორის მედიის სფეროში საქართველო მიიღებს პროექტებისთვის საჭირო ზომებს. ინიციატორები ასევე აღნიშნავენ, რომ ცვლილებების საფუძველი ასევე გახდა ევროკომისიის წერილი, რომელშიც ასახული იყო, თუ რა კუთხით უნდა მომხდარიყო კანონმდებლობის ცვლილება, თუმცა საუბრისას და განმარტებით ბარათში ზუსტად ვერ ადგენენ, წერილი 2022 წლის დეკემბერში მიიღეს, თუ 2023 წლის ზაფხულში. ტაბულამ კანონპროექტის საფუძვლად დასახელებული ევროკომისიის წერილის მისაღებად პარლმანეტს მიმართა.

დეპუტატები ასევე აღნიშნავენ, რომ ცვლილებების მიღების ვალდებულება გამომდინარეობს ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრული 12 რეკომენდაციიდანაც, რომელშიც მე-7 პუნქტი სწორედ თავისუფალი, პლურალისტული, დამოუკიდებელი მედია გარემოს ჩამოყალიბებას, ჟურნალისტების უფლებების დაცვას და მედიის მფლობელების წინააღმდეგ აღძრული საქმეების კანონიერებას გულისხმობს. ირონიულია, რომ ევროკომისიის შუალედური შეფასებით, საქართველოს მედიის შესახებ პუნქტში პროგრესი საერთოდ არ ჰქონია, ქართული ოცნება კი პროცესს მედიაზე ზეგავლენის კიდევ ერთი ბერკეტის შექმნით იწყებს.

სტატიის ფოტოზე კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე და წევრები მარცხნიდან მარჯვნივ: ივანე მახარაძე, ნათია კუკლაძე, კახა ბექაური, ვახტანგ აბაშიძე, ეკატერინე იმედაძე.

კომენტარები