დაძაბულობა უკრაინის საზღვრებთან

კულებამ უკრაინის, პოლონეთისა და დიდი ბრიტანეთის ალიანსის დაარსება ოფიციალურად გამოაცხადა

დმიტრო კულება და ლიზ თრასი

დაძაბულობის ზრდის ფონზე, უკრაინა, პოლონეთი და დიდი ბრიტანეთი უკვე ოფიციალურად აარსებენ უსაფრთხოებაში თანამშრომლობისა და ვაჭრობის განვითარების სამმხრივ მთავრობათაშორის ფორმატს. 

ამის შესახებ განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ, ლიზ თრასთან ერთად კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე. 

"გვაქვს პატივი, გამცნოთ უკრაინის, დიდი ბრიტანეთისა და პოლონეთის ახალი სამმხრივი თანამშრომლობის ფორმატის დაწყება. სულ მალე ჩვენი უწყებების ოფიციალურ ვებგვერდებზე გამოქვეყნდება სამი საგარეო საქმეთა მინისტრის შესაბამისი ერთობლივი განცხადებები", – თქვა დმიტრო კულებამ.

ალიანსის მთავარი დანიშნულება უნდა იყოს რუსული საფრთხისთვის წინააღმდეგობის გაწევა და ევროპის მომავალი უსაფრთხოებისთვის ერთობლივი მუშაობა, როგორც BBC-ის უკრაინული სამსახური წერს. 

ახალ ალიანსზე ინფორმაცია საჯაროდ პირველად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ლიზ ტრასმა გააჟღერა, 21 იანვარს, როდესაც ის ავსტრალიას ეწვია.

უკრაინამ, პოლონეთმა და გაერთიანებულმა სამეფომ ალიანსთან დაკავშირებით საერთო წერილი გაავრცელა. სრულად გთავაზობთ წერილს. 

გაერთიანებულ სამეფოს, პოლონეთსა და უკრაინას აქვთ ღრმა ისტორიული კავშირი, რომელიც ემყარება საერთო ღირებულებებს, მშვიდობისა და უსაფრთხოებისადმი ერთგულებას და საერთო ისტორიას იმ აგრესორების წინააღმდეგ, რომლებიც საფრთხეს უქმნიან თავისუფლებას ევროპაში.

კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, რომ თითოეული ევროპული სახელმწიფო თავისუფალია, აირჩიოს ან შეცვალოს საკუთარი უსაფრთხოების დაცვის ზომები, მათ შორის გადაწყვიტოს ალიანსის წევრობა. არც ერთ სახელმწიფოს არ აქვს უფლება ევროპის ნაწილი განიხილოს საკუთარ გავლენის სფეროდ.

სამი სახელმწიფო ვაგრძელებთ ერთობლივ მუშაობას სტაბილურობის დასაცავად, უკრაინაში მდგრადობის უზრუნველსაყოფად და აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის გასაძლიერებლად. 

სწორედ ამ მიზნით, დღეს გადავწყვიტეთ სამმხრივი თანამშრომლობის მემორანდუმის შემუშავება. ეს დაადასტურებს როგორც ჩვენს ერთგულებას სტრატეგიული თანამშრომლობის გაძლიერებისადმი, ისე ჩვენი, სამი ერის,  ჩართულობას უკრაინის მხარდასაჭერად პრიორიტეტულ საკითხებზე თანამშრომლობაში. 

ვიმუშვებთ, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი თანამშრომლობა, რომელიც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგი აქტივობებით: ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის მხარდაჭერა, კიბერ და ენერგო უსაფრთხოებაზე კორდინირებული თანამშრომლობის ზრდა, დეზინფორმაციის წინააღმდეგ სტრატეგიული კომუნიკაციის გაძლიერება.

რუსეთის მხრიდან მიმდინარე აგრესიის საპასუხოდ, გაერთიანებული სამეფო და პოლონეთი აგრძელებენ უკრაინის მხარდაჭერასა და თანადგომას, კვლავ რჩებიან სრულად ერთგულნი უკრაინელი ხალხის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და საერთაშორისო სივრცის მიერ აღიარებულ საზღვრებში მოქცეული ტერიტორიის მთლიანობის დაცვის მცდელობაში. 

რა არის ახალ ალიანსზე ცნობილი, წაიკითხეთ აქ – რა ვიცით დიდი ბრიტანეთის, პოლონეთისა და უკრაინის ახალი ალიანსის შესახებ.


11 თებერვალს აშშ-მ გამოაცხადა, რომ რუსეთი უკრაინაში შესაძლოა ნებისმიერ წამს შეიჭრას, იქამდე კი პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა აშშ-ს მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მოქალაქეების ევაკუაციისთვის ამერიკა სამხედროებს არცერთ შემთხვევაში გაგზავნის.

აშშ, დიდი ბრიტანეთი და ევროპის ზოგიერთი ქვეყანა საკუთარ მოქალაქეებს უკრაინის დატოვებისკენ მოუწოდებენ. რუსული მედიის ინფორმაციით, უკრაინის დატოვება დაიწყეს რუსმა დიპლომატებმაც. ქვეყანას ტოვებენ ისრაელის დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ოჯახის წევრებიც.

დაძაბულობის ფონზე, ბელარუსში რუსეთი-ბელარუსის ერთობლივი სამხედრო წვრთნები ტარდება. ამ მანევრების პასუხად, უკრაინა საკუთარი შეიარაღებული ძალების ვარჯიშებს ატარებს.

დაძაბული ვითარების ფონზე NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის გამტკიცებისთვის ევროპაში აშშ-ს დამატებმა სამხედრო ძალებმა უკვე დაიწყეს ჩასვლა. აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, პოლონეთსა და რუმინეთში 3 000-მდე ჯარისკაცი განთავსდება. დასავლური მედიის მიხედვით, რუსეთი უკრაინაში შეჭრისთვის 70%-ით მზად არის. გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთი შეჭრის წინაპირობის შესაქმნელად აღმოსავლეთ უკრაინაში ოპერაციას ამზადებს.

2021 წლის 11 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ NATO-ს სთხოვა, რომ გააუქმოს 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე დადებული პირობა, საქართველოსა და უკრაინის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.

რუსეთის მოთხოვნის საპასუხოდ NATO-ს გენერალური მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა თქვა, რომ ყველა ქვეყანას აქვს უფლება, აირჩიოს საკუთარი გზა, მათ შორის, თუ რა სახის უსაფრთხოების შეთანხმების მონაწილე სურს, რომ იყოს. მისივე შეფასებით, მიუღებელია, რომ რუსეთი ცდილობს, გავლენის სფეროების სისტემა აღადგინოს. 

მოგვიანებით 17 დეკემბერს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოაქვეყნა აშშ-სთან და NATO-სთან უსაფრთხოების გარანტიებზე მოლაპარაკების პროექტი. რუსეთი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და აშშ-ს, ფაქტობრივად, ჯარებისა და შეიარაღების 1997 წლის მაისის განლაგებაზე დაბრუნებას სთხოვს, ანუ იმ დროინდელ პოზიციებზე დაბრუნებას, სანამ აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს NATO-ში მიიღებდნენ. ასევე, მოსკოვი კიდევ ერთხელ ითხოვს ალიანსის გაფართოების შეჩერებასა და მასში უკრაინის გაწევრიანების დაუშვებლობას უსვამს ხაზს. პროექტის მიხედვით, NATO-მ უნდა შეაჩეროს სამხედრო საქმიანობა უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში.

იანვრის პირველ ნახევარში დასავლეთსა და რუსეთს შორის გამართული დიპლომატიური შეხვედრები უშედეგოდ დასრულდა.

აშშ-სგან და NATO-სგან რუსეთის ფედერაციამ საპასუხო მოთხოვნები წერილობითად მიიღო. დოკუმენტმა მოსკოვში უკმაყოფილება გამოიწვია. დასავლეთის პასუხში საუბარი იყო რუსული საოკუპაციო ძალების გაყვანაზეც საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. რუსეთის მხარე ამჟამად საპასუხო დოკუმენტზე მუშაობს.

15 თებერვალს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ მათ გაჰყავთ სამხედროების ნაწილები, რომლებმაც სამხედრო წვრთნები დაასრულეს. თუმცა დეესკალაციის შესაძლებლობას დასავლეთში ჯერჯერობით სკეპტიკურად უყურებენ. აშშ-ს პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის თქმით, რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს.

პარალელურად, რუსეთის დუმამ მხარი დაუჭირა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დამოუკიდებლობის აღიარებას და დასამტკიცებლად ვლადიმირ პუტინს მიმართა. ჯერჯერობით პუტინი ამბობს, რომ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მინსკის შეთანხმების მიხედვით იმოქმედებენ.

17 თებერვალს დაიძაბა სიტუაცია დონბასის რეგიონში, სადაც პრორუსი სეპარატისტები უკრაინის კონტროლირებადი დასახლებების მიმართულებით საარტილერიო ცეცხლს ხსნიან.

ვრცლად უკრაინის საზღვრებთან არსებული დაძაბულობისა და ომის შესაძლებლობის შესახებ წაიკითხეთ აქ – უკრაინა ახალი ომის მოლოდინში – დასავლეთს ძილის დრო არ აქვს.

კომენტარები