აშშ-ირანის ომი

WP: ამერიკელი სამხედროების სიკვდილის შემდეგ აშშ ირანთან ომის გაფართოებაზე ფიქრობს

აშშ-ს საჰაერო ძალების F-16 Falcon-ი ცენტრალური სარდლობის პასუხისმგებლობის ზონაში. 2026 წლის 21 მაისი.
CENTCOM

აშშ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებების გაფართოების შესაძლებლობას განიხილავს. ამის შესახებ The Washington Post ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

გამოცემის ცნობით, ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაციის გეგმების განხილვა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასული კვირის განმავლობაში ირანის თავდასხმების შედეგად ოთხი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა.

"აშშ უფრო ფართო ომისთვის ემზადება." - თქვა The Washington Post-თან ანონიმურად ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა.

ამავე წყაროს თქმით, ახლო აღმოსავლეთში განლაგებულ ამერიკულ ძალებს საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის განკუთვნილი რაკეტებისა და შორი მოქმედების საბრძოლო მასალის მარაგი ეწურებათ, ხოლო სამხედრო რესურსების რეგიონში გადატანა დაზიანებული ინფრასტრუქტურის გამო გართულებულია.

მისივე შეფასებით, აშშ ასევე მზად არ არის ირანის წინააღმდეგ შესაძლო სახმელეთო ოპერაციის შემთხვევაში ეფექტიანად მოიგერიოს ირანული თავდასხმები.

"უსაფრთხოდ ოპერაციების გასაგრძელებლად საკმარისი რესურსი არ გვაქვს და არ ვფიქრობ, რომ თეთრი სახლი ამას აცნობიერებს." - თქვა წყარომ.

ამ ფონზე, აშშ-მ ირანის ტერიტორიაზე იერიშები ზედიზედ მეცხრე დღეა განაგრძო. აშშ-ს ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ბოლო დარტყმების სამიზნე იყო ირანის სამხედრო სარდლობის ცენტრები, საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო მეთვალყურეობის ობიექტები, საზღვაო ინფრასტრუქტურა, რაკეტებისა და დრონების გამშვები პოზიციები, ასევე საკომუნიკაციო ქსელები.

CENTCOM-ის ცნობით, ოპერაციის მიზანია კიდევ უფრო შეიზღუდოს ირანის მხრიდან ჰორმუზის სრუტეში კომერციულ გემებზე თავდასხმების შესაძლებლობა.

თავის მხრივ, ირანის ხელისუფლება აცხადებს, რომ ქუვეითში მდებარე ამერიკულ სამხედრო ბაზებზე დრონებით იერიში მიიტანა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მტკიცებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საბრძოლო მასალის საწყობები და რადარული სისტემები, მათ შორის Patriot-ის ტიპის საჰაერო თავდაცვის კომპლექსების რადარები.

17 ივლისს ირანის მიერ იორდანიაში მდებარე ამერიკულ ავიაბაზაზე მიტანილი დარტყმის შედეგად ორი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა. მოგვიანებით, CENTCOM-მა განაცხადა, რომ იმავე ბაზაზე კიდევ ერთი დაღუპულის ცხედარი აღმოაჩინეს, რომლის ვინაობაც ჯერჯერობით დადგენილი არ არის. The Washington Post ვარაუდობს, რომ ისიც ამერიკელი სამხედროა.

გარდა ამისა, CENTCOM-ის ინფორმაციით, 18 ივლისს ჩრდილოეთ ერაყში კიდევ ერთი ამერიკელი სამხედრო დაიღუპა ჩამოგდებული ირანული დრონის აუფეთქებელი საბრძოლო მასალის განეიტრალების დროს.

კომენტარები