უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლად გენერალ-მაიორი მიხაილ დრაპატი დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ავრცელებს.
დრაპატიმ ამ პოსტზე ოლექსანდრ სირსკი შეცვალა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ სირსკის მადლობა გადაუხადა.
მიხაილ დრაპატი 2024-2025 წლებში უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაური იყო, 2025 წლის ივნისში კი უკრაინის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული ძალების სარდლად დაინიშნა.
ამ დრომდე, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის პოსტზე ოლექსანდრ სირსკის დატოვება განხილვის მთავარი საკითხი მას შემდეგ იყო, რაც ზელენსკიმ თავდაცვის მინისტრი, მიხაილო ფედოროვი თანამდებობიდან გაათავისუფლა.
უკრაინის პრეზიდენტმა ფედოროვი პოსტიდან 16 ივლისს დაითხოვა, რასაც, ფედოროვის თქმით, წინ უძღოდა სირსკის მხრიდან ზელენსკისთვის "ულტიმატუმის" წაყენება. თუმცა, თანამდებობიდან ფედოროვის გათავისუფლებას უკრაინის მასშტაბით საპროტესტო აქციები მოჰყვა.
გამოცემა Financial Times წერს, რომ ზელენსკიმ სირსკის გადაყენების განხილვა საპროტესტო აქციების ფონზე დაიწყო. მან განმარტა, რომ ფედოროვსა და სირსკის შორის ურთიერთობები ბოლო პერიოდში იმდენად გაუარესდა, რომ ისინი ერთმანეთსაც კი აღარ ელაპარაკებოდნენ და მხოლოდ პრეზიდენტის შუამავლობით მართავდნენ ერთმანეთთან კომუნიკაციას.
თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ, ფედოროვმა პრესკონფერენცია გამართა და განაცხადა, რომ სირსკი თავდაცვის სამინისტროში რეფორმების გატარებას ბლოკავდა. მან სირსკი ასევე კორუფციის ხელშეწყობაშიც დაადანშაულა.
ამასთან, ფედოროვმა აღნიშნა, რომ მას სირსკის თანამდებობიდან გათავისუფლების თხოვნით ზელენსკისთვის უკვე მიმართული ჰქონდა, რადგან რუსეთს დასამარცხებლად ახალი გავლენიანი სამხედრო ხელმძღვანელობის დანიშვნა იყო საჭირო.




