საქართველოში რეგისტრირებული ღიად პრორუსული პარტიის ლიდერი, მამუკა ფიფია, საკუთარ ტელეგრამ-არხზე ვიდეოს აქვეყნებს, რომელშიც მას სამხედრო ტაქტიკურ ჟილეტზე რუსეთის დროშის პაჩი აქვს მიმაგრებული, სამხედრო ტექნიკაზე ზის და მოსკოვის მახლობლად მდებარე "სამხედრო-პატრიოტულ" კლუბ "არმატა ტურზე" საუბრობს.
"ომში ჯერ არ წავსულვარ... მაგრამ თუ საჭირო იქნება, წავალთ." – ამბობს პუტინისტი ფიფია ვიდეოში.
ფიფიას თქმით, "სერგეიმ," რომელიც ვიდეოშიც ჩანს, ადგილზე "ახალგაზრდა მებრძოლების," რუსეთის "იუნარმიისა" და მოქალაქეების "სერიოზული მომზადების" პროცესი შექმნა. ვიდეოში ის ამბობს, რომ ხუთ წელიწადში კლუბში "10 000-ზე მეტმა" ადამიანმა და ბავშვმა გაიარა მომზადება.
"2021 წელს მე და ჩემმა გუნდმა მივიღეთ გადაწყვეტილება, შეგვექმნა მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტი – სამხედრო-პატრიოტული კლუბი "არმატა ტური". მიზნად ვისახავდით, ახალგაზრდებისთვის დისციპლინის, ამხანაგობის, ისტორიისადმი ღრმა პატივისცემისა და ნამდვილი სულიერი სიმტკიცის განცდა ჩაგვენერგა." – წერს პრორუსული პარტიის ლიდერი Telegram-ზე.
ცნობისთვის, გასულ წელს პრორუსული პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის რუსეთთან ახალი გეორგიევსკის ტრაქტატის დადების ინიციატივით გამოვიდა.




