ნიკა მელიას საქმე

როგორ გამოეხმაურა დასავლეთი ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას

სასამართლომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა 17 თებერვალს შეუფარდა. 18 თებერვლის დილას ნაციონალური მოძრაობის ოფისში სამართალდამცველები მივიდნენ, თუმცა მათ ენმ-ის ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს.

მას შემდეგ, რაც საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა და საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მან მმართველ გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკა მელიას დაკავება დროებით გადადო

16 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მოუხსნა. პროკურატურამ კი სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით მიმართა

ნიკა მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოს პარტნიორი სხვადასხვა ქვეყნიდან შეფასებები მოჰყვა.

ევროკავშირი ენმ-ის ლიდერისთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდებას და პრემიერმინისტ გიორგი გახარიას გადადგომას გამოეხმაურა:

თბილისი საქალაქო სასმართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობის შეფარდების და შემდგომ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის ფონზე ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, საქართველოში იმოქმედონ უკიდურესი თავშეკავებითა და პასუხისმგებლობით, რათა თავიდან იქნეს აცილებული შემდგომი ესკალაცია.

ევროკავშირს მტკიცედ სჯერა, რომ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ ნამდვილი პოლიტიკური დიალოგით. ქვეყნის და საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებში ჩვენ მოვუწოდებთ [მხარეებს] დაუყოვნებლივი დეესკალაციისკენ.

პოლიტიკური გამბედაობა და ნამდვილი დემოკრატიული ხელმძღვანელობა საჭიროა პარტიებს შორის შეთანხმების მიღწევისთვის და პოლარიზების გაღრმავების თავიდან ასარიდებლად. ფართო პოლიტიკური ერთობა საჭიროა დაძაბულობის განმუხტვისთვის და საქართველოში დემოკრატიის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის, მათ შორის ამბიციური სასამართლო და საარჩევნო რეფორმებისთვის. პოლიტიკური სტაბილურობა და ინკლუზიური საპარლამენტო პროცესი ასევე არის კორონავირუსის პანდემიასთან და მის შედეგებთან ეფექტიანი გამკლავების წინაპირობა.

ევროკავშირი მზადაა, გააგრძელოს საქართველოს მხარდაჭერა თავის მისწრაფებებში.

ხელისუფლებასა და ოპოზიციას თავშეკევების გამოჩენისკენ მოუწოდა აშშ-ს საელჩომაც:

"მოვუწოდებთ ხელისუფლებასა და ოპოზიციას, გამოიჩინონ მაქსიმალური თავშეკავება სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით.

ძალადობა მხოლოდ მას აძლევს ხელს, ვისაც საქართველოს სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრა სურს. ეს ამბავი მშვიდობიანად უნდა გადაწყდეს"

ამერიკელი სენატორი ჯიმ რიში, ამერიკის ხმასთან ექსკლუზიურად, გამოეხმაურა ნიკა მელიასთვის წინასწარი პატიმრობა მისჯას.

"ბატონი მელიასთვის თავისუფლების აღკვეთა კიდევ ერთი პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობაა, რაც ძალიან ხშირ მოვლენად იქცა და აუცილებლად გაართულებს მიმდინარე მოლაპარაკებებს ქართულ პოლიტიკურ პარტიებს შორის, საქართველოს მმართველობის შესახებ. ჩემი წუხილები, ქართული სასამართლოს დამოუკიდებლობის გაუარესებაზე, დღევანდელმა მოვლენებმა კიდევ უფრო გაამძაფრა". - ამბობს ამერიკელი სენატორი.

18 თებერვლის დილას მას შემდეგ რაც პოლიცია ენმ-ს ოფისში მივიდა აშშ-ს საელჩომ კიდევ ერთხეულ მოუწოდა მხარეებს თავშეკავებისკენ:

"არსებული სახიფათო ვითარება, რომელიც ნიკა მელიას სასამართლო გადაწყვეტილებას მოჰყვა, გამომდინარეობს საარჩევნო და სასამართლო სისტემის მრავალწლიანი პრობლემებიდან. აუცილებელია, რომ ხელისუფლებამ და ოპოზიციამ გამოიჩინოს მაქსიმალური თავშეკავება ამ დილით. არსებული უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაჭრის გზა მხოლოდ მშვიდობიანი მოლაპარაკებებია. მოვუწოდებთ ყველას, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავიდან აიცილონ ძალადობა"

მელიას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა:

"ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამწვავებს ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას და მეტად შეაყოვნებს მოლაპარაკებების პროცესს მრავალპარტიული პარლამენტის შექმნისთვის. ხელისუფლებამ უნდა განმუხტოს სიტუაცია და განაახლოს ეს მოლაპარაკებები".

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა ლიტვური მხარე. 18 თებერვლის დილით ლიტვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მივიდა. მან ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

"ლიტვის რესპუბლიკა საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს. მე აქ ვარ, რათა გამოვხატო სოლიდარობა იმ მოვლენებისადმი, რაც ახლა ვითარდება აქ. მომავლისადმი შეშფოთებას გამოიწვევს არაპროპორციული ზომების მიღება".

მოგვიანებით გავრცელდა ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური განცხადება:

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით. პარლამენტის გადაწყვეტილება - მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ და პოლიტიკოსის შესაძლო დაკავება ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას, აღძრავს კითხვებს ქვეყანაში შერჩევითი სამართლისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.

დასანანია, რომ ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ამ დრომდე არ გამოიყენეს ყველა შესაძლებლობა, გადაეწყვიტათ შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა. ვურჩევთ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, თავი შეიკავონ მოქმედებებისგან, რომლებიც ჩიხში შეიყვანს პროცესს და გაყოფს საზოგადოებას, ასევე ვურჩევთ, თავი შეიკავონ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის შესაძლო გამოყენებისგან. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხალხის ინტერესებშია, როგორც ბოლო პერიოდის გამოწვევების ფონზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გასატარებელი რეფორმების კონტექსტში.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ქართველ პარტნიორებს მდგომარეობის დეესკალაციისა და ნორმალიზებისკენ მოუწოდა:

"მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში, დაშორდნენ წითელ ხაზს, გამოიყენონ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა, მოძებნონ მდგომარეობის ნორმალიზების გზები და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგს".

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს გამოეხმაურა ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, ტოომას ჰენდრიკ ილვესი:

"დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ "ვარ ღრმად შეშფოთებული", ეს ნიშნავს, რომ სერიოზულად დამწუხრებული ვარ, ვღელავ, ნაწილობრივ კი ზიზღს იწვევს ის, რაც ხდება ქვეყანაში, რომლის პოპულარიზაციაზე, დაცვაზე, გაძლიერებაზე, დახმარებაზე 23 წელი დავხარჯე. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო.

არ წახვიდე ამ გზით, საქართველო. ბევრი ხალხი და ქვეყანაა ევროპაში და დასავლეთში, რომლებიც მოხარულნი იქნებიან თქვენი ჩამოწერით; ერთით ნაკლები "ყოფილი საბჭოთა კავშირის" ქვეყანა, რომელზეც უნდა იდარდო, რომლებიც ასაზრდოებენ ყველა თვითწარმოქმნილ ნარატივს იმის შესახებ, რომ თქვენ არ ხართ რეფორმირებადი, და ამრიგად, მხარდაჭერად არ ღირხართ"

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაში ევროპარლამენტის დელეგაციის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბილიუსიც გამოეხმაურა:

"საქართველო გზაჯვარედინზეა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობები საფრთხის ქვეშაა. ყველა, მმართველი და ოპოზიციური პარტიები უნდა დაუბრუნდნენ მოლაპარაკებებს და ეროვნული ერთობის დიალოგი დაიწყონ. ყველა მათგანს ეკისრება პასუხისმგებლობა ქვეყნის მომავალზე".

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებას საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა:

"შეშფოთებული ვარ საქართველოდან მომავალი ახალი ამბებით. ეს ქვეყანა სხვებისათვის სამაგალითო იყო და ახლა 1990-იანი წლების მღელვარე წარსულს უბრუნდება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილება მიუღებელია".

მხარეებს პასუხისმგებლობისკენ და დაძაბულობის განმუხტვისკენ მოუწოდა გაერთიანებული სამეოფოს საელჩომ:

"ეს რთული პერიოდია. როგორც საქართველოს მეგობარი, ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ ყველა ჩართულ [მხარეს] იმოქმედონ პასუხისმგებლობით, განმუხტონ დაძაბულობა და დაუშვან საქართველოს განგრძობადი პროგრესი ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. გახანგრძლივებული კრიზისი არავის ინტერესებში არ შედის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს".

18 თებერვალს აშშ-ს საელჩო საქართველოში ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს კვლავ გამოეხმაურა. საელჩო მიესალმება ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და დაძაბულობის დეესკალაციის საჭიროებას უსვამს ხაზს.

"შეერთებული შტატების საელჩო აფასებს ხელისუფლებისა და ოპოზიციის მიერ გამოვლენილ თავშეკავებას ნიკა მელიას ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. აუცილებელია, რომ ყველამ იზრუნოს არსებული დაძაბულობის დეესკალაციაზე, რათა შესაძლებელი გახდეს შემდგომ ნაბიჯებზე შეთანხმება. შეერთებული შტატები კვლავ მზად არის, ხელი შეუწყოს კონსტრუქციული დიალოგის გამართვას, რათა მხარი დავუჭიროთ საქართველოში მშვიდობას, სტაბილურობასა და დემოკრატიულ პროცესს.

საქართველო ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშეა. ქართველი ხალხის ინტერესებშია, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად მოგვარდეს. შეერთებული შტატები მზადაა, დაეხმაროს საქართველოს, დაუბრუნდეს სამუშაო ადგილების შექმნას, სიღარიბის შემცირებასა და ეკონომიკის აღდგენას".

18 თებერვალს ევროპის სახალხო პარტია საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ვადამდელი არჩევნები და ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დიალოგი მდგომარეობიდან გამოსვლის გზად უნდა იყოს განხილული.

"სამწუხაროა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ, ნიკა მელიას დაკავების გადაწყვეტილებით, გამოსავლის მოძებნისა და კომპრომისის ნაცვლად პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება აირჩია.

საქართველო შეიძლება იყოს წამყვანი ქვეყანა რეგიონში, მაგრამ უბრუნდება პოლიტიკური ოპონენტების დევნას, შერჩევით სამართალსა და სასამართლოს ინსტრუმენტალიზაციას. ვადამდელი არჩევნები და დიალოგის განახლება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის უნდა იყოს განხილული მდომარეობიდან გამოსვლის გზად".

19 თებერვალს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა:

"ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში პოლიტიკური მოვლენების უახლესი განვითარებით. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოამჟღავნონ თავშეკავება და თავიდან აირიდონ ნებისმიერი მოქმედებები ან რიტორიკა, რომელმაც შეიძლება დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა გამოიწვია. დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მოიქცეს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატული პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებებისა და კანონის უზენაესობის მიმართ სასამართლო და საბრალდებო სისტემების პოლიტიკური მიკერძოებულობისგან თავისუფლების უზრუნველყოფით.

ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, მუშაობას, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტებისთვის ხელშეწყობისთვის".

19 თებერვალს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას საქმეს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:

"ამერიკის შეერთებული შტატები გამოხატავს ღრმა შეშფოთებას საქართველოში ბოლოდროინდელ პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და თავი აარიდონ ისეთ ქმედებას ან რიტორიკას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან ძალადობა. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად, რათა გაამყაროს ერთგულება დემოკრატიული, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპების მიმართ თავისუფალი სასამართლო და სისხლის სამართლის დევნის სისტემის უზრუნველყოფით.

შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების მხარდასაჭერად". 

ნიკა მელიასთვის სადეპუტატო იმუნიტეტის შეჩერებაზე და მისი დაკავების გადაწყვეტილებაზე NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარემ, ჯერალდ კონოლიმ, განცხადება გაავრცელა:

"როგორც ნატო საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი და აშშ-ს წარმომადგენელთა პალატაში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისს შეშფოთებით ვაკვირდები.

მოვუწოდებ როგორც საქართველოს მთავრობას, ასევე ოპოზიციას თავშეკავების და კრიზისისა და განსხვავებების მშვიდობიანი მოლაპარაკებების მეშვეობით გადაჭრისათვის მუშაობისაკენ.

ღრმად მწამს, რომ ჯანსაღი დემოკრატია არის საქართველოს პოტენციალის სრულად გამოვლენის ერთადერთი გზა. სამწუხაროდ, უკანასკნელი პოლიტიკური ტენდენციები, მათ შორის პოლიტიკური პოლარიზაციის გაღრმავება, საქართველოს ყველა მოქალაქის ინტერესებში არსებული სამართლიანი დემოკრატიის ფუნქციონირებას ხელს უშლის.

სულ რაღაც 10 დღის წინ, კონგრესში დავარეგისტრირე საქართველოს მხარდაჭერის აქტი. კანონპროექტი აჩვენებს აშშ-ს მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და უსაფრთხოებისადმი, განსაკუთრებით რუსული აგრესიის პირობებში. ის ასევე ხაზს უსვამს საქართველოში დემოკრატიული ღირებულებების განვითარების მნიშვნელობას, მათ შორის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, საჯარო სექტორი გამჭვირვალობის და პასუხისმგებლიანობის, კანონის უზენაესობის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის.

გაჭიანურებული პოლიტიკური ჩიხის დაძლევა საქართველოს დემოკრატიული მომავლისა და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობისაა. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ დიალოგისა და უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის ნდობის წარმოშობისათვის საჭირო პირობების შექმნით.

ნატოს საპარლამენტო ასამბლეა მზადაა გააგრძელოს ამ მხრივ საქართველოს მხარდაჭერა. საერთო დემოკრატიული ღირებულებები ნატოს წევრ ქვეყნებსა და საქართველოს მსგავს პარტნიორებს შორის ჩვენი ყველაზე ძლიერი იარაღია ავტოკრატიების წინააღმდეგ მოსკოვში, პეკინში და სხვაგან".

“საქართველოს დემოკრატიის გადატვირთვის დროა”. – 19 თებერვალს ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) გვერდზე.

სტატიაში ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ეხება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაჭერის გადაწყვეტილებასა და პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით. იხილეთ ამონარიდი სტატიიდან:

“...პრემიერმინისტრის გადადგომით, შესაძლებლობით, რომ დაიჭირონ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ პროცესზე შეუთანხმებლობითა და ახალი არჩევნებისკენ მოწოდებით, იმ პროცესის გარეშე, რომელიც სამართლიანად დაადგენდა, რა იყო ის, რაც ბოლო არჩევნებზე არასწორად მოხდა, საქართველო ჩიხთანაა და ეს ქვეყანას საგარეოდ აზიანებს...

ისტორია, მათ შორის უახლესი ისტორია, გვაჩვენებს, რომ დემოკრატია მყიფეა. მხოლოდ ერთხელ ჩავარდნაა საკმარისი იმისათვის, რომ გრძელი და მძიმე ბრძოლა დაგჭირდეს მის დასაბრუნებლად. 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმის მოვლენები, შესაძლოა, არ იყო სერიოზული საფრთხე ამერიკული დემოკრატიისთვის, მაგრამ ამან გვაჩვენა, რამდენად ახლოს ვართ ყველანი კიდესთან. იგივე ვრცელდება განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებზეც და უფრო მეტად ჩამოყალიბებად დემოკრატიებზე, როგორიცაა საქართველო. მძიმედ მოგებული გამარჯვებები არც პერმანენტულია და არც უბრალოდ მოცემულობა. დემოკრატიას სულ უნდა ვიცავდეთ...”

20 თებერვალს აშშ-ს სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკელი ჯეიმს რიში და მისი მოადგილე, დემოკრატი სენატორი, ჯინ შაჰინი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს საერთო განცხადებით გამოეხმაურნენ, სადაც წერენ, რომ მოხარულები არიან ნიკა მელიას დაკავების "გაუქმების" გადაწყვეტილებით:

"ქართველი ხალხი იმსახურებს კანონის უზენაესობას, დემოკრატიასა და პატიოსან, დამოუკიდებელ სასამართლოს. გასული რამდენიმე წლის მანძილზე, ჩვენ მრავალჯერ გამოვხატეთ წუხილი პოლიტიკური მართლმსაჯულების გამო საქართველოს ოფიციალურ პირებთან. მოხარულები ვართ რა, რომ ოპოზიციის ლიდერის, ნიკა მელიას "დაკავება გაუქმდა", მივიჩნევთ, რომ პოლიტიკური მოტივით საერთოდ არ უნდა დევნიდნენ და აპატიმრებდნენ.  

პოლიტიკური სპექტრის ყველა მხარე უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას და იზრუნოს პოლიტიკური ატმოსფეროს დეესკალაციაზე. ვიმედოვნებთ რომ ეს პოლიტიკური კრიზისი სწრაფად და მშვიდობიანად ამოიწურება".

20 თებერვალს აშშ-ს კონგრესის წარმომადგენელთა პალატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე დემოკრატმა, გრეგორი მიკსმა და ამავე კომიტეტის მთავარმა რესპუბლიკელმა წევრმა, მაიკლ მაკკოლმა საერთო განცხადება გამოაქვეყნეს, სადაც საქართველოს ყველა პოლიტიკურ მხარეს დემოკრატიის პრინციპების პატივისცემისა და კონსტრუქციულ დიალოგში ჩაბმისკენ მოუწოდეს:

"ესკალაცია საფრთხეს ქმნის ძირი გამოუთხაროს იმ დემოკრატიულ პროგრესს, რისთვისაც ქართველმა ხალხმა იბრძოლა. ჩვენ ყველა მხარეს მოვუწოდებთ, პატივი სცეს დემოკრატიის პრინციპებს და ჩაერთოს კონსტრუქციულ დიალოგში, რაც მელიასთან დაკავშირებულ მოვლენებს მშვიდობიანად გადაწყვეტს. 

ძლიერი და გამძლე ქართული დემოკრატია, კანონის უზენაესობის პატივისცემა და მრავალპარტიული სისტემა საკვანძოა საქართველოსა და რეგიონის სტაბილურობისთვის".

20 თებერვალს ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა ენმ-ს ოფისში ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა:

"მე შევხვდი ნიკა მელიას და მე შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერს და მთავრობის წარმომადგენელს და მე ერთ რამეს ვიტყვი, ლიტვა საქართველოს კარგი და ძველი მეგობარია, ჩვენ არასდროს მიგვიტოვებია საქართველო ყველაზე ბნელ დროსაც კი, და ჩვენ მზად ვართ, შევთავაზოთ ჩვენი შუამავლობა. მაგრამ, დიალოგისთვის გჭირდება პარტნიორი, პარტნიორი არ შეიძლება დაპატიმრებული იყოს, ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ნიკა მელიას გირაო პოზიტიურად გადაწყდება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ შუამავლობა გავუწიოთ მთავრობას, ნიკას და მთელ ოპოზიციას. მე ნამდვილად ვფიქრობ, რომ საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რადგან ეს არჩევანია - ან საქართველო წავა ლიტვის გზით, ან ის ბელარუსად გარდაიქმნება. თუ ის ლიტვის გზით წავა, ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების დიდ შანსს ვხედავ.

მაგრამ, როდესაც ჩვენ შევდიოდით ევროკავშირსა და ნატოში მარჯვენა და მარცხენა [მხარე] ყოველთვის ერთად მიდიოდა, ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია ვინმე. მაგრამ, თუ რეპრესია და კონფლიქტი გაგრძელდება, თუ ეს პირდაპირ წინ წასვლის გზაა, საქართველო შანსებს გამოტოვებს. და არის სხვა ქვეყნები, რომლებმაც შეიძლება წარმატება მიაღწიონ, უკრაინა და მოლდოვა, ვნახოთ. მაგალითად, ესტონეთი იყო ერთადერთი, ვინც წარმატებას მიაღწია, 1987 წელს მიიწვიეს ევროკავშირში და ჩვენ, ლიტვამ და ლატვიამ ეს გავაკეთეთ 1990 წელს, ამიტომ, მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება. ამიტომ, ეს თქვენი არჩევანია, გინდათ, იყოთ საუკეთესო, პროცესის ლიდერი ან გინდათ იყოთ მსხვერპლი სხვადასხვა შიდა და გარე თავდასხმების და თქვენ დარჩებით სხვადასხვა ძალებთან  ერთად რეგიონში, რომლებიც გაგგლეჯენ. თქვენ უკვე  დაზარალდით ომით,  თქვენ მართლა გინდათ, რომ ამ სტატუს-კვოში იცხოვროთ, რაც არაფერს მოიტანს? რადგან ჩვენ ვიცით ეს ჩვენი გამოცდილებით, ან შეუერთდებით ევროკავშირს და ნატოს, ან დაიღუპებით, ამიტომ თქვენ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა. ამიტომ, თუ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა, გთხოვთ, ილაპარაკეთ ერთმანეთთან, შეწყვიტეთ პოლიტიკური  რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეაჩერეთ სასამართლო საქმეები, რაც ამ დიალოგის შექმნას საშუალებას არ აძლევს და დაიწყეთ ხიდების შენება მომავლისკენ. ჩვენ თქვენ დასახმარებლად მზად ვარ.

ამიტომ, მე იმედი მაქვს, ნიკა მელიას გირაოს დადებითად გადაწყდება და ჩვენ გვეყოლება პარტნიორები დიალოგისთვის და ჩვენ დასახმარებლად მზად ვართ. ჩემი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერმინისტრი შეიძლება ჩამოვიდნენ ქვეყანაში, თუმცა ჩვენ ჩამოვალთ მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანაში დიალოგი იქნება და არა კონფლიქტი. ამიტომ, თუ გინდათ, ლიტვის გზით წახვიდეთ, გთხოვთ, აღადგინეთ დიალოგი. ერთიანობა თქვენთვის არის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საწინდარი".

კომენტარები