ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

ოცნება ცრუობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეუძლებელია - შეჩერების მექანიზმი დეტალურად

ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა

ოცნება ცრუობს, რომ უვიზო მიმოსვლის შეჩერება შეუძლებელია - შეჩერების მექანიზმი დეტალურად

ევროპარლამენტში 25 აპრილს მიიღეს რეზოლუცია საქართველოს პარლამენტში რუსული კანონის რეინიცირების შესახებ. რეზოლუცია ევროკავშირის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რუსული კანონის მიღების შემთხვევაში საქართველოსთვის მინიჭებულ უვიზო რეჟიმს გადახედოს.

"ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკომისიას, შეაფასოს "უცხოელი აგენტების" შესახებ კანონის გავლენა საქართველოს მიერ ვიზალიბერალიზაციის მოთხოვნების ნიშნულების შესრულებაზე. კონკრეტულად, ფუნდამენტური უფლებების დაცვის ნიშნულზე, რომელიც უმნიშვნელოვანესი კომპონენტია ევროკავშირის ვიზალიბერალიზაციის პოლიტიკაში" - წერია რეზოლუციის მესამე შესწორებაში, რომელიც ევროპარლამენტმა 25 აპრილს მიიღო. 

რეზოლუციის გამოქვეყნებიდან მალევე ქართული ოცნების ლიდერებმა არაერთი განცხადება გააკეთეს იმის შესახებ, რომ უვიზო რეჟიმს საფრთხე არ ემუქრება, პროცედურის დაწყებაც კი შეუძლებელია და ეს მხოლოდ საზოგადოებაში აჟიოტაჟის გამოწვევის და საქართველოს დასჯის მცდელობაა. მაგალითად, მმართველი გუნდის გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ საგანგებო ბრიფინგზე თქვა, რომ უვიზო რეჟიმის გაუქმების მექანიზმი არ არსებობს და საკითხის მხოლოდ ინიცირებასაც კი, ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის თანხმობა სჭირდება. ვიცეპრემიერ თეა წულუკიანის მტკიცებით კი, უვიზო რეჟიმის შეჩერება "პროცედურიდან გამომდინარე წარმოუდგენელი და შეუძლებელია".

ევროკავშირში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი 2013 წლიდან არსებობს. არსებობს, როგორც დროებით შეჩერების, ასევე რეჟიმის საბოლოოდ გაუქმების პროცედურები.

ეს არის ის სამი ძირითადი გარემოება, რის საფუძველზეც რეჟიმის შეჩერება შესაძლებელია:

  • მიგრანტების და თავშესაფრის მაძიებელი პირების რაოდენობის უცაბედი და მასშტაბური ზრდა. 
  • არალეგალურად მყოფი პირების წარმომშობ ქვეყანაში დაბრუნების პროცესში არასათანადო თანამშრომლობა
  • ევროკავშირის ერთი ან რამდენიმე სახელმწიფოს უსაფრთხოებისთვის არსებული საფრთხე, რომელიც კონკრეტულ ქვეყანას უკავშირდება.

ერთ-ერთი, თუმცა, სავარაუდოდ, არა უმთავრესი დასაბუთება, რის გამოც საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის რეჟიმის შეჩერებაზე საუბრის დაწყება შესაძლებელი გახდება, არის ის მოსალოდნელი ტენდენცია, რომ რუსული კანონის მიღება ევროკავშირში საქართველოდან აგენტის იარლიყს გაქცეული ხალხის რაოდენობას მკვეთრად გაზრდის. ისინი კი, ევროპის ქვეყნებში პოლიტიკური დევნის მოტივით თავშესაფარს მოითხოვენ. აქვე, მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკური დევნილების შეფარების ვალდებულება საერთაშორისო სამართალში გაწერილია. პარალელურად კი ევროპაში მიგრანტთა მზარდი რაოდენობა უკვე ათწლეულზე მეტია, რაც ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ წყალგამყოფ საკითხად ჩამოყალიბდა.

"როდესაც ადამიანს მიაწებებ აგენტის იარლიყს, შეუზღუდავ თავისუფლებას, საქმიანობას, შეულახავ ღირსებას, ბუნებრივია, ადამიანს ექნება იმის სურვილი, მიმართოს ევროკავშირის რომელიმე ქვეყანას პოლიტიკურ თავშესაფარზე. პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელთა რიცხვის ზრდა პირდაპირ აისახება უვიზო რეჟიმზე, ევროპის კავშირი აამოქმედებს უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმს" - ამბობს ილია ჭავჭავაძის ცენტრის მკვლევარი გია ჯაფარიძე.

ამ ძირითადი გარემოებების გარდა, ასევე არსებობს კიდევ ერთი, უფრო პოლიტიკური და საქართველოსთვის აქტუალური ფაქტორი. 2018 წელს მიღებული რეგულაცია (1806) ქმნის შესაძლებლობას უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი ამოქმედდეს იმ შემთხვევაშიც, თუ მნიშვნელოვნად გაუარესდება ევროკავშირის ურთიერთობა საქართველოსთან, კონკრეტულად, როცა პოლიტიკის ეს დინამიკა დაკავშირებულია ადამიანის ფუნდამენტური უფლებების შელახვასთან და მდგომარეობის მნიშვნელოვან გაუარესებასთან.

ევროკავშირსა და უვიზო რეჟიმის მქონე სახელმწიფოს შორის საგარეო ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება ის არგუმენტია, სადაც გადაწყვეტილების მიღების ექსკლუზიური პრეროგატივა ევროკომისიას აქვს წევრ სახელმწიფოებთან კონსულტაციის შემდეგ.

პროცედურის მიხედვით, ევროპარლამენტის მოთხოვნის საფუძველზე ევროკომისიამ უნდა შეადგინოს სისტემური მონიტორინგის ანგარიში, რომელიც გამოავლენს იმ პრობლემებს, რის გამოც კონკრეტული ქვეყნისთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების საკითხი წარმოიშვა. შემდგომ, ევროკომისიამ უნდა აცნობოს ევროპულ საბჭოს, რომ რომელიმე მესამე სახელმწიფოსთან უვიზო რეჟიმის შესაჩერებლად საკმარისი გარემოებები არსებობს. საბოლოოდ, გადაწყვეტილება უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე სწორედ ევროპულ საბჭოში უბრალო უმრავლესობის პრინციპით მიიღება. უვიზო რეჟიმის დროებით შეჩერების ვადად 12 თვეა განსაზღვრული, შესაბამისად, თავდაპირველად შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურობა ადამიანებს 12 თვით შეეზღუდებათ.

შეჩერების მექანიზმის ინიციატივა შეიძლება წამოაყენოს ნებისმიერმა წევრმა სახელმწიფომ, რასაც შემდგომ ევროკომისია განიხილავს. თუ წევრების მარტივი უმრავლესობა ამ ნაბიჯის მომხრე იქნება, კომისია ვალდებულია, ეს ინიციატივა მიიღოს. შესაბამისად, ტყუილია ქართული ოცნების გენერალური მდივნის მტკიცება, რომ მხოლოდ პროცედურის დაწყებასაც კი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ერთსულოვნება სჭირდება.

ინიციატივის განხილვის მაქსიმალური ვადა 9 თვეა, ამ პერიოდში უვიზო რეჟიმის დაკარგვის საფრთხეში მყოფ ქვეყანას პრობლემის გადაჭრის და მოლაპარაკების საშუალებას ეძლევა. თუ კომისია დაადგენს, რომ კონკრეტულ მომენტში სახელმწიფოს წამოჭრილი პრობლემის გადაჭრაარ შეუძლია, კომისიას აქვს უფლება, ეს ვადა კიდევ 18 თვით გაახანგრძლივოს. 

რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორი, კახა გოგოლაშვილი უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე ხელისუფლების განცხადებებზე ფიქრობს, რომ "ოცნების ჩინოვნიკებმა ინგლისური არ იციან, ან ჰგონიათ, რომ მათ გარდა სხვამ არავინ იცის".  მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში უვიზო მიმოსვლა შეუჩერეს ალბანეთს და ვანუატუს. ასევე, იგივე მექანიზმის გამოყენებით გამარტივებული სავიზო რეჟიმი შეუჩერეს რუსეთს და ბელარუსს.

"ამ მექანიზმით უვიზო მიმოსვლის შეჩერების ფორმალური მიზეზები მოიცავს მიგრანტებისა და თავშესაფრის მაძიებელთა მოზღვავებას, უსაფრთხოების გამოწვევებს წევრი ქვეყნებისთვის, ქვეყნის მოქალაქეების მიერ ევროკავშირში ჩადენილი დანაშაულების ზრდა. საქართველოს ამ მომენტისთვის ეს მუხლები საკმარისად აქვს დარღვეული გერმანიის, ბელგიის თუ რამდენიმე სხვა ქვეყანასთან მიმართებაში.

ამიტომ, პოლიტიკური ნების არსებობის შემთხვევაში ნებისმიერს ამ წევრი ქვეყნებიდან შეუძლიათ მოახდინონ პროცედურის ინიცირება. ჯერჯერობით ამას არ აკეთებენ მხოლოდ მათი კეთილი ნების გამო, რომელიც, შესაძლოა, გაქრეს, თუ მთავრობა გააგრძელებს ევროკავშირის დამუნათებას, დემოკრატიულ უკუსვლას და მისი მოთმინების გამოცდას" - წერს გოგოლაშვილი.

ქართული ოცნების ლიდერების გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება დანიაში საქართველოს ყოფილი ელჩი გიგი გიგიაძეც და აღნიშნავს, რომ ევროკავშირის 27- ქვეყნიდან მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობაა საჭირო საქართველოსთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის ასამოქმედებლად.

ბუნებრივია, რეჟიმის შეჩერების მექანიზმი მოიაზრებს რეციპიენტ სახელმწიფოსთან დიალოგს. უვიზო მიმოსვლის რეჟიმის დროებით შეჩერებაზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ პროცედურა ასევე ითვალისწინებს მესამე სახელმწიფოსთვის, ამ შემთხვევაში საქართველოსთვის, ადეკვატური დროითი ჩარჩოს მიცემას. გარკვეულ დროში სახელმწიფოს შეუძლია, აღმოფხვრას ის ძირეული პრობლემები, რამაც ქვეყანა უვიზო რეჟიმის დაკარგვამდე მიიყვანა. პროცედურულად გაწერილია 12 თვე პირველ ფაზად და შემდგომ საჭიროების შემთხვევაში დამატებით 24 თვე. 

მნიშვნელოვანია, რომ უვიზო რეჟიმის დროებითი შეჩერების მექანიზმის მოქმედება შეიძლება გაუქმდეს, როგორც კი ქვეყანა მოაგვარებს იმ პრობლემას, რამაც ამ მექანიზმის ამუშავება გამოიწვია. შესაბამისად, დროებითი მექანიზმი საქართველოს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის უფრო მეტ საშუალებას და შანსს ტოვებს ხარვეზების აღმოსაფხვრელად თუ ამის პოლიტიკური ნება იარსებებს. 

კომენტარები