ჟიგიმანტას პავილიონისი

პავილიონისი: შეწყვიტეთ რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები და აღადგინეთ დიალოგი

ჟიგიმანტას პავილიონისი
ტაბულა

ლიტვის სეიმის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისმა ენმ-ს ოფისში ნიკა მელიასთან შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა და პოლიტიკური რეპრესიების შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.

"მე შევხვდი ნიკა მელიას და მე შევხვდები ყველა პოლიტიკურ ლიდერს და მთავრობის წარმომადგენელს და მე ერთ რამეს ვიტყვი, ლიტვა საქართველოს კარგი და ძველი მეგობარია, ჩვენ არასდროს მიგვიტოვებია საქართველო ყველაზე ბნელ დროსაც კი, და ჩვენ მზად ვართ, შემოგთავაზოთ ჩვენი შუამავლობა. მაგრამ, დიალოგისთვის გჭირდება პარტნიორი, პარტნიორი არ შეიძლება იყოს დაპატიმრებული. ამიტომ, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ნიკა მელიას გირაო პოზიტიურად გადაწყდება და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, რომ შუამავლობა გავუწიოთ მთვარობას, ნიკას და მთელ ოპოზიციას". - თქვა ჟიგიმანტას პავილიონისმა.

მისი თქმით, საქართველომ ეს შანსი უნდა გამოიყენოს, რადგან ეს არჩევანია, თუ რა გზით სურს ქვეყანას წასვლა.

"ან საქართველო წავა ლიტვის გზით ან ის ბელარუსად გარდაიქმნება. თუ ის ლიტვის გზით წავა მე დიდ შანსს ვხედავ ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების. მაგრამ, როდესაც ჩვენ შევდიოდით ევროკავშირსა და ნატოში მარჯვენა და მარცხენა [მხარე] ყოველთვის ერთად მიდიოდა, ჩვენ არასდროს დაგვიპატიმრებია ვინმე. მაგრამ, თუ რეპრესია და კონფლიქტი გაგრძელდება, თუ ეს პირდაპირ წინ წასვლის გზაა, საქართველოს შანსებს გამოტოვებს". - აღნიშნა მან.

პავილიონისმა განაცხადა, რომ არიან სხვა ქვეყნები, მაგალითად, უკრაინა და მოლდოვა, რომლებმაც შეიძლება წარმატება მიაღწიონ ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, რაზეც ბალტიის ქვეყნების მაგალითი გაიხსენა.

"მაგალითად, ესტონეთი იყო ერთადერთი, ვინც წარმატება მიაღწია, 1987 წელს მიიწვიეს ევროკავშირში და ჩვენ, ლიტვამ და ლატვიამ ეს გავაკეთეთ 1990 წელს, ამიტომ, მხოლოდ საუკეთესო გაწევრიანდება. ეს თქვენი არჩევანია, გინდათ, იყოთ საუკეთესო, პროცესის ლიდერი ან გინდათ იყოთ მსხვერპლი სხვადასხვა შიდა და გარე თავდასხმების და თქვენ დარჩებით სხვადასხვა ძალებთან ერთად რეგიონში, რომლებიც გაგგლეჯენ. თქვენ უკვე  დაზარალდით ომით, მართლა გინდათ, რომ ამ სტატუს-კვოში იცხოვროთ, რაც არაფერს მოიტანს? რადგან ჩვენ ვიცით ეს ჩვენი გამოცდილებით - ან შეუერთდებით ევროკავშირს და ნატოს, ან დაიღუპებით, ამიტომ თქვენ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა. ამიტომ, თუ არ გაქვთ სხვა ალტერნატივა, გთხოვთ, ილაპარაკეთ ერთმანეთთან, შეწყვიტეთ პოლიტიკური რეპრესიები, გაათავისუფლეთ პოლიტიკური პატიმრები, შეაჩერეთ სასამართლო საქმეები, რაც ამ დიალოგის შექმნის საშუალებას არ იძლევა და დაიწყეთ ხიდების შენება მომავლისკენ. ჩვენ თქვენ დასახმარებლად მზად ვართ". - თქვა მან.

ის კვლავ იმედოვნებს, რომ მელიას გირაო დადებითად გადაწყდება და დიალოგისთვის პარტნიორები ეყოლებათ. 

"ჩვენ დასახმარებლად მზად ვართ. ჩემი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, პრემიერმინისტრი შეიძლება ჩამოვიდნენ ქვეყანაში, თუმცა ჩვენ ჩამოვალთ მხოლოდ მაშინ, თუ ქვეყანაში დიალოგი იქნება და არა კონფლიქტი. ამიტომ, თუ გინდათ, ლიტვის გზით წახვიდეთ, გთხოვთ, აღადგინეთ დიალოგი. ერთიანობა თქვენთვის არის ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების საწინდარი". - დასძინა მან.


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ. 

მას შემდეგ, რაც ენმ-ს ოფისში მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ აღსრულების სამსახურის გამოჩენას, 18 თებერვალს დილით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

18 თებერვალს შუადღით ქართულმა ოცნებამ პრემიერობის კანდიდატად პოლიტიკური მდივანი, ასევე თავდაცვის და შს ყოფილი მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. ის ერთხელ უკვე იყო ბიძინა ივანიშვილის მთავრობის მეთაური - 2013 წლიდან 2015 წლის დეკემბრამდე.

კომენტარები