ნიკა მელიას საქმე

ლიტვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მივიდა

ანდრიუს კალინდრა

ლიტვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში მივიდა. მან ჟურნალისტებთან განცხადება გააკეთა:

"ლიტვის რესპუბლიკა საქართველოს მტკიცედ უჭერს მხარს. მე აქ ვარ, რათა გამოვხატო სოლიდარობა იმ მოვლენებისადმი, რაც ახლა ვითარდება აქ. მომავლისადმი შეშფოთებას გამოიწვევს არაპროპორციული ზომების მიღება". – თქვა მან.

კალინდრა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ოფისში ოპოზიციის ლიდერებს ხვდება.


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ 18 თებერვალს გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს. 

კომენტარები