ნიკა მელიას საქმე

ნიკა მელიას პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 25 მაისამდე გადაიდო

ნიკა მელია
Reuters/Irakli Gedenidze

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიას პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში გადაიდო. ენმ-ს ლიდერის პროცესი 25 მაისს ჩაინიშნა. პროცესის გადადებაზე შუამდგომლობა დაცვის მხარემ დააყენა.

ნიკა მელიას ადვოკატის, გიორგი კონდახიშვილის თქმით, დაცვის მხარე შეთანხმებული იყო ბრალმდებელთან, რომ სასამართლოზე მოწმეების დაკითხვა გაიმართებოდა და მოწმეების შესახებ მათ პროკურატურა ინფორმაციას წინასწარ მიაწვდიდა, თუმცა, ადვოკატის თქმით, შეთანხმების მიუხედავად, მათთვის წინასწარ არ იყო ცნობილი, თუ რა მტკიცებულებების გამოკვლევას აპირებდა ბრალდების მხარე სასამართლო სხდომაზე.

"ბოლო წუთამდე არ გვაცნობეს, რომელი მოწმეების მოყვანას აპირებდნენ და დღეს სასამართლოზე სიურპრიზად შემოგვთავაზეს, რომ აპირებდნენ ვიდეომტკიცებულებების გამოკვლევას, რაც იყო შეთანხმების დარღვევა. არის მრავალსაათიანი ვიდეომასალა, დაცვის მხარეს, რა თქმა უნდა, უნდა მოგვცემოდა შესაძლებლობა, სათანადოდ, ჯეროვანი დაცვის განსახორციელებლად გაგვეარა ეს ვიდეომასალა და მოვმზადებულიყავით შესაბამისი განმარტებებისთვის". – თქვა კონდახიშვილმა

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, ნიკა მელია წინასწარი პატიმრობიდან გირაოს საფუძველზე გაათავისუფლეს. საქმეზე აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ 10 მაისს მიიღო

აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის მოთხოვნით სასამართლოს გენერალურმა პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, რაც ევროკავშირმა თავისი ერთ-ერთი ფონდის, EED-ს დახმარებით წინასწარ გამოყო ნიკა მელიას გირაოს თანხა – 40 000 ლარის ოდენობით.

8 მაისს EED-მ თანხა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას ჩაურიცხა, ხოლო საიამ კი, თავის მხრივ, სასჯელაღსრულების ბიუროს ანგარიშზე შეიტანა.

გენერალურმა პროკურატურამ სასამართლოს აღკვეთის ღონისძიების ფორმის შეცვლის მოთხოვნით 9 მაისს მიმართა, სასამართლომ კი პროცესი 10 მაისს დანიშნა

ნიკა მელიას გათავისუფლება 19 აპრილს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის ხელმოწერილი დოკუმენტით იყო გათვალისწინებული. დოკუმენტის ტექსტი ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა შეიმუშავა. 

კომენტარები