ნიკა მელიას საქმე

ლიტვა: ნიკა მელიას შესაძლო დაპატიმრება აღძრავს კითხვებს შერჩევით სამართალზე

გაბრიელიუს ლანდსბერგისი
European People's Party

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს გამოეხმაურა. უწყება შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით. სამინისტროს ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერება და მისი შესაძლო დაკავება ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას.

ლიტვის საგარეო საქმეთა სამინისტრო შეშფოთებულია საქართველოში არსებული პოლიტიკური მდგომარეობით. პარლამენტის გადაწყვეტილება - მთავარი ოპოზიციური პარტიის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერისთვის, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტი შეეჩერებინათ და პოლიტიკოსის შესაძლო დაკავება ამცირებს მმართველ პარტიასა და ოპოზიციას შორის დიალოგის შესაძლებლობას, აღძრავს კითხვებს ქვეყანაში შერჩევითი სამართლისა და კანონის უზენაესობასთან დაკავშირებით.

დასანანია, რომ ქართველმა პოლიტიკურმა ლიდერებმა ამ დრომდე არ გამოიყენეს ყველა შესაძლებლობა, გადაეწყვიტათ შემოდგომის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული აზრთა სხვადასხვაობა. ვურჩევთ საქართველოს ხელისუფლებასა და ოპოზიციას, თავი შეიკავონ მოქმედებებისგან, რომლებიც ჩიხში შეიყვანს პროცესს და გაყოფს საზოგადოებას, ასევე ვურჩევთ, თავი შეიკავონ მოქალაქეების წინააღმდეგ ძალის შესაძლო გამოყენებისგან. დარწმუნებულები ვართ, რომ საქართველოს სჭირდება ხელისუფლება, რომელსაც შეუძლია, მიიღოს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ხალხის ინტერესებშია, როგორც ბოლო პერიოდის გამოწვევების ფონზე, ასევე საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების ფარგლებში გასატარებელი რეფორმების კონტექსტში.

ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა ქართველ პარტნიორებს მდგომარეობის დეესკალაციისა და ნორმალიზებისკენ მოუწოდა.

"მოვუწოდებთ ჩვენს პარტნიორებს საქართველოში, დაშორდნენ წითელ ხაზს, გამოიყენონ სიტუაციის დეესკალაციის შესაძლებლობა, მოძებნონ მდგომარეობის ნორმალიზების გზები და დაუბრუნდნენ კონსტრუქციულ დიალოგს". – თქვა ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგისმა.

საქართველოში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ლიტვის პარლამენტის წევრის, ზიგიმუდ პავილიონის ცნობით, ლიტვის საპარლამენტო დელეგაცია ხვალ, 18 თებერვალს საქართველოში ჩამოსვლას აპირებს, რათა  შეხვდეს ოპოზიციის ლიდერებს.


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავენ. 

მას შემდეგ, რაც ენმ-ს ოფისში მთელი ღამის განმავლობაში ელოდნენ აღსრულების სამსახურის გამოჩენას, 18 თებერვალს დილით პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ თქვა, რომ თანამდებობას ტოვებს. გახარიას თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით გუნდთან ერთობლივ შეთანხმებას ვერ მიაღწია. 

გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს.

კომენტარები