ნიკა მელიას საქმე

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას საქმეზე არცერთი მუხლის დარღვევა არ დაადგინა

ტაბულა

სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ დარღვევა არ დაადგინა. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ 7 სექტემბერს გამოაქვეყნა.

საჩივარი 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე ნიკა მელიას დაკავებას ეხებოდა. მელია თვლიდა, რომ მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი დაირღვა. კერძოდ, მე-5 მუხლი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება და მე-18 მუხლი – უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.

სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ არცერთ ზემოხსენებულ ნაწილში დარღვევა არ დაადგინა.

გადაწყვეტილების პარალელურად, სტრასბურგის სასამართლო აღწერს აპლიკანტის (ნიკა მელიას) ქცევას დემონსტრაციის მიმდინარეობის დროს. როგორც სასამართლო წერს, მელიამ აქციაზე შეკრებილ ხალხს პირველად 21:09 საათზე მიმართა.

"დღეს, იმ ბოროტი ძალის წარმომადგენელი, რომელიც საუკუნეების მანძილზე გვხოცავდა და გვაწამებდა, ჩაჯდა ამ ფუნდამენტური სიმბოლოს მთავარ სკამში, თვალის დახამხამების გარეშე [...] მინდა გკითხოთ: რატომ უნდა ვიდგეთ პარლამენტის წინ და რატომ არ უნდა ვიდგეთ პარლამენტის შენობაში შიგნით? [...] მჯერა, რომ თუ 1 საათში, ისინი ვინც ამაზე პასუხისმგებლები არიან არ დატოვებენ თანამდებობეს, ჩვენ აღარ გვექნება საქმე პარლამენტის შენობის წინ, ჩვენ უნდა შევიდეთ პარლამენტის შენობაში მშვიდობიანად, აწეული ხელებით. კიდევ უფრო უნდა გავამწვავოთ ჩვენი პროტესტი და როდესაც ისინი გადადგებიან უნდა გამოვიდეთ [შენობიდან]". - ციტირებს სტრასბურგის სასამართლო მელიას.  

სასამართლოს დასკვნაში აღნიშნულია, რომ ნიკა მელიამ დემონსტრანტებს კიდევ ერთხელ 21:17 საათზე მიმართა.

"მსურს გკითხოთ, თუ გავრილოვს აქვს უფლება იჯდეს ამ შენობაში, პარლამენტის თავმჯდომარის სკამში, ქართველ ხალხს იმის უფლებაც კი არ აქვს, რომ პარლამენტის ეზოში იდგეს?

ჩემი აზრით, ცოტა ხანში, მშვიდობიანად, ისინი ვინც გულწრფელად ფიქრობენ, რომ ღირსება შეელახა არამხოლოდ ინდივიდუალურად საქართველოს მოქალაქეებს, არამედ საქართველოს, როგორც სახელმწიფოს [...] ჩვენ უნდა მოვითხოვოთ ამ შენობის დაბრუნება, რომელიც აღარ არის საქართველოს პარტლამენტი. ჩვენ აღარ გვაქვს არც პარლამენტი და აღარც ქვეყანა. მოგვეცით უფლება შემოვიდეთ მშვიდობიანად... [აღარ ისმის].

თუ 10 წუთში ისინი არ გვიპასუხებენ, ჩვენ შევალთ, მშვიდობიანად, ძალიან კონსტრუქციულად და აწეული ხელებით პარლამენტის შენობის ეზოში". - ციტირებს სასამართლო მელიას.

ამავდროულად, სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო დეტალურად აღწერს ნიკა მელიას განცხადებების შემდეგ 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებს.

"ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებებიდან მალევე, დაახლოებით 21:49 საათზე, რამდენიმე ასეულმა ინდივიდმა, რომლებიც პარლამენტის კიბეებთან იყვნენ შეკრებილები, პოლიციის კორდონის გარღვევა დაიწყეს. დემონსტრანტების ნაწილმა პლასტმასის ბოთლების სროლა დაიწყო, ნაწილმა კი რკინის კონსტრუქციის დაშლა, რომლის მიზანიც დემონსტრანტების პარლამენტის შესასვლელში შეღწევისგან შეკავება იყო.

დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელებისთვის ფარების და ხელკეტების წართმევა და ერთმანეთისთვის დარიგება მოახერხა. პარლამენტთან მისული დემონსტრანტების დიდი ნაწილი ვერ აცნობიერებდა პარლამენტის შესასვლელთნ მიმდინარე პროცესებს. ვიდეომასალაში ჩანს, რომ პოლიცია აფრთხილებდა დემონსტრანტებს უკან დაეხიათ და წინ არ წაწეულიყვნენ.

სიტუაციის ესკალაცია კვლავ მოხდა 23:22-ზე, როცა დემონსტრანტების ნაწილმა კვლავ სცადა პარლამენტის შენობასთან პოლიციის კორდონისა და მეტალის კონსტრუქციების გარღვევა. მთლიანობაში დაშავდა 200 ინდივიდი, მათ შორის 80 პოლიციელი და 40 ჟურნალისტი." - წერს სტრასბურგის სასამართლო დასკვნაში.


2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი ამავე წლის 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ამავდროულად, მას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეეზღუდა. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ ერთერთ აქციაზე ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო, თქვა, რომ ის აღარ აპირებდა ამ "უსამართლობის სიმბოლოს" ტარებას. ამის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის გადაწყვეტილება  მიიღო, თუმცა, ოპოზიციონერმა ლიდერმა თქვა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებდა. 

2021 წლის 16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავდნენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 23 თებერვალს დააკავეს. მის დასაპატიმრებლად და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მისი დარბევა დასჭირდა. 

მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც იმყოფებოდა თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.  

პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს. გახარიას თქმით, მისი გადადგომის მიზეზი ის იყო, რომ თანაგუნდელებთან ნიკა მელიას დაკავების საკითხზე ვერ შეთანხმდა. 

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით გამართული რამდენიმეკვირიანი მოლაპარაკებების შემდეგ მიღებული შეთანხმების დოკუმენტის შედეგად, პარლამენტმა მიიღო ე.წ. ამნისტიის კანონი, რომლის შედეგადაც 19-20 ივნისის მონაწილეების მიმართ სისხლის სამართლის საქმეები შეწყდა. თუმცა, ნიკა მელიას თქმით, მან ამნისტია არ მიიღო.

ამავდროულად, კანონის მიღებამდე ევროკავშირმა მელიასთვის შეფარდებული გირაოს საფასური, 40 000 ლარი გადაიხადა. მელიამ ციხე 2021 წლის 10 მაისს დატოვა.

კომენტარები