ნიკა მელიას საქმე

შსს: გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, ნიკა მელიას დაკავება გადაიდო

ტაბულა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავება დროებით გადადო.

"პრემიერმინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო". – წერს შსს.

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. როგორც მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნაერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მან მმართველ გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია. გახარიას თქმით, ასეთი ღონისძიება მხოლოდ მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ესკალაციის არანაირი რისკი არ იარსებებს.

ნაციონალური მოძრაობის ოფისში სამართალდამცველები უკვე მივიდნენ, თუმცა მათ ენმ-ის ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. 

მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებას გამოეხმაურა სენატორი რიში. მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა ხშირ შემთხვევად იქცა. ასევე, მისი განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება ქართული დემოკრატიისთვის სახიფათოა. 

მელიას საქმეს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩიც, იან კელი. როგორც ის წერს, ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამწვავებს. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი სასამართლოს გადაწყვეტილება "უკიდურესად შემაშფოთებელია". ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები გადაწყვეტილებას შეცვლიან.  


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები