ნიკა მელიას საქმე

გახარია გადადგომაზე: მელიას დაკავებაზე ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს

საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია თანამდებობიდან გადადგა. როგორც მან საგანგებოდ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მან მმართველ გუნდთან ერთობლივ აზრს ვერ მიაღწია. გახარიას თქმით, ასეთი ღონისძიება მხოლოდ მაშინ უნდა ჩატარდეს, როდესაც ესკალაციის არანაირი რისკი არ იარსებებს. 

"ჩვენ ყველანი ერთად ვებრძვით პოლარიზაციას, რათა უკეთესი მომავალი შევუქმნათ ჩვენს შვილებს, ასეთი ღონისძიება [ნიკა მელიას დაკავება] უნდა ჩატარდეს მხოლოდ მაშინ, როცა გადაზღვეული იქნება ყველა სახის რისკი და როდესაც არ იარსებებს არანაირი რისკი, არ შექმნის ესკალაციის არანაირ საბაბს ქვეყანაში. 

იქიდან გამომდინარე, რომ მე, სამწუხაროდ, ჩემს გუნდთან ერთად ვერ მივაღწიე ერთობლივ აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით [ნიკა მელიას დაკავება], მე მივიღე გადაწყვეტილება, გადავდგე დაკავებული თანამდებობიდან. რა თქმა უნა, მე მჯერა და მინდა, მჯეროდეს, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურ სივრცეში პოლარიზაციის შემცირებას. რამეთუ, დარწმუნებული ვარ იმაში, პოლარიზაცია და დაპირისპირება ჩვენს შორის არის ყველაზე დიდი რისკი ჩვენი ქვეყნის მომავლის, ეკონომიკური განვითარების და ყველა სახის კრიზისის გამკლავებისთვის". – თქვა გახარიამ. 


ნაციონალური მოძრაობის ოფისში სამართალდამცველები უკვე მივიდნენ, თუმცა მათ ენმ-ის ოფისში შესვლის საშუალება არ მისცეს.

სასამართლომ დააკმაყოფილა პროკურატურის შუამდგომლობა ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით. 

მელიასთვის აღკვეთის ღონისძიებად პატირმობის შეფარდებას გამოეხმაურა სენატორი რიში. მისი შეფასებით, საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებული პატიმრობა ხშირ შემთხვევად იქცა. ასევე, მისი განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება ქართული დემოკრატიისთვის სახიფათოა. 

მელიას საქმეს გამოეხმაურა საქართველოში აშშ-ის ყოფილ ელჩიც, იან კელი. როგორც ის წერს, ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამწვავებს. 

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას შეფასებით კი სასამართლოს გადაწყვეტილება "უკიდურესად შემაშფოთებელია". ლომჯარია იმედს გამოთქვამს, რომ ზემდგომი ან საერთაშორისო სასამართლოები გადაწყვეტილებას შეცვლიან.  


16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. 

მანამდე, საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც მელია ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები