ესტონეთის პრეზიდენტი

ესტონეთის პრეზიდენტი: საქართველოს დემოკრატიის გადატვირთვის დროა

Slate

“საქართველოს დემოკრატიის გადატვირთვის დროა”. – ამ სათაურით გამოაქვეყნა სტატია ესტონეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ტომას ჰენდრიკ ილვესმა ევროპული პოლიტიკის ანალიზის ცენტრის (CEPA) გვერდზე.

სტატიაში ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ეხება საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიას დაჭერის გადაწყვეტილებასა და პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას გადადგომასთან  დაკავშირებით. 

“მოდი, უფრო ცხადები ვიყოთ: ამას არ ვწერ კრიტიკულად მთავრობის ან ოპოზიციის მიმართ. ეს არის მოწოდება ორივე მხარისთვის, რომ ერთმანეთთან საუბრის მიზნები იპოვონ, რათა ემსახურონ ყველა ქართველს, მიუხედავად იმისა, ვის მისცეს მათ ხმა – ქართულ ოცნებას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობას, ვინმე სხვას, თუ საერთოდ არავის.

პრემიერმინისტრის გადადგომით, შესაძლებლობით, რომ დაიჭირონ მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერი, საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებულ პროცესზე შეუთანხმებლობითა და ახალი არჩევნებისკენ მოწოდებით, იმ პროცესის გარეშე, რომელიც სამართლიანად დაადგენდა, რა იყო ის, რაც ბოლო არჩევნებზე არასწორად მოხდა, საქართველო ჩიხთანაა და ეს ქვეყანას საგარეოდ აზიანებს. 

ორივე მხარემ გვერდით უნდა გადადოს წარსული მოთხოვნები და ახლებურად შეხედოს იმას, რა სჭირდება ქვეყანას მომავლისთვის. თუკი, ჩვენ შევძლებთ მსგავსი დიალოგის ფასილიტაციას, ამას გავაკეთებთ. მაგრამ ქართველმა ლიდერებმა თავად უნდა გააცნობიერონ, რომ მოვლენები ძალიან შორს წავიდა და საჭიროა გადატვირთვა”. – წერს ტომას ჰენდრიკ ილვესი

სტატიაში ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ეხება დემოკრატიის წინაშე არსებულ ზოგად  გამოწვევებსაც და მიუთითებს იმ ჩიხზე, რომლის წინაშეც დგას დღეს  საქართველო.

“ისტორია, მათ შორის უახლესი ისტორია, გვაჩვენებს, რომ დემოკრატია მყიფეა. მხოლოდ ერთხელ ჩავარდნაა საკმარისი იმისათვის, რომ გრძელი და მძიმე ბრძოლა დაგჭირდეს მის დასაბრუნებლად. 6 იანვარს აშშ-ს კაპიტოლიუმის მოვლენები, შესაძლოა, არ იყო სერიოზული საფრთხე ამერიკული დემოკრატიისთვის, მაგრამ ამან გვაჩვენა, რამდენად ახლოს ვართ ყველანი კიდესთან. იგივე ვრცელდება განვითარებულ ევროპულ დემოკრატიებზეც და უფრო მეტად ჩამოყალიბებად დემოკრატიებზე, როგორიცაა საქართველო. მძიმედ მოგებული გამარჯვებები არც პერმანენტულია და არც უბრალოდ მოცემულობა. დემოკრატიას სულ უნდა ვიცავდეთ”. - წერს ტომას ჰენდრიკ ილვესი.

ყოფილი პრეზიდენტის თქმით, COVID-19-მა ბევრ სახელმწიფოში შეაფერხა დემოკრატიული განვითარება, მათ შორის საქართველოშიც. მიუხედავად ამისა, ის თანადგომას უცხადებს საქართველოს და მიიჩნევს, რომ  ქართველები ისევე იმსახურებენ დასავლური საზოგადოების წევრობას, როგორც ესტონელები და ამერიკელები.

“საქართველოს მეგობრები და მხარდამჭერები ვიცავდით საქართველოს დასავლურ გზას და ქვეყნის გვერდში ვიდექით ყველაზე  გაჭირვებულ დროსაც კი. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს, რადგან ქართველები ისევე არიან ჩვენი საზოგადოების წევრები, როგორც ესტონელები და ამერიკელები”. - წერს ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი.

ტომას ჰენდრიკ ილვესის თქმით, საქართველოს მომავალი NATO-სა და ევროკავშირის წევრობაა, თუმცა დღეს საქართველოს წინაშე ბევრი დაბრკოლება და კითხვის ნიშანი რჩება.

“ამ ორგანიზაციების წევრობა უნდა იყოს დამსახურებული. გარესამყაროსთვის საქართველო არის უიმედოდ დანაწევრებული, შეუმდგარი დემოკრატია და ეკონომიკა და, რომ ის არ არის მზად ამისთვის.  არცერთი ნატოს წევრი ხელისუფლება არ აიძულებს თავისი ამომრჩეველს, შვილები და ქალიშვილები შესწიროს იმ  ახალი წევრი სახელმწიფოს დაცვას, რომლის დემოკრატია, სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობა და კანონის უზენაესობა კითხვის ნიშნის ქვეშაა”. - წერს ტომას  ჰენდრიკ ილვესი.

 

კომენტარები