ნიკა მელიას საქმე

პროკურატურამ მელიას დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს დღესვე მიმართა

პროკურატურამ მელიას დაკავების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. პროკურორმა, მიხეილ სადრაძემ განცხადება რამდენიმე წუთის წინ შეიტანა. 

"სასამართლო როდის ჩაინიშნება არ ვიცით, ეს სასამართლოზეა დამოკიდებული. ჩვენ შუამდგომლობა ახლა ჩავაბარეთ, აქედან გამომდინარე, დაგვიკავშირდებიან. შესაძლებელია, დღესვე ჩაინიშნოს, შესაძლებელია - ხვალ. თვითონ უნდა დაგვიკავშირდეს სასამართლო და გადაწყვიტოს მხარეებისათვის მისაღები დრო".- ამბობს პროკურორი. 

88 მომხრე, 2 წინააღმდეგი - პარლამენტმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეს, ნიკა მელიას იმუნიტეტი მოუხსნა

პარლამენტს მელიას დაპატიმრებაზე ნებართვის არგაცემისკენ მოუწოდებდნენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. TI-ის განცხადების მიხედვით, "ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას". ნინო ლომჯარიას შეფასებით კი ოპოზიციონერების მიმართ პატიმრობის გამოყენება "მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ."


საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც ის ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

  

კომენტარები