ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარე და წევრი, ნიკა მელია მის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მელიას თქმით, მის საქმეში რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, მას ხელისუფლება ისევ დაიჭერდა.
"სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც ჩემი დაჭერის დროს, ადამიანის უფლებების დარღვევის ნაწილს შეეხება: არ გადავიხადე გირაო ბრალისთვის, რომელიც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია და პოლიტიკურადაა მოტივირებული. დღემდე ევროკაშირის გირაოთი ვარ თავისუფალი, ჩემი საქმე კი დღემდე თაროზე დევს. საქმე, რომელშიც რაიმე მტკიცებულების თუნდაც ფაბრიკაცია რომ იყოს შესაძლებელი, აუცილებლად, დიდი ხანია, ისევ დამიჭერდნენ.
ჩემი პატიმრობით 2021 წელს ხელისუფლებამ თავისი ამოცანა შეასრულა, ბოიკოტი გატეხა და მოპარული არჩევნების ლეგიტიმაცია გააკეთებინა მავანს, ვინ შერბოდა პარლამენტში პირველი და ვინ მეორე, კარგად გვახსოვს. არ მივიღე ამნისტია საქმეზე, სადაც არაფერი დამიშავებია. ვატარებდი და გავატარებ ქართველი ხალხის ინტერესს, რომელმაც არ მიიღო გავრილოვი პარლამენტის სპიკერის სკამში, არ მიიღო ლავროვის ოჯახის ზეიმი, არ და ვერ მიიღებს რუსულ ხელისუფლებას და სვლას რუსეთისკენ. საქმე კი დევს თაროზე, შემდეგ "საჭიროებამდე", ასეთია ოცნების "სამართალი".
ბრძოლა დასრულდება საქართველოს გამარჯვებით და რუსული რეჟიმის დამარცხებით - გამარჯვება კი იქნება ქართული ინტერესის ასახვა და ეროვნული მთავრობის ყოლა". - წერს მელია Facebook-ის საკუთარ გვერდზე.
სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლომ ენმ-ის ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმეზე საქართველოს წინააღმდეგ დარღვევა არ დაადგინა. გადაწყვეტილება სტრასბურგის სასამართლომ დღეს გამოაქვეყნა.
საჩივარი 2019 წლის 20 ივნისს, ე.წ. გავრილოვის ღამის საქმეზე ნიკა მელიას დაკავებას ეხებოდა. მელია თვლიდა, რომ მის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ორი მუხლი დაირღვა. კერძოდ, მე-5 მუხლი – თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება და მე-18 მუხლი – უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლები.
სტრასბურგის სასამართლომ ნიკა მელიას მიმართ არცერთ ზემოხსენებულ ნაწილში დარღვევა არ დაადგინა.
2019 წლის 20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი ამავე წლის 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ამავდროულად, მას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.
2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გამართულ ერთერთ აქციაზე ნიკა მელიამ სიტყვით გამოსვლის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო, თქვა, რომ ის აღარ აპირებდა ამ "უსამართლობის სიმბოლოს" ტარებას. ამის შემდეგ გენერალურმა პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა, ოპოზიციონერმა ლიდერმა თქვა, რომ ის გირაოს გადახდას არ აპირებდა.
2021 წლის 16 თებერვალს, პროკურატურის მიმართვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა. საქალაქო სასამართლოს 17 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა, რის შემდეგაც, ენმ-ს ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ. ისინი ამბობდნენ, რომ არ გაატანდნენ ნიკა მელიას პოლიციას და მას ფიზიკურად დაიცავდნენ.
ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე 23 თებერვალს დააკავეს. მის დასაპატიმრებლად და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის ოფისში შეჭრა და მისი დარბევა დასჭირდა.
მანამდე, სამართალდამცველებმა პარტიის ოფისს, სადაც იმყოფებოდა თავმჯდომარე ნიკა მელია ოპოზიციის წევრებთან და მხარდამჭერებთან ერთად, ალყა შემოარტყეს და მათ 30 წუთი მისცეს. ნიკა მელიას ოფისში შეჭრისას, ადგილზე მყოფების ინფორმაციით, გამოიყენეს ცრემლსადენი გაზი. ასევე, იყენებდნენ წიწაკის სპრეის. ნიკა მელიას დაკავებას დასავლელი პარტნიორების კრიტიკა მოჰყვა.
პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომის შემდეგ განცხადება გამოაქვეყნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. უწყების ცნობით, პრემიერმინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო მელიას დაკავება გადადეს. გახარიას თქმით, მისი გადადგომის მიზეზი ის იყო, რომ თანაგუნდელებთან ნიკა მელიას დაკავების საკითხზე ვერ შეთანხმდა.