ნიკა მელიას საქმე

იან კელი: მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამწვავებს ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას

იან კელი
Agenda

საქართველოში აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, ნიკა მელიასთვის პატიმრობის შეფარდებას საკუთარ Twitter-ზე ეხმაურება. 

"ნიკა მელიას დაკავება კიდევ უფრო გაამწვავებს ისედაც არსებულ დაძაბულ ვითარებას და მეტად შეაყოვნებს მოლაპარაკებების პროცესს მრავალპარტიული პარლამენტის შექმნისთვის. ხელისუფლებამ უნდა განმუხტოს სიტუაცია და განაახლოს ეს მოლაპარაკებები". – წერს იან კელი. 

დღეს, 17 თებერვალს, ნაციონალური მოძრაობის ლიდერს, ნიკა მელიას პატიმრობა შეეფარდა. 

პროცესი თითქმის 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. ადვოკატებმა მოსამართლის აცილება მოითხოვეს, თუმცა ჩახნაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. 

გუშინ, 16 თებერვალს, საქართველოს პარლამენტმა ნიკა მელიას დეპუტატის იმუნიტეტი 88 ხმით 2-ის წინააღმდეგ მოუხსნა. პროკურატურამ კი სასამართლოს მელიასთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით გუშინვე მიმართა.  

ვინ დაუჭირა მხარი ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას და ვინ არა - ნახეთ აქ. 

ნიკა მელია ამბობს, რომ მას ვერ დააკავებენ და, მისივე თქმით, "მონურ მორჩილებაში მყოფმა 88 ადამიანმა გაასამართლა თავისუფლების იდეა." 

პარლამენტს მელიას დაპატიმრებაზე ნებართვის არგაცემისკენ მოუწოდებდნენ სახალხო დამცველი და საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო. TI-ის განცხადების მიხედვით, "ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარის მიმართ ამგვარი შერჩევითი დევნა დიდ ზიანს მიაყენებს ქვეყნის დემოკრატიის ხარისხს და იწვევს პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო მეტ პოლარიზებას". ნინო ლომჯარიას შეფასებით კი ოპოზიციონერების მიმართ პატიმრობის გამოყენება "მხოლოდ და მხოლოდ აზარალებს ქვეყნის დემოკრატიულ იმიჯს და ნდობას სახელმწიფოს დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ."


საქართველოს პროკურატურამ 5 თებერვალს ნიკა მელიას გირაოს, 40 000 ლარის გადასახდელად ერთკვირიანი ვადა მისცა. ვადა ამოიწურა - მელიამ გირაო არ გადაიხადა. როგორც ის ამბობს, მას ვერ დააკავებენ, " თუ მუხთარლივით ტომარას ჩამომაცვამთ, ეგ სხვა საქმეა." 

პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. 

20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.

კომენტარები