მერლინ მენსონი

მერლინ მენსონი ოპერატორ ქალზე ცხვირის შეხოცვის გამო სასამართლომ დამნაშავედ ცნო

ნიუ-ჰემპშირის სასამართლომ როკ ვარსკვლავი მერლინ მენსონი 2019 წელს მომხდარ ამბავზე დამნაშავედ ცნო. მომღერალს $1400-ის ოდენობის ჯარიმა და 20-საათიანი საზოგადოებრივი სამუშაოები მიესაჯა.

ერთ-ერთი კონცერტის მსვლელობისას მენსონმა ოპერატორ ქალს ცხვირი შეახოცა და შეაფურთხა.

სამართალდამცავებმა დაზარალებულის მიერ წარდგენილი ვიდეო და ფოტო მასალა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ "მენსონმა ქალს, განზრახ, ცხვირის ნესტოდან დიდი ოდენობით ლორწოვანი მასა შეასხა, შემდეგ კი შეაფურთხა". 

დაზარალებულმა ფოტოგრაფმა სიუზენ ფონტეინტმა სასამართლოში განაცხადა, რომ "ასე შეურაცხყოფილად თავი ცხოვრებაში არ უგრძვნია". 

სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენის გარდა, მენსონს მომავალში ნიუ-ჰემპშირში კონცერტის ჩასატარებლად ადგილობრივი ხელისუფლებისგან ნებართვის აღება მოუწევს.


ბოლო პერიოდში მერლინ მენსონს არაერთხელ მოუწია სასამართლოში გამოცხადება. 

2021 წელს ცნობილი როკ მუსიკოსი ათობით ადამიანმა ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში, გაუპატიურებაში, თავდასხმაში, ასევე იარაღით მუქარაში დაადანაშაულა.

ვუდის შემდეგ მომღერალი სოციალურ ქსელში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. მოგვიანებით მენსონი სხვადასხვა ტიპის ძალადობაში თითქმის ოცმა ადამიანმა დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ პორნომსახიობი ჯენა ჯეიმსონი, GOT-ის მსახიობი ესმე ბიანკო, მომღერალი ელი როუსელი, გიტარისტი უეს ბორლანდი. სტილისტ ლავ ბეილის თქმით, 2011 წელს, მუსიკოსმა იარაღი შუბლზე მიადო და ჰომოფობიური მოტივით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებებიდან მალევე მენსონი ორი კინოპროექტიდან მოხსნეს. მოგვიანებით მასთან კონტრაქტი ჰოლივუდის სააგენტომ და ხმის ჩამწერმა სტუდიამ გაწყვიტა.

თავად მენსონი ვუდის ბრალდებას მეორე დღეს გამოეხმაურა და "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა

ლოს-ანჯელესის პოლიციამ მერლინ მენსონის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად 22 თებერვალს დაიწყო

მენსონის წინააღმდეგ წამოწყებული ერთ-ერთი სასამართლო პროცესი 2021 წლის 21 სექტემბერს, ხანდაზმულობის გამო შეჩერდა.

2022 წლის დასაწყისში ფედერალურმა სასამართლომ მერლინ მენსონის წინააღმდეგ აღძრული სექსუალური ძალადობის საქმე წარმოებაში არ მიიღო. მუსიკოსის ადვოკატების თქმით საქმე სასამართლოდან მომჩივანმა მხარემ გაიტანა.

მიმდინარე წლის 26 იანვარს მენსონმა ესმა ბიანკოსთან სექსუალური ძალადობის საქმეზე შეთანხმებას მიაღწია.

2023 წლის 11 მაისს მენსონმა ვუდის წინააღმდეგ საპასუხო საჩივარი შეიტანა.

კომენტარები