მერლინ მენსონი

ძალადობაში დადანაშაულებული მერლინ მენსონის სცენები AMERICAN GODS-დან ამოჭრეს

Deadline

"ამერიკელი ღმერთების" შემქმნელებმა სერიალიდან მერლინ მენსონის პერსონაჟის ამოჭრა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც მომღერალი სექსუალურ ძალადობაში Westworld-ის მსახიობმა, ევან რეიჩელ ვუდმა დაადანაშაულა. 

"მერლინ მენსონის წინააღმდეგ წარდგენილი ბრალდებების შემდეგ დარჩენილი ეპიზოდიდან მისი პერსონაჟის ამოღების გადაწყვეტილება მივიღეთ. სერია სეზონის ბოლოს უნდა გამოსულიყო. Starz ძალადობის ყველა მსხვერპლს მხარს უჭერს". – წერია სერიალზე მომუშავე საკაბელო არხის, Starz-ის განცხადებაში.

მენსონი ახალი სეზონის პირველ და მეოთხე ეპიზოდებში უკვე გამოჩნდა. მან დესმეტალ ბენდის, Blood Death-ის ფრონტმენი ჯონ ვენგრენი განასახიერა. მისი პერსონაჟი ასევე დასკვნით სერიაში უნდა გამოჩენილიყო, რომელიც 14 თებერვალს გამოვიდოდა.

მომღერალს სერიალ Creepshow-ს მეორე სეზონში უნდა ეთამაშა. შოუს შემქმნელებმა მისი მონაწილეობით ეპიზოდები პროგრამიდან ამოიღეს.

გარდა ამისა, მენსონთან თანამშრომლობა შეწყვიტა ჰოლივუდის მსხვილმა სააგენტო CAA-მ და მუსიკალურმა ლეიბლმა Loma Vista Recordings-მა, რომელმაც მუსიკოსის უკანასკნელი სამი ალბომი გამოსცა.

 

ევან რეიჩელ ვუდის განცხადების შემდეგ მენსონი სექსუალურ ძალადობაში კიდევ სამმა ქალმა დაადანაშაულა.

წყარო: Deadline

კომენტარები