ნიუ-ჰემპშირის პოლიციამ როკ მუსიკოსის, მერლინ მენსონის, დაკავების ორდერი გასცა.
მომღერალს ორ თავდასხმაში სდებენ ბრალს, რომელიც 2019 წელს გილფორდის ფესტივალზე მოხდა.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, როკ მუსიკოსს ერთწლიანი პატიმრობა ან ფულადი ჯარიმა ემუქრება.
პოლიციის წარმომადგენლების განცხადებით, დაკავების ორდერი არ უკავშირდება სექსუალური ძალადობის ბრალდებებს, რომლებმაც მუსიკოსის მისამართით ბოლო თვეებში გაჟღერდა.
ამ ეტაპზე, მენსონსა და მის ადვოკატებს დაწყებულ საქმეზე კომენტარი არ გაუკეთებიათ.
ახლო წარსულში ცნობილი როკ მუსიკოს ათობით ადამიანმა ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში, ასევე იარაღის მუქარაში დაადანაშაულა. წლის დასაწყისში, პირველი ბრალმდებელი მომღერლის ყოფილი მეგობარი ქალი, Westworld-ის მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი გახდა.
ვუდის შემდეგ მომღერალი სოციალურ ქსელში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. მოგვიანებით მენსონი სხვადასხვა ტიპის ძალადობაში თითქმის ოცმა ადამიანმა დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ პორნომსახიობი ჯენა ჯეიმსონი, GOT-ის მსახიობი ესმე ბიანკო, მომღერალი ელი როუსელი, გიტარისტი უეს ბორლანდი. სტილისტ ლავ ბეილის თქმით, 2011 წელს, მუსიკოსმა იარაღი შუბლზე მიადო და ჰომოფობიური მოტივით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ბრალდებებიდან მალევე მენსონი ორი კინოპროექტიდან მოხსნეს. მოგვიანებით მასთან კონტრაქტი ჰოლივუდის სააგენტომ და ხმის ჩამწერმა სტუდიამ გაწყვიტა.
თავად მენსონი ვუდის ბრალდებას მეორე დღეს გამოეხმაურა და "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა.