მერლინ მენსონი

მერლინ მენსონმა GOT-ის მსახიობთან სექსუალური ძალადობის საქმეზე შეთანხმებას მიაღწია

Sky News

როკ მომღერალმა მერლინ მენსონმა ყოფილ მეგობარ ქალთან, მსახიობ ესმე ბიანკოსთან სექსუალური ძალადობის საქმეზე შეთანხმებას მიაღწია. 

შეთანხმების დეტალები საიდუმლოდ რჩება. მსახიობმა სარჩელი სასამართლოდან გაიტანა. მენსონსა და ბიანკოს ურთიერთობა 2011 წელს ჰქონდათ. 2021 წლის აპრილში ქალმა სასამართლოში საჩივარი შეიტანა. 

"ყოველგვარი შეთანხმების გარეშე სექსის დროს ჩემზე ძალადობდა. თავს პატიმრად ვგრძნობდი, თითოეული ნაბიჯი მასთან უნდა შემეთანხმებინა, სხვებთან ლაპარაკს მიშლიდა. ოჯახის წევრებს კარადაში დამალული ვურეკავდი. ერთხელ ნაჯახი მოიმარჯვა და გამომეკიდა". – განაცხადა 2021 წელს ბიანკომ.

ბიანკო ინგლისელი მსახიობი, მოცეკვავე და დიჯეია, რომელსაც პოპულარობა სამეფო კარის თამაშებში შესრულებულმა მეძავი როსის როლმა მოუტანა.


2021 წელს ცნობილი როკ მუსიკოსი ათობით ადამიანმა ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში, გაუპატიურებაში, თავდასხმაში, ასევე იარაღით მუქარაში დაადანაშაულა. წლის დასაწყისში, პირველი ბრალმდებელი მომღერლის ყოფილი მეგობარი ქალი, Westworld-ის მსახიობი ევან რეიჩელ ვუდი გახდა.

ვუდის შემდეგ მომღერალი სოციალურ ქსელში კიდევ სამმა ქალმა ამხილა. მოგვიანებით მენსონი სხვადასხვა ტიპის ძალადობაში თითქმის ოცმა ადამიანმა დაადანაშაულა. მათ შორის იყვნენ პორნომსახიობი ჯენა ჯეიმსონი, GOT-ის მსახიობი ესმე ბიანკო, მომღერალი ელი როუსელი, გიტარისტი უეს ბორლანდი. სტილისტ ლავ ბეილის თქმით, 2011 წელს, მუსიკოსმა იარაღი შუბლზე მიადო და ჰომოფობიური მოტივით სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

ბრალდებებიდან მალევე მენსონი ორი კინოპროექტიდან მოხსნეს. მოგვიანებით მასთან კონტრაქტი ჰოლივუდის სააგენტომ და ხმის ჩამწერმა სტუდიამ გაწყვიტა.

თავად მენსონი ვუდის ბრალდებას მეორე დღეს გამოეხმაურა და "რეალობის საშინელი დამახინჯება" უწოდა

ლოს-ანჯელესის პოლიციამ მერლინ მენსონის წინააღმდეგ გამოძიება ოფიციალურად 22 თებერვალს დაიწყო

მენსონის წინააღმდეგ წამოწყებული ერთ-ერთი სასამართლო პროცესი 2021 წლის 21 სექტემბერს, ხანდაზმულობის გამო შეჩერდა.

2022 წლის დასაწყისში ფედერალურმა სასამართლომ მერლინ მენსონის წინააღმდეგ აღძრული სექსუალური ძალადობის საქმე წარმოებაში არ მიიღო. მუსიკოსის ადვოკატების თქმით საქმე სასამართლოდან მომჩივანმა მხარემ გაიტანა.

კომენტარები