რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

დანია 15 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს

Fedor Selivanov / Alamy Stock Photo

დანია 15 რუს დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს. ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება უკრაინის ქალაქ ბუჩაში მშვიდობიანი მოქალაქეების მასობრივი მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მიიღო. 

"ეს არის სისასტიკის, ბოროტებისა და ომის დანაშაულის კიდევ ერთი მაგალითი, რომელიც ბუჩაში მოხდა". – თქვა დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დანიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, მას არ სურს რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტა, ქვეყნის ელჩი და საელჩოს სხვა წევრები გაძევებულთა შორის არ არიან. დანიის უსაფრთხოებისა და დაზვერვის სამსახურმა წლის დასაწყისში გაავრცელა ინფორმაცია, რომ რუსეთის საელჩოში ჯაშუშობაში ჩართული დაზვერვის რამდენიმე ოფიცერი მუშაობდა.

რუს დიპლომატებს ევროკავშირის არაერთი ქვეყანა, მათ შორის, გერმანია და საფრანგეთიც აძევებს.

კიევის ოლქში ირპენზებუჩაზე და გოსტომელზე უკრაინულმა ძალებმა კონტროლი ეტაპობრივად დაიბრუნეს. ოკუპანტებისგან გათავისუფლებულ ბუჩაში 300-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლული იპოვეს. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ბრალდებებს უარყოფს და ამ ყველაფერს უკრაინის "უკანასკნელ პროვოკაციას" უწოდებს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციას უწესებენ.

კომენტარები