რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

უკრაინელებმა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანეს იერიში

უკრაინის უპილოტო სისტომების ძალების მეთაურის, რობერტ "მადიარ" ბროვდის თქმით, 13 ივლისის ღამით რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის კიდევ 15 ხომალდზე მიიტანეს იერიში. მისივე ინფორმაციით, რვა დღეში ჯამში 105 გემზე მიიტანეს იერიში.

ხომალდები უკრაინელებმა შავი და აზოვის ზღვის წყლებში დააზიანეს.

"13 ივლისის ღამეს უპილოტო სისტემების ძალების თავისუფლების მოყვარულმა უკრაინელმა ჩიტებმა მოინადირეს რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის 15 ხომალდი: 7 ტანკერი, 5 მშრალი ტვირთმზიდი, 1 ბორანი და 2 საბუქსირე გემი... მთლიანობაში, 6-13 ივლისის შუალედში იერიში მიტანილია 105 გემზე" - წერს ბროვდი.

ბროვდის ცნობით, ოპერაციის ფარგლებში ოკუპირებული ყირიმის სატვირთო ინფრასტრუქტურაზე ყოველ ღამე მიაქვთ იერიშები, რის შედეგადაც ქერჩის სრუტის გავლით ტვირთების გადაზიდვა შეწყდა და ტვირთების ჩამოზიდვა მინიმუმამდე დავიდა.

უპილოტო სისტემების ძალების სარდალმა ასევე ისაუბრა 12-13 ივლისის ღამით ჩატარებული ოპერაციის ყირიმის ჩამრთველი OFF შედეგებზე. მისი თქმით, ყირიმსა და სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე სხვადასხვა სიმძლავრის ცხრა ელექტროენერგეტიკული კვანძი-ქვესადგური, ასევე ყუბანი–ყირიმის ენერგოხიდის ელექტროენერგიის გადაცემის სტრატეგიული კვანძი განადგურდა. აღნიშნული ობიექტი 48 საათის განმავლობაში უკვე მეორედ გახდა შეტევის სამიზნე.

მისივე ინფორმაციით, უპილოტო სისტემების ძალებმა ასევე გაანადგურეს С-400 ტრიუმფის ერთი გამშვები დანადგარი, ტორის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსი და ორი რადიოლოკაციური კომპლექსი.

მადიარმა აქვე დაამატა, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში მისმა ძალებმა ფრონტის ტაქტიკურ სიღრმეში 1 725 სამიზნე დაამუშავეს, რომელთაგან 418 რუსი სამხედროა.

ბოლო დღეებში, ოკუპირებულ ყირიმსა და რუსეთში შექმნილი საწვავის კრიზისის ფონზე, უკრაინულ დრონებს რუსული ნავთობსაცავების გარდა იერიშები აქტიურად მიაქვთ რუსეთის ე.წ. ჩრდილოვანი ფლოტის ხომალდებზეც.

კომენტარები