რუსეთ-უკრაინის 2022-26 წლის ომი

რუსული პავილიონის აღდგენის გამო ევროკომისიამ ბიენალეს €2-მილიონიანი გრანტი გაუუქმა

რუსეთის პავილიონი 2026 წლის ვენეციის ბიენალეზე  
   

ვენეციის ბიენალეს მიერ რუსული პავილიონის აღდგენის გადაწყვეტილების შემდეგ, ევროკომისია ადასტურებს, რომ 2025-2028 წლებისთვის ევროკავშირი საერთაშორისო ფესტივალისთვის გაცემულ €2-მილიონიან გრანტს გააუქმებს. ამის შესახებ ინფორმაცია ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცეპრეზიდენტმა, ჰენა ვირკუნენმა X-ზე გაავრცელა

"კომისიამ ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელ სააგენტოზე ოფიციალური რეკომენდაცია გასცა, რათა ვენეციის ბიენალესთვის €2 მილიონის გრანტი გაუქმდეს. ევროპაში კულტურამ, რომელიც გადასახადების გადამხდელთა ფულით ფინანსდება, დემოკრატიული ღირებულებები უნდა დაიცვას და წაახალისოს. დღეს რუსეთი ამ ღირებულებებს პატივს არ სცემს." – წერს ვირკუნენი. 

მისი ცნობით, ევროკომისიის მხრიდან ამ ნაბიჯის გადადგმა ბიენალესგან რუსული პავილიონის ხელახლა გახსნასთან დაკავშირებით მიღებული პასუხების სიღრმისეული განხილვის შემდეგ მოხდა.

ცნობისთვის, ევროკომისიამ გამოფენისთვის გრანტის გაუქმების პროცედურა აპრილში დაიწყო, როცა საერთაშორისო გამოფენის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ წელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ფესტივალზე რუსული პავილიონი ხელახლა გაიხსნებოდა. 

თავის მხრივ, ბიენალემ მიღებული გადაწყვეტილება დაიცვა და განაცხადა, რომ გამოფენა კვლავ დიალოგის სივრცედ რჩება, სადაც ხელოვნება პოლიტიკისგან განცალკევებულია.

გამოფენის ორგანიზატორების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი 21 აპრილს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ "როდესაც რუსეთი ბომბავს მუზეუმებს, ანადგურებს ეკლესიებს და ცდილობს წაშალოს უკრაინული კულტურა, მას არ უნდა მიეცეს საკუთარი კულტურის გამოფენის უფლება".

ამის შემდეგ, გრანტის გაუქმების პროცედურის ფარგლებში, ევროკომისიამ ბიენალეს ფონდს 30 დღე მისცა გადაწყვეტილების შესაცვლელად ან არგუმენტების წარსადგენად. 

კომენტარები