რუსეთ-უკრაინის 2022-24 წლის ომი

ზელენსკის ოფისი: უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მდგომარეობა კონტროლირებადია

მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის მიხაილ პოდოლიაკის თქმით, უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მდგომარეობა კონტროლირებადია. მისივე ცნობით, 26 თებერვლის დილის მონაცემებით რუსეთმა 3 500-ზე მეტი სამხედრო დაკარგა, თითქმის 200 ტყვედ ჩავარდა.

პოდოლიაკის თქმით, მდგომარეობა კონტროლქვეშაა კიევშიც. ქალაქში საბოტაჟისთვის და დაზვერვისთვის ცალკეული ჯგუფები არიან შემოსული, მაგრამ მათ წინააღმდეგ პოლიცია და უკრაინული ძალები აქტიურად მუშაობენ.

"დღევანდელი ღამე განსაზღვრავს მოლაპარაკებების პროცესს და ამ პროცესში პირობები უკრაინის ნაკარნახევი იქნება" - თქვა პოდოლიაკმა დილის ბრიფინგზე.

მანამდე პრეზიდენტის მრჩეველმა სერგეი ნიკიფოროვმა თქვა, რომ უკრაინის ხელმძღვანელობა დათანხმდა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის წინადადებას მოლაპარაკებების გამართვის შესახებ. პოდოლიაკმა უკრაინულ გამოცემასთან საუბრისას თქვა, მოლაპარაკებების დროს, შეიძლება, უკრაინის ნეიტრალიტეტის საკითხი განიხილოს.

რუსეთმა უკრაინაზე სრულმასშტაბიანი თავდასხმა 24 თებერვალს გამთენიისას, ერთდროულად რამდენიმე დიდი ქალაქის, მათ შორის, კიევის დაბომბვით დაიწყო. ქალაქების დაბომბვამდე სულ რაღაც 20 წუთით ადრე რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინას ომი ვიდეომიმართვით ოფიციალურად გამოუცხადა

პუტინის მიერ უკრაინისთვის ომის გამოცხადებას წინ უძღოდა დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მარიონეტული რეჟიმების ფორმალური თხოვნა კრემლისადმი, დახმარებოდნენ "უკრაინული აგრესიის" მოგერიებაში.

ომის გამოცხადებამდე უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ პუტინთან დაკავშირება სცადა, თუმცა, მისივე ცნობით, პასუხად მხოლოდ სიჩუმე მიიღო. 

რუსეთის სამხედრო ძალები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებით უტევენ. პარალელურად, მსოფლიოს ქვეყნები რუსეთს სხვადასხვა სახის სანქციებს უწესებენ.

კომენტარები